მჯერა, რომ ამას ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს და ამ ბინძური თამაშის წამოწყება სანანებელი გაუხდებათ მის ავტორებს”- ასე ეხმიანება ლგბტ აქტივისტი ანა სუბელიანი მმართველი პარტიის ინიციატივას ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით.
“ქოცების” ჰომოფობიური ისტერია, რომელიც არც დღეს დაწყებულა და არც გუშინ, ერთადერთ რამეს ისახავს მიზნად. ოცნებას სხვა ხელჩასაჭიდი არ გააჩნია წინასაარჩევნოდ ქულების დასაწერად, გარდა სიძულვილის წარმოებისა. არ გაგვკვირვებია მდინარაძის ინიციატივა. ველოდით. ყველაფერი უკვე კარგად გამოცდილი, გატესტილი, ავტორიტარიზმისკენ სწრაფად მიმავალი ბილიკის კვალდაკვალ ვითარდება – თანაც იმაზე სწრაფი ტემპითაც, ვიდრე რომელიმე სხვა მსგავსად წყალწაღებულ ხელისუფლებას გაუკეთებია.
რუსული ჰომოფობიური პოლიტიკის წარმოება ნამდვილად არის ჩვენი ხელისუფლების ყველაზე ხელსაყრელი ინსტრუმენტი, რომლითაც ყველას ერთიანად უტევს, ვინც მათ ძალაუფლებას საფრთხეს უქმნის – იქნება ეს ოპოზიცია, პრეზიდენტი, საერთაშორისო ორგანიზაციები, მედია თუ მთლიანი სამოქალაქო საზოგადოება. და კი, ამ პროცესში ყველა დაზარალდება, თუ ერთიანად არ დავუპირისპირდებით მომდინარე საფრთხეებს.
მიუხედავად ამისა, ისიც რეალობაა, რომ ყველაზე დიდი ზიანი ამ პროცესში ადგებათ ისედაც ყველაზე დაჩაგრულ, ფაქტობრივად უფლებაჩამორთმეულ ადამიანებს.
მხოლოდ ამ კვირების განმავლობაში, მუდმივ ტერორში გვიწევს ყოფნა მე და ჩემს კოლეგებს, მაგრამ ამას არაუშავს. უარესები გადაგვიტანია და ამასაც გავუძლებთ. მეტიც, მჯერა, რომ ძალიან ძალიან მაგრად გავუმკლავდებით. თუმცა ძალიან ბევრი ქვიარისთვის, რომელსაც არ აქვს კავშირი თემთან, სათემო ორგანიზაციებთან, უსაფრთხო სივრცეებთან, კატასტროფულად დიდი ზიანის მომტანია ამ რეალობაში ყოფნა. ადამიანები გარბიან საკუთარი ქვეყნიდან, რადგან ხელისუფლება უზარმაზარი რესურსითა და ბინძური მეთოდებით დევნის მათ.
ძალიან მალე მიხვდება ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე, რომ საბჭოთა ცენზურის ამოქმედებითა და ადამიანების თვითგამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვით საბოლოოდ დაზარალდება მთელი ჩვენი საზოგადოება, დემოკრატიული სახელმწიფოს იდეა და დასავლური მომავალი. მჯერა, რომ ამას ჩვენი საზოგადოება არ დაუშვებს და ამ ბინძური თამაშის წამოწყება სანანებელი გაუხდებათ მის ავტორებს. თუ არადა, მოამზადეთ ჰეტეროსექსუალობის დამადასტურებელი მოწმობები. ვაი და, დაგჭირდეთ”- წერს ანა სუბელიანი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს