ბოლო ამბები
10/12/2024

შეერთებული შტატები აჩერებს საქართველოს მთავრობის დახმარებას

გაზიარება

“23 მაისს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, გამოვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. ამ განხილვის შედეგად, შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომელსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა საქართველოს მთავრობისთვის.”- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომლის ტექსტსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს:

განცხადებაში ხაზგასმით არის მინიშნებული, რომ ამერიკის მმართველები მხარს არ უჭერენ მოქმედ ხელისუფლებას და სწორედ იმ დახმარებას აჩერებენ, რაც მიმართულია საქართველოს მთავრობისადმი, ხოლო აგრძელებენ იმ დახმარებას, რაც მიმართული იქნება ხალხის საჭიროებებისთვის.

“საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და ცრუ განცხადებები შეუთავსებელია ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქმედებების გამო ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობის დახმარებას, შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.

ჩვენ ორ ქვეყანასა და მოქალაქეებს შორის 32 წელზე მეტი ხნის მეგობრობისა და პარტნიორობის განმავლობაში შეერთებული შტატების ხალხმა გაიღო 6,2 მილიარდ დოლარზე მეტის დახმარება, რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში. ჩვენმა მხარდაჭერამ წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და წვრთნაში, სკოლებისა და საავადმყოფოების აშენებაში, მასწავლებლების, საჯარო მოსამსახურეებისა და სამედიცინო პროფესიონალების გადამზადებაში. ჩვენ დავრჩებით ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული.”– ნათქვამია განცხადებაში.

სხვა ამბების წაკითხვა