ბოლო ამბები
11/10/2024

ირაკლი კობახიძემ, სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოღალატედ გამოაცხადა (ვიდეო)

გაზიარება

საქართველოს პრემიერმა, 26 მაისის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოღალატედ გამოაცხადა.

“ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს. სწორედ ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, გასული 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა.

საქართველოს უახლესმა ისტორიამ და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვანახა, რომ სუვერენიტეტი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე ეფექტიანი გარანტიაა. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს ეროვნული იდენტობის სამ საყრდენს – მამულს, ენას და სარწმუნოებას. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავამარცხოთ სიძულვილი, რადგან მტრობით დანგრეულის შენება მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი.

3 ათასწლეულის განმავლობაში, იმპერიათა დაპირისპირების ეპიცენტრში მდებარე ჩვენი პატარა ქვეყანა ქართველებმა სწორედ სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულით გადავარჩინეთ. დიდი იმპერიები ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, რადგან მათი მამოძრავებელი ერთადერთი ძალა ანგარება და სიძულვილი იყო. ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ქვეყანას კი, რომელიც მამულს, ენას და სარწმუნოებას იცავდა და ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის სიყვარულს არ ივიწყებდა, საუკუნეების მანძილზე ღმერთი იფარავდა.

ღმერთის მფარველობით და თითოეული ჩვენგანის შრომითა და ბრძოლით, ჩვენ აუცილებლად ავიხდენთ ქართულ ოცნებას და შევქმნით ერთიან და ძლიერ საქართველოს, რომელიც სუვერენიტეტით, ღირსებით და ფასეულობებით დაიკავებს კუთვნილ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში.

გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! ღმერთი იყო ჩვენი ქვეყნის მფარველი!,“– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

სხვა ამბების წაკითხვა