ბოლო ამბები
12/12/2024

მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, რატომ აღიარა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დაწყება, დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული

გაზიარება

მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, რატომ აღიარა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დაწყება, რატომ მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს 2008 წლის ომის გამოძიებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მომავალში ასეთი დანაშაული ვეღარავინ ჩაიდინოს.

„მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რატომ აღიარა თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის დაწყება. რატომ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, რატომ მოაწერა ხელი ტალიავინის დასკვნას, რომელიც ევროკავშირის დაკვეთით მომზადდა, რატომ მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა.

ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი. ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პროცესი, პროცედურები, რომლებიც აუცილებლად წარიმართება. ამ დანაშაულს არ შეიძლება, რომ არ გაეცეს პასუხი, დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული და დანაშაულზე საჭიროა შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, პრევენციის მიზნით.

თქვენ იცით, რომ ამ ადამიანებმა არა მარტო 2008 წელს მიიყვანეს ქვეყანა ომამდე, არამედ ისინი ცდილობდნენ, რომ ასევე გასული 2 წლის მანძილზე მიეყვანათ საქართველო ომამდე, მეორე ფრონტამდე. იყო მათი პირდაპირი მოწოდებები ომთან დაკავშირებით, სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, იყო მოწოდებები მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით.

ანუ, ეს ადამიანები მთელი ამ 2 წლის მანძილზე ცდილობდნენ იგივეს, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას 2008 წელს. ამ უმძიმესი დანაშაულის გამოძიება, ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მომავალში ასეთი დანაშაული ვეღარავინ ჩაიდინოს,“- განაცხადა პრემიერმა.

სხვა ამბების წაკითხვა