„ჩვენი თითოეული დიპლომატიური წარმომადგენლობა, თითოეული კონსული, რომელიც მუშაობს საზღვარგარეთ ვალდებულია დაიცვას და იცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, მხოლოდ თქვენი ტელევიზია და თქვენი თანამოაზრეები საუბრობენ რომ ქართველები არიან გატაცებულები მექსიკაში. არავინ არაა გატაცებული„ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრმა მოუწოდა ოპოზიციურ ტელეკომპანიებს, ვინც ამ დღეების განმავლობაში ავრცელებდა არასწორ ინფორმაციას მოქალაქეთა გატაცების შესახებ, არ შეიყვანონ საქართველოს მოქალაქეები შეცდომაში და არ გაავრცელონ დაუზუსტებელი ინფორმაცია.
„თქვენ გარდა არავინ საუბრობს ქართველების გატაცებაზე. ნუ შეგყავთ ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში, როდესაც არასწორ და უსაფუძვლო ინფორმაციას გაავრცელებთ, გეყოთ იმის ძალა, რომ თქვათ, რომ ეს იყო გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მოგიწოდებთ, რომ სიცრუის ტირაჟირებისგან თავი შეიკავოთ, ნუ ატყუებთ საქართველოს მოქალაქეებს, როცა არ გაქვთ ინფორმაცია, ნუ აყენებთ ისეთ სიტუაციაში ადამიანებს, რამაც შესაძლოა გაურკვეველი პროცესები გამოიწვიოს – აღნიშნა მინისტრმა.
„თუ რომელიმე ადამიანს, ეს იქნება მექსიკა, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, დაჭირდება ჩვენი, თითოეული დიპლომატის დახმარება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ, მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ეს ინფორმაცია იყო დაუზუსტებელი.
ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა მათთან ვმუშაობთ, თუკი მათ აქვთ საჭიროება, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას.“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს