ბოლო ამბები
12/10/2024

მაკრონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა მას შემდეგ, რაც ევროპულ არჩევნებში ულტრამემარჯვენეებთან დამარცხდა

გაზიარება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაითხოვა ქვეყნის პარლამენტი, ეროვნული ასამბლეა და დანიშნა ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ, რაც ეგზიტპოლმა აჩვენა, რომ მისი  პარტია ულტრამემარჯვენე ოპოზიციის მიერ არჩევნებში დამარცხდება.

თავდაპირველი პროგნოზების შემდეგ, ულტრამემარჯვენე  (RN) პარტია ხმების 31,5%-ით პირველ ადგილზე გავიდა, რაც ორჯერ მეტია მაკრონის პარტიის წილზე, რომელიც მეორე ადგილზე გადავიდა ხმების 15,2%-ით,  მესამე ადგილზე კი სოციალისტები არიან ხმების 14,3%-ით.

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ საზეიმო გამოსვლაში, RN-ის ლიდერმა ჯორდან ბარდელამ მოუწოდა მაკრონს დაითხოვოს საფრანგეთის პარლამენტი.

რამდენიმე საათის წინ, მაკრონმა ვიდეომიმართვაში მიმართვაში თქვა, რომ დაითხოვს საფრანგეთის ქვედა პალატას და ჩაატარებს საპარლამენტო არჩევნებს. მაკრონის თქმით, პირველი ტური 30 ივნისს გაიმართება, მეორე ტური კი 7 ივლისს.

„მე გადავწყვიტე კენჭისყრით დაგიბრუნოთ თქვენი საპარლამენტო მომავლის არჩევანი. ამიტომ დღეს საღამოს ვხსნი ეროვნულ ასამბლეას“, – თქვა მაკრონმა.

„ეს გადაწყვეტილება არის სერიოზული, მძიმე. მაგრამ ეს, უპირველეს ყოვლისა, ნდობის აქტია. – დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთის სისტემის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები იმართება ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის 577 წევრის ასარჩევად. ქვეყნის პრეზიდენტის ასარჩევად ცალკე არჩევნები ტარდება, რომელიც 2027 წლამდე არ არის დანიშნული.


მომზადებულია CNN-ზე დაყრდნობით.

სხვა ამბების წაკითხვა