ბოლო ამბები
01/12/2024

გარდაიცვალა პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი

გაზიარება

75 წლის ასაკში გარდაიცვალა პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.  ინფორმაციას მისი ახლობლები ავრცელებენ.

სოსო  ცისკარიშვილი (დაიბადა 1948 წლის 17 სექტემბერს კასპში – ქართველი პოლიტოლოგი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ექსპერტი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი (კვალიფიკაცია — ელექტრონული ტექნიკის ინჟინერი, 1971), მოსკოვის საგარეო ვაჭრობის საკავშირო აკადემია (კვალიფიკაცია — საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ეკონომისტი, 1979). მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „მიონში“ (1971-1974), საქართველოს სსრ მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტში (1974-1976, 1978-1985, თავმჯდომარის მოადგილე 1980-1985 წლებში).

1984 წელს ვიდეოფირზე გადაატანინა და ამით განადგურებას გადაარჩინა თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“, რომელსაც საბჭოთა ცენზურა ემუქრებოდა. 1992 წლამდე ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე.

1988-1989 წლებში ცისკარიშვილი იყო „სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების“ ვიცე-პრეზიდენტი. 1989 წლის ბოლოს მეცნიერთა ჯგუფთან ერთად შექმნა საქართველოში პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია — სამეცნიერო-საგანმანათლებლო ასოციაცია „მსოფლიო ლაბორატორია“ და მას შემდეგ იყო მისი გამგეობის თავმჯდომარე. 1992 წელს დაინიშნა საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, შემდეგ იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა კათედრის გამგე. იმავდროულად, 1996-2000 წლებში ცისკარიშვილი ხელმძღვანელობდა ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამებს. 2006 წლიდან იყო ევროპული ინტეგრაციის ფორუმის გამგეობის თავმჯდომარე, 2008 წლიდან — „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი.

სხვა ამბების წაკითხვა