ბოლო ამბები
12/12/2024

მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ვამცნო საზოგადოებას, რომ არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვასა და მისი საქმიანობის შეფერხებაზე არ არის

გაზიარება

მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და ვამცნო საზოგადოებას, რომ არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვასა და მისი საქმიანობის შეფერხებაზე არ არის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია.

„საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ თავისუფალი და ხშირ შემთხვევაში მანკიერი ინტერპრეტაციებით ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმიანობის თითქოსდა შეჩერების, დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე არ არის. ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას. მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ ახლა მაინც შეეცადონ და მეტ-ნაკლებად ნიველირება მოახდინონ იმ ადამიანებმა, ვინც საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ იმ გარემოებების გამოყენებას, რომელიც საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან გახლავთ დაკავშირებული. მინდა, ყველამ კარგად იცოდეს, რომ საუბარი არის რეალურად რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ გახლავთ არცერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება.

სახელმწიფო და ჩვენი სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ უახლოეს დღეებში გადაიხედოს მიმდინარე პროექტები. შესაბამისად, შეფასდეს მიმდინარეობა და ამის მიხედვით ყველა ის პროგრამა და პროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ჩვეულად და მას რაიმე შეფერხება არ ჰქონდეს. მინდა, ვთქვა, რომ მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ეს გახლავთ არა მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისთვის და საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი, არამედ ეს არის გლობალურად ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი ინიციატივები, რომლის განხორციელებაც დაგეგმილად ყველასთვის თანაბრად საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ურთიერთობა ძალიან სწრაფად დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს და ამ თვალსაზრისით მიზეზი ამ სახის ამ თემასთან დაკავშირებული სიმულაციებისთვის ყველა ამის მსურველ ადამიანს, რეალურად, მოესპობა.

მტკნარი სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს 95-მილიონიანი დაფინანსება შეუწყდა, საუბარი შეიძლება იყოს, მაქსიმუმ, 2 მილიონი ლარის ირგვლივ. ამასაც გარკვეული შეფასება დასჭირდება და შეიძლება ეს რიცხვიც არ იყოს. ეს კარგი პროექტებია და ვფიქრობ, გაცილებით მაღლა დგას თავისი ჰუმანიტარული და იდეალური მიზნებიდან გამომდინარე, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

სხვა ამბების წაკითხვა