ბოლო ამბები
მაისი 21, 2024

კუკუდამალობანას დრო უნდა დამთავრდეს – რუსუდან შარაძე

მაი14,2024
გაზიარება

გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საპროტესტო აქციებზე საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

“კუკუდამალობანას დრო უნდა დამთავრდეს (პირველ რიგში, საკუთარ თავს ვეუბნები)! ის კი არა, დაგვიანებულიც არის, რადგან სწორედ, ასეთმა საქციელმა გამოიწვია ენითაუწერელი სითავხედე (რბილად ვამბობ) ადამიანებისა, რომ კაცისმკვლელების გვერდზე დგანან და აქეთ გამუნათებენ, გატერორებენ და თეთრზე გეუბნებიან, რომ შავიაო. ერთხელაც, ვიღაცამ ამათ ერთი მაგრად უნდა შემოსცხოს. თუ არ უშველით, იმას მაინც გაიგებენ, რომ მარტო თვითონ არ იციან და სხვაც ხვდება მათ ვირეშმაკობას. დაე, ეს ვიღაცა მე ვიყო, თუნდაც, სულ არ მხიბლავდეს მისია და წერისას, მეც ვკვდებოდე.

კუკუდამალობანას ვთამაშობ 2007 წლიდან. მაშინ, გულის ფხრეწა-გლეჯას რომ თავი დავანებო, განმაცვიფრეს ადამიანებმა, შოკში ვიყავი. არ მოვყვები, რა და როგორ. თუ გავუძლებდი, არ მეგონა, მაგრამ უხმოდ გადავიტანე. ირგვლივ, ერთიც ვერ იტყვის, რომ როდესმე ზედმეტი ვაკადრე, ან რამე დავუშალე. ბუნებრივად გამომდიოდა, რადგან ბოღმა არ მედო გულში, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა მომენტები, ტკივილისგან ვკვდებოდი. უძვირფასეს ურთიერთობებს ვუფრთხილდებოდი, თავს სხვების ადგილზე ვაყენებდი და ვცდილობდი, გამემართლებინა.

ვხვდებოდი, არ უნდა გამკვირვებოდა, ვინმეს თუ არ სჯეროდა, რომ მამაჩემი სააკაშვილმა მოკლა. თავს ვინც იტყუებდა, კი მწყინდა, მაგრამ მაინც თვალს ვხუჭავდი, – რა ქნან, ჩემი გულისთვის მშივრები ხომ არ მოკვდებიან-მეთქი. საბედნიეროდ, ამ თემებზე არც მქონია არავისთან კამათი, მაგრამ კანით ვგრძნობდი ყველას აზრს, ან გრძნობა რად მინდოდა, ვერ ვხედავდი, ვინ მედგა გვერდით?

2012 წელს გავიმარჯვეთ. გამარჯვების შეგრძნება იმხელა აღმოჩნდა, რომ წარსულში დავტოვე ყველა წყენა, ყველა სიმწარე, გულმა თავისით აპატია ყველას ყველაფერი. სხვების სიმცირეზე ამაღლება თავად ჩემთვის იმხელა ექსტაზი აღმოჩნდა, რომ ეგოისტურად, მიხაროდა, რომ ეს თავისთავად გამომდიოდა. გამარჯვების აღტკინება 2018 წლამდე გამყვა, სანამ სოსო გოგაშვილის „წყალობით“, სისტემას შუბლით არ შევასკდი და შიგნით არ ჩავიხედე. თუმცა, ჩემი მაშინდელი ბრძოლა (კახა მიქაიასთან, ნანა ფაჟავასთან და ნინო მიქიაშვილთან ერთად), იმ ეტაპზე, მაინც გამარჯვებით დამთავრდა – მთელი საქართველო, ფაქტებით და მტკიცებულებებით, დარწმუნდა, რომ გურამ შარაძე სააკაშვილის ბრძანებით მოკლეს!

ამის შემდეგ, მეც იმ არმიას შევუერთდი, რომელსაც „ოცნებამ“ იმედი გაუცრუა და კარგი ალტერნატივის შემთხვევაში, იმ დღესვე მოვაწერდი ხელს ხელისუფლების ცვლილებას.

დღეს ომია! შურისმაძიებელმა, სისხლმოწყურებულმა, დაბოღმილმა, ან კეთილდღეობის მოლოდინში დუჟმორეულმა ბებრებმა გააგიჟეს და წინ აიფარეს გაუსვრელი ბავშვები და ერთი სული აქვთ, სანამ მათი სისხლი დაიღვრება, რომ მერე დაესიონ და მთელი საქართველოს სისხლი ხვრიპონ! დღეს საქართველოს და ქართველი ხალხის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება!

დღეს ყველამ იცის, ვინ მომიკლა მამა! მაინც იქ ხარ? მაინც მკვლელებთან ხარ? სისხლის ტბები გინდა? ჩემი ამოწყვეტა გინდა? სულერთია ვინ ხარ, “წატიშენი” სისხლმოწყურებული მანიაკი….! იყავით თქვენთვის, მე თავი დამანებეთ! კუკუდამალობანა აღარ მინდა!”- წერს რუსუდან შარაძე.

სხვა ამბების წაკითხვა