ბოლო ამბები
11/12/2024

გოდოს მოლოდინში – ანუ დარდად ქცეული პანთეონი

გაზიარება

Multimedia.ge გთავაზობთ ბასა ქართველიშვილის კიდევ ერთ წერილს – გოდოს მოლოდინში, ანუ დარდად ქცეული პანთეონი

ეს ჩემი რობიკოა, ლეგენდარული დადგმების ავტორი, ჩვენი ერთ-ერთი უსაყვარლესი ხელოვანი. მის სპექტაკლებზე არაერთი თაობა გაიზარდა, გაეცნო შექსპირს, ბრეხტს, ეზიარა თეატრის ჯადოსნურ სამყაროს. მისი წყალობით, ბევრს გემოვნება დაეხვეწა, ზოგმა სიკეთის ბოროტებისგან გარჩევა ისწავლა, ზოგს წილად სულიერი თავშესაფარი ერგო; 90-იანების გაჭირვებაში, სიბნელესა და ძალადობაში, სულ რამოდენიმე ასეულ კუპონად (ცენტებად) შეგეძლო გაქცეოდი საზარელ რეალობას, შეპარულიყავი რუსთაველის თეატრში, ამოფარებოდი დეკორაციებს და, თუნდაც ერთი-ორი საათით, თავი ცივილურ სამყაროში გეგრძნო. 90-იანებშიც კი, როდესაც თბილისი ყველა ფერს კლავდა, რობიკო მაინც სპექტაკლებს დგამდა. და მისი შენ ტე, თითქოს სეჩუანელი, იყო ლამის ერთადერთი კეთილი ადამიანი მთელს საქართველოში.

ეს ჩემი უსაყვარლესი რობიკოა, უბრალოდ, ამჯერად 2024 წლის ზაფხულია, ფერიცვალების ფერხულია, ზის ჩვენი მაესტრო დამწუხრებული, დაღლილი, დაბერებული. თვალებით ისევ სიკეთეს ეძებს. თუმცა ამჯერად, ცოტა უჩვეულ როლში, სხვა რეჟისორის დადგმაში მონაწილეობს.

 

აბსურდის თეატრი წარმოგიდგენთ

გოდოს მოლოდინში – ექსპერიმენტალური დადგმა. რომლის თანახმად, გოდო მომავალ წელს უნდა მოვიდეს, შეიძლება იანვარშიც კი. ზუსტად არ ვიცით, რომელ თვეში, მაგრამ, მაქსიმუმ, კიდევ ერთ წელს მოვითმენთ და გოდო მოვა. ამის შესახებ გვაუწყებს გოდოს მოვალეობის შემსრულებელი, რომელშიც (აქ ეპიკურ თეატრალურ ჩანაფიქრს ჩავწვდეთ და) ისევ გოდო უნდა ამოვიკითხოთ.

გოდო გვაუწყებს, რომ გოდო მოვა. და დაამარცხებს ყოველივე ბნელსა და ავსულს. რობიკო მაყურებლის როლშია. ისევე, როგორც პანთეონის სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლები (ყველა არა, მაგრამ არც ცოტა). მათი ფუნქციაა, იჯდნენ პარტერში, გოდოს ელოდონ, გოდოს დახვდნენ, და გოდო ადიდონ.

ეს როლი ყველამ თავად აირჩია. არავის არავინ დაუძალებია. რობიკოს შეუძლია ადგეს და წავიდეს. ჩუმად, ან ხმამაღლა. ან თუნდაც აგინოს ყველას. მართლა შეუძლია, ენა კი უჭრის. შეუძლია ნებისმიერს სახეში მიახალოს სათქმელი. ისეთებისთვის მიუხლია. ისეთი ცენზურის წინაშე არ დაუხევია, რომ, თუ მოინდომა, პანთეონის კანონების სრული დაცვით, ავა სამრეკლოში და ზარებს შემოჰკრავს.

მაგრამ არ იძვრის. დამწუხრებული, ჩაფიქრებული, მიჩერებია მთავარ პერსონაჟს. როცა ის სცენაზე ადიოდა, ყველასთან ერთად წამოდგა და ტაში შემოცხო. ახლაც, როდესაც ამ 11 წუთ და რამდენიმე წამიან გამოსვლაში საკვანძო მომენტები დგება, როდესაც ისმის კულმინაციური „და ჩვენ დავამარცხებთ ჩვენს მტრებს!“, ან „ღირსებით დავიმკვიდრებთ ჩვენს ადგილს მზის ქვეშ!“, ან „აწი უკვე სულ სხვანაირად დაგველაპარაკებიან!“, ასეთ მომენტებში, რობიკო კვლავ აპლოდისმენტების საერთო ტალღას უერთდება.

დარდად ქცეული პანთეონის მხურვალე ტაში. უყურებს გამომსვლელს, ეძებს მასში მთავარი გმირის სტანდარტულ ნიშნებს. ებღაუჭება ყოველივე კარგს. მზად არის თავიც მოიტყუილოს, ცოტა კომპრომისებზეც წავიდეს, ოღონდაც ეს კერპი აღარ დაიმსხვრეს. უკვე იმ ასაკშია, მორიგი იმედგაცრუებებისთვის დრო რომ აღარ აქვთ. არა, ილუზიები არასდროს ჰქონდა, მაგრამ იმედი… მცირე იმედი…

ხელები ტაშის კვრისგან ეღლება. უშეშდება. თვალები ძუნწად ცდილობენ რაიმე კარგის დანახვას სცენაზე. რაიმე ისეთის, რაზეც შეიძლება ბოლო იმედის, ან თუნდაც რაიმე სიმშვიდის მაგვარის დაშენებას ეცადო. მაგრამ ვერაფერი. გინდა ყურები დაიცე, გინდა თვალები დახუჭე, გინდა სიბერე მოიმიზეზე, ამ აზრს უკვე ვეღარსად გაექცევი, ფიქრს, რომელიც ჯიუტად მოძვრება ენისკენ:

„ეს ისეთივე გოდოა, როგორიც მე ჩინეთის იმპერატორი. და სადაც მე რობიკო ვარ, იქ ესეც მაქსიმუმ გუდუნად თუ გამოდგება.“

გუდუნა

რა ქენი ბიჭო ეს? თუმცა, შენ რას გაბრალებ, ჩემი ნებით არ ვზივარ აქ? ჩემი ნებით არ დავიჯერე ეს ყველაფერი? როგორ მინდოდა, სიბერეში მაინც, გოდოს მოვსწრებოდი. რა სულელი ვარ!

წასულია ამის საქმე. მომრჯულებელიც აღარავინ ყავს. სანამ ჯერ მხოლოდ ფილანტროპის მანტიას ირგებდა, მაშინაც კი ძნელად გააგონებდი რამეს. ლოიალურობას ყიდულობდა, თანაც, ისეთ ფასში, ენა ჩაგივარდებოდა. აზრად არ მოგივიდოდა, რამე დაპირისპირებაში შესულიყავი მასთან, სიკეთით გჯობნიდა, ფულს გახარჯავდა, გივლიდა, გწყალობდა. მაგრამ მაშინ, ჯერ მხოლოდ უბრალო მეცენატი, საკუთარ თავზეც ბევრს მუშაობდა, ავტორიტეტებიც ყავდა, სამიზნე მწვერვალებიც, ქვეყნის წინაშე რიდიც, მოწიწება, თავმდაბლობა, სიფრთხილე. 

გავიდა დრო და მოგჭამა ჭირი. დაიპყრო ყველა მწვერვალი, დაეხსნა ყველა კრიტიკოსს, პოლიტიკაშიც მოვიდა, ქვეყნის მართვაშიც ჩაება, ისტორიულ ფიგურადაც იქცა და, მორჩა, მოწყდა რეალობას საბოლოოდ. 

აწი ვიღას მოუსმენს? პატრიარქი დაბერდა, შვილები ჯერ პატარები ყავს, სხვა სიმართლის პირში მთქმელს ყველას დაემალა, დარჩა ვეზირების ამარა. ძლიერი პოლიტიკური გუნდი არა, ტოროლა! ტიპიური, ღრმად აზიური მართვის ვერტიკალი ჩამოაყალიბა, რომელშიც მამამარჩენალს სიმართლის მთქმელი სათოფეზეც ვერ უახლოვდება. ალბათ ასე არ უნდოდა, მაგრამ ფაქტია, ასე გამოუვიდა. სხვანაირად არ სცოდნია.

და ასე აგრძელებს ევროპული სახელმწიფოს შენებას! ღმერთო დიდებულო, რა გინდა რო ქნა? მე არ მომისმენს. ჯერ ერთი, დავბერდი უკვე და პოლიტიკურ დისკუსიაშიც ვეღარ შევყვები, აღარ მეყოფა უკვე არც ცოდნა, არც ალღო. მეორეც, ხმა რომ ამოვიღო, იფიქრებს „შენც, ბრუტუს?“ და გამეცლება ეგრევე. მესამეც, რამე რომ ვუთხრა, მაშინ ხომ პირველ რიგში ჩემით უნდა დავიწყო, ჩემი შეცდომებით. ეს ჩემი ვაი პატრიოტიზმი და შეთქმულებების თეორიები ხომ უნდა მოვინანიო. ვაღიარო, რომ ძალიან შორს შევტოპე. რომ ერთია ნაცების სადიზმს აღუდგე, მათ სიყალბეს და ბოროტებას არ მიუტევო, მაგრამ მეორეა, მთელი სამყარო შენს წინააღმდეგ შეთქმულებებში ადანაშაულო.

მომისმენს ვითომ? ძალიან შევტოპეთ გუდუნა თქო, ალალად რომ ვუთხრა, გაიგონებს ნეტა? კნუტ ჰამსუნი სიბერეში ჰიტლერს ადიდებდა, პირველი ხელოვანი არ ვარ, ვინც პოლიტიკურ მარაზმში გადავარდა – რაღაც ამდაგვარი რომ ჩავურთო შესავალში, იქნებ მომისმინოს?

ან ის ფილმი ვანახო, ამერიკელ ბიზნესმენზე როა, ძალიან ნიჭიერი და წარმატებული, მილიარდერი რომ ხდება, ყველაფერს თავისით აღწევს, ყველაფერში წარმატებულს, თავში რომ უვარდება ნელნელა და ურჩხულს ემსგავსება, განსხვავებულ აზრს რომ აღარ გუობს, სიფრთხილეს სისუსტედ რომ მიიჩნევს, ჯიქურ რომ მიდის საკუთარი მიზნებისკენ და საბოლოო ჯამში ბოროტების მსახური ხდება; თანაც ისე, რომ ვერც კი ხვდება… ჩავუწერ მაგ ფილმს და მივუტან, ვეტყვი ნახე თქო.

მეტი? კიდევ რა შემიძლია გავაკეთო? რამის შნო მაქვს, თუ თავს ვიტყუებ? რამე შედეგს დავდებ? თუ დავიმალები? ამოვეფარები, ამჯერად უკვე, ელდარის დეკორაციებს და წავიკრუსუნებ?

„არ გეწყინოთ, მე პატარა კაცი ვარ, რასაც ჩამძახებენ, იმას ამოვძახებ. იმიტომ კი არა, რომ ყველაფერი მჯერა. ანდა ჩემი აზრი არა მაქვს. არა. ასე მოიტანა ცხოვრებამ. მეტყვიან, ასეაო, ასეა თქვა. მეტყვიან ისეაო, ისეა.“

ელდარ, სად ხარ? რაღაცა უნდა მოვიფიქროთ. აცდა ეს უკვე საქართველოს ინტერესებს. თავის გემოზე აბზრიალებს ყველაფერს. ქვეყანა საკუთარი ფირმა გონია, თავისი აზრები კი – ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება.

ეეჰ. რა უმწეო ყოფილა თურმე სიბერეში კაცი. რა უსუსური ხდები თურმე. რამდენად ადვილი ხდება შენით მანიპულირება. თანაც, როდესაც ძლიერ მხარეებზე კი არა, შენს სისუსტეებზე იწყებენ თამაშს. ბავშვივით ბითურდები. ზიხარ და შენი ნებითვე გუდუნას ადიდებ.

მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი

ისე, ეს მაინც ხომ შემეძლო არ შემეცოდა? რუსების ნაცვლად, ამერიკელებს და ევროპელებს რომ ვაგინებ.

აქაოდა რუსები ხო გასაგებია ვინც არიან და რაც არიან, მაგრამ მაგათზე არაა ლაპარაკი, აი ეს ევროპელები და ამერიკელები არიან, ვინც გულს გვტკენენო – აი რის გარშემო ვირაზმებით მთელი საბნელეთი. რუსი მტერი კია, მაგრამ მაგის მტრობაზე მეტად მოყვარის ცუდი საქციელი მაგიჟებს – ამ დროშით მივდივართ შემოდგომისკენ და მეც ერთერთ მთავარ მედროშედ ვარ გამოწყობილი. 10 წინადადებიდან ერთში გაკვრით ვახსენებთ „რუსეთი ოკუპანტია“, ხოლო დანარჩენი ცხრა წინადადება ეძღვნება თავისუფალი სამყაროს და განსხვავებული აზრის გინებას.

რა სულმოკლე გამოვდექი, ღმერთო! ჩოხა-ახალუხი ჩამიცვია, ხანჯალზე ხელები შემომიდია, კისერი მომიღერებია და მტერს არ ვიმჩნევ, მოყვარეს კი ვაგინებ. 

გლახაკი ვარ ჩვეულებრივი, რაის კაცი და ადამიანი. სამეფო კარის ჯამბაზად ვბერდები. ოდესღაც შეიძლება სიკეთეს სათესად ვემზადებოდი, შეიძლება ბოროტებას ვებრძოდი, მაგრამ ეხლა ერთი კაცის მსახური ვარ მხოლოდ. ერთი კაცის უმადური არ ვიყო, ამის შიშით მთელ ქვეყანას ვწირავ.

რა ქენი გუდუნა ეს? რა სიმახინჯეს დაგვამგვანე ყველა და ყველაფერი? პოლიტიკა ბიზნესი რომ არ არის, რით ვერ შეიგნე ამდენი წლის მანძილზე? ბიზნესში შეიძლება შენდამი ლოიალურობაზე ააგო ყველაფერი, მაგრამ ქვეყნის მართვაში ქვეყნის ინტერესებისადმი ლოუალურობაა მთავარი. შენ კი არ უნდა ერთგგულობდეს სახელმწიფო აპარატი, ქვეყანას უნდა ერთგულობდეს! თორე აი ამ საზარელ სურათს მიიღებ, მორჩილი ვეზირების მთელი ჯარი გეყოლება, ერისკაცი კი – არცერთი.

საშინელი დასასრულისკენ მიექანები, გუდუნა. საკუთარი ქვეყნის მტერს ემგვანები. ამდენი სიკეთის, ამხელა ამაგის მიუხედავად, შავ ფერებში იღებება შენი როლი. და ჩემიც. და ყველა აქ მჯდომის. შენდამი ერთგულებით დამთვრალი დასი, გაბრაზებული, გამწარებული, რეალობას მოწყვეტილი ვაგებთ ჩვენი ცხოვრების უმთავრეს თამაშს. ყალიბდები შარვალ-კოსტუმში გამოწყობილ ფაშად, რომელიც საკუთარ ინტერესებს ქვეყნის ბედ-იღბალზე მაღლა აყენებს. თან რა ვიწრო პირად ინტერესებს, რაღაც სისულელეებს, გუდუნა!

შენ ადგილას, თუნდაც ედიკა რომ ყოფილიყო, ცალი ხელით დაალაგებდა ყველაფერს. არც რუსეთთან მოუწევდა პირდაპირი დაპირისპირება, არც თავისუფალ სამყაროს გაანაწყენებდა. მაგას ქვია პოლიტიკოსობა და სწორი პოზიციის დაკავება და არა იმ ისტერიკას, შენს ქვეყანას თავზე რომ დაატეხე. ტიპიური ქართული სიყეყეჩე, ტიპიური ქართული მორალისტობა, არანაირი მოქნილობა, ამხელა სახელმწიფო მანქანა გემსახურება და ნაცვლად იმისა, რომ ელემენტარული პოლიტიკური ალღო გამოგევლინა, 100 დღეში 100 წლით უკან გადაგვაგდე.

და ყველაზე დიდი უბედურება რა არის, იცი? ყველაფერს მშვენივრად ხვდები, მაგრამ შენსას მაინც რომ არ იშლი! მშვენივრად ხედავ, რომ კატასტროფული შეცდომა დაუშვი, მაგრამ ვითომ არ იმჩნევ. შუბლზე გაწერია ყველაფერი, მაგრამ აწვები ისევ შენსას და ჩვენც თვინიერად მოგყვებით ისე, თითქოს ვერ გამჩნევთ. ტოპავ და ტოპავ უფრო ღრმად და აღარც ნაღვლობ, რამდენად აუქციე ქვეყანა სწორ გზას, რამდენად სავალალო მდგომარეობაში ჩააგდე შენი საქართველო, შენი სამშობლო. ამ შეცდომისგან თავზარდაცემული, დარეტიანებული მიუყვები უკანასკნელ ინსტინქტს: სირცხვილის შიშს! 

ამ სირცხვილისთვის თვალებში ჩახედვის ისე გეშინია, რომ გირჩევნია ქვა ქვაზე აღარ დარჩეს, რომ ბოროტებამ იზეიმოს, რომ ყოველივე ცუდმა იმარჯვოს, რომ მერე სათქმელი მოგეცეს „აი! ხომ გეუბნებოდით!“.

ასე იცის სავალალო შეცდომებმა. ასე იცის დანაშაულმა. მტრის არ ცნობა და მოყვრის გმობა დანაშაულია, გუდუნა. ისევე, როგორც აღსარებაზე ეშმაკთან სიარული.

მორჩა. გათავდა ყველაფერი

აწი შეცდომების აღიარება და მათ გამოსწორებაზე მუშაობა ერთადერთი გზაა შენთვის. ღმერთის წყალობით, ქვეყნის წინაშე, მხოლოდ ეს, ბოლო ასიოდე დღის ისტერიკა გაქვს საბოდიშო. ჯერჯერობით, მხოლოდ ეს ერთი, და მხოლოდ ასიოდე დღის. რაც უფრო სწრაფად გაჩერდები, მით უფრო გრჩება შანსი, რამე მოასწრო. რომ ბოროტების მსახურად არ მოინათლო.

მეც, შენთან ერთად. ოღონდაც, ჩემი მონანიება არავის არაფრად არ ენაღვლება. შენ კი შანსი გაქვს, ქვეყანა სწორ გზას შემოაბრუნო.

თუმცა, როგორც გიყურებ, ჯერჯერობით, მსგავსს არაფერს აპირებ. დამდგარხარ სცენაზე და დიდი ინკვიზიტორივით ქადაგებ. ერთ სიტყვაშიც კი ვინმე თუ არ დაგეთანხმა, ესეიგი, ომი უნდა. ესეიგი, უღმერთოა. ესეიგი, ჯაშუშია.

დედა, რა პრიმიტიულ განზომილებებამდე დაიყვანე ქვეყანა. აგერ, უკვე გახარიასაც გადაწვდი. ეგეც ნაციაო, ყვირიხარ. ნარკომანი, გუდუნა. ნარკომანია და გვირაბს თხრის ბომბეიდან ლონდონამდე – ეს ჯობია დააბრალო, უფრო დამაჯერებლად გაიჟღერს, თორე სათოფეზე არ ეკარება ეგ ნაცებს, იცის ყველამ, შენგან განსხვავებით, წლების განმავლობაში ნაცებს რომ აფინანსებდი. ეგეც არავის დავიწყებია, ხო იცი? 2005-შიც, 2006-შიც, 2007-შიც, 2008-შიც, 2009-შიც, ჩუმად რომ იყავი, გახსოვს? ეგ შენი ნაცები ქვეყანას რომ ატერორებდნენ, ძარცვავდენ, კლავდენ, სად იყავი, გუდუნა? ჟვანია რომ კვდებოდა, მიტინგები რომ ირბეოდა, ტელევიზიები რომ იხურებოდა, ომი რომ იწყებოდა, ტერიტორიები რომ იკარგებოდა – სად ჯანდაბაში იყავი მაშინ? ხმას რატომ არ იღებდი? კულუარებში არ ვიძახი, საჯაროდ რატომ სდუმდი? ხომ იცი შენს ერთ სიტყვას რამხელა ძალა ექნებოდა, რამდენი უბედურებისგან იხსნიდი ქვეყანას!!

არ გაწყობდა ხო ჯერ ხმის ამოღება? არ გეცალა ხო? არ გქონდა საგულდაგულოდ მომზადებული სიტუაცია, არა? გადაზღვეულად და გადმოზღვეულად არ გქონდა გარანტირებული წარმატება!  ვერ გარისკავდი ქვეყნისთვის! შენი უდიდებულესობა ვერ ჩააგდებდა საკუთარ პროექტებს საფრთხეში მანამ, სანამ 100 პროცენტით არ მოამზადებდა ნიადაგს წარმატებისთვის.

ეჰ, გუდუნა, გუდუნა, რაც უფრო ხშირად ვფიქრობ წარსულზე, რაც უფრო მეტი ყურადღებით ვატრიალებ მოვლენებს უკან, მით უფრო საგანგაშოდ გამოიყურება შენი პორტრეტი. ასე რომ, მოდი აქ გავაჩერებ მოგონებებს და ისევ მომავალზე ვისაუბრებ, ეგებ აჯობოს.

ამ ყველაფერს საარჩევნოდ თუ აკეთებ, შეეშვი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეგეთი ბნელიც არ არის ქართველი, ასეთ იაფფასიან ტყუილებზე ხელად დაგიჭერს. გლახაკიც კი. მიხვდება ყველა, რომ დაცლილი ხარ ერისკაცობისგან და მხოლოდ შენს ინტერესებს მიუყვები. რომ ეხლა შენ გჭირდება ძალაუფლებაში ყოფნა, შენს კომპლექსებს და შენს დემონებს სჭირდება ეს და არა შენს ქვეყანას. ამას ცოტა ხანში ყველა მიხვდება და მერე ვეღარავის ვეღარაფრით მოატყუილებ.

და კიდევ ერთი: არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, მოიგებ არჩევნებს, თუ არა. ქვეყნისთვის კი არის მნიშვნელოვანი, მალევე რომ ჩამოგფერთხოს და ამ სირცხვილთან დამალობანას თამაშში ბოლომდე არ შეგყვეს. ქვეყანას, კი ბატონო, ძვირს დაუჯენ, მაგრამ პირადად შენთვის, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. იმიტომ, რომ მაგ დამალობანაში ადამიანი ყოველთვის წაგებული რჩება.

აწი გინდა არჩევნები მოგიგია, გინდა ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენაზე დიალოგი დაგიანონსებია, გინდა მთელი ქვეყნის ვალები დაგიფარია, გინდა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მშვიდობის ბილიკი გაგიკვალია. არაფერი, გარდა სირცხვილისთვის თვალებში ჩახედვისა წინ აღარ გელის. ისევე, როგორც მე. დამიჯერე ამ ბებერ კაცს, ამ საქმეში ასაკმა მეტი იცის, ვიდრე მაღალ ტრიბუნაზე დგომამ.

ვიცი, არ მომისმენ. მაგრამ მაინც გირჩევ

შეცდომების აღიარება და მათ გამოსწორებაზე მუშაობა – ეს არის, როგორც გითხარი, ერთადერთი გამოსავალი. რაც მალე დაიწყებ, მით მეტი შანსი გაქვს. თუმცა, არ მჯერა, რომ ამას ეხლა გაიაზრებ. შენ ეხლა ალბათ გგონია, რომ დიდი სივრცე გაქვს მანევრისთვის, რომ შენისთანა მაგარ კაცს კიდევ შეუძლია ღირსეულად გამოძვრეს ამ სიტუაციიდან.

სამწუხაროდ, ცუდი ამბავი მაქვს: პირველი ის, რომ არც ისე მაგარი კაცი ხარ. ივარგე 1990-იანების რუსეთში ფულის შოვნაში, გილოცავ, მართლაც იყოჩაღე ამ საქმეში, ერთერთი საუკეთესო იყავი, არ გიკარგავს არავინ. მაგრამ, 1990-იანების რუსეთში ყველა დიდი ფულის მშოვნელზე რომ არ ვრცელდება მაგარი კაცის სტატუსი, ხომ იცი? 

ჩემპიონი საქმოსანი გამოდექი 1990-იანების რუსეთისთვის, ზედგამოჭრილი მაგ ეპოქისთვის. დიდი ფულის შოვნამ დიდ შესაძლებლობებზე გაგიხსნა წვდომა, ამ ჩვენი პატარა საქართველოსთვის, ეს თავბრუდამხვევი მასშტაბი იყო. ამიტომ აღზევდი ასე სწრაფად და ასე მაღლა. მადლიერების წრეში მოექეცი, რომელიც თავიდან მთელ ქვეყანას მოიცავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შევიწროვდა და მლიქვნელების წრით შემოიფარგლა. დიდი ხანია უკვე მლიქვნელების წრით ხარ გარშემორტყმული და ეგენი გარწმუნებენ, რომ ძალიან მაგარი ხარ. სინამდვილეში კი, არც ისე ძალიან. ეს ისე, უბრალოდ, დაიმახსოვრე.

მეორე საკითხი ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოძვრომას ეხება. ზოგადად ცნობილია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში, სახელმწიფოებს, რომელთა სახელწოდებაში ურევია სიტყვა “დემოკრატიული“, არაფერი საერთო დემოკრატიასთან არ აქვთ. ასეთია მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, ან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ზუსტად ასევე, დაიხსომე, საარჩევნო კამპანიას, რომლის სლოგანშიც სიტყვა „ღირსება“ ურევია, არაფერი საერთო ღირსებასთან არ აქვს. 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ქართველებისთვის, გთხოვ, გაითვალისწინე. ქართველი კაცი ყველაფერს აიტანს, სანამ მის ღირსებას არ შეეხები. ასეთები ვართ, იცი ეს შენ. რაც არ იცი, ეს არის ის, რომ ჩვენს ღირსებას უკვე შეეხე. ყველა ჩვენგანის, ყველა ქართველის ღირსებას თელავ. ყველას ზემოდან ყურება დაგვიწყე, არც ერთ ჩვენთაგანს პატივს აღარ სცემ.

ეს ძალიან ცუდად დაგიმთავრდება. სანამ მარიონეტებივით გვაბზრიალებ – კი ბატონო, ყველაფერს აკონტროლებ თითქოს. მაგრამ მარიონეტების თეატრიც მხოლოდ თეატრია, გუდუნა. ნებისმიერი დადგმა, ადრე თუ გვიან, სრულდება. ნებისმიერი მანიპულაცია მთავრდება, და როცა შედეგად გაბითურებას, შეურაცხყოფას ვღებულობთ, მაშინ თოჯინებიც კი აღარ გგუობენ, ეწერებიან ამბოხებულთა ულევ რიგებში, იძვრიან შენკენ, გარტყავენ ალყას, და იმ მაღალი მწვერვალიდან, რომლისკენაც მთელი ცხოვრება ასე გამალებით მიაბოტებდი, ცხვირით უფსკრულისკენ გიკრავენ ხოლმე. ასე მუშაობს დრამატურგიის კანონები ამ პლანეტაზე.

ეპიზოდის დასასრული

11 წუთი გადის, გუდუნას სიტყვით გამოსვლა ფინალს უახლოვდება და ჩემი საყვარელი მომენტიც დგება. ბოლო წამებზე, როცა უკვე ჭექს და ქუხს აპლოდისმენტები, ერთერთი ვეზირთაგანი განსაკუთრებით ცდილობს იბეჯითოს. უნდა წამოხტეს და ფეხზე მდგომმა შეასხას ხოტბა გუდუნა ბატონს. ვეღარ აჩერებს სკამზე გამჩენი. ბატონისათვის ხოტბის შესხმა ხომ ერთერთი უმთავრესი ფუნქციაა ვეზირთა დასში.

მაგრამ ის არ არის პირველი ვეზირი. ის სადღაც მეათე-მეთორმეტე, თუ მეცამეტე გოჭია. ესეიგი, პირველი ვერ წამოხტება. ამიტომ ცქმუტავს და იხედება პირველ ვეზირთა ტახტრევანისკენ. „აჰა. ჯერ ზიან. ესეიგი, ჯერ მეც უნდა ვიჯდე“ და ისევ სკამის საზურგისკენ გადაიწევა.

გადის წამები, უზენაესი ვეზირები ფეხზე დგებიან. მხოლოდ ამის შემდეგ წამოვდგებით მთელი პარტერი, ის მეცამეტე გოჭიც, და მეც, ერთ დროს ამ ყველაფრის წინააღმდეგ მებრძოლი ბიჭი, რომელსაც მშვიდი სიბერის ნაცვლად, ისევ ძალების მოკრეფა მიწევს. და ისევ ვეძებ გამოსავალს უდაბურ ტყიდან.

ფარდა!

 

სხვა ამბების წაკითხვა