ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერ მეთიუ მილერის განცხადებით, ისინი წარმოუდგენლად შეშფოთებულები რჩებიან არამხოლოდ კანონპროექტის გამო, რომელიც გამჭვირვალობას ეხება, არამედ “ქართული ოცნების” ანტი-დასავლური რიტორიკის გამოც.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“წარმოუდგენლად შეშფოთებულები ვრჩებით, არა მხოლოდ კანონპროექტის, არამედ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის მხრიდან მომავალი ანტიდასავლური რიტორიკის გამო.
ვფიქრობთ, რომ ეს საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე აყენებს, ვფიქრობთ, რომ ის საფრთხეს უქმნის მათ ევროატლანტიკურ გზას და, ძალიან აშკარად, საფრთხეს უქმნის ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს” – თქვა მილერმა.
მას ასევე ჰკითხეს “ქართული ოცნების” მიერ გაცხადებულ ახალ ინიციატივაზეც, რომელიც სპეციალური ბაზების შექმნას გულისხმობს, სადაც განთავსდება იმ ადამიანების მონაცემები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს ჩაიდენენ.
მეთიუ მილერის თქმით, ამ საკითხზე მათ ჯერ შეფასება არ აქვთ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს