ბოლო ამბები
10/09/2024

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც სამტრედიაში 70 წლის ქალი მოკლა (ვიდეო)

გაზიარება

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, გ.მ. დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა სამტრედიაში, მეზობელ ქალს – 1952 წელს დაბადებულ ნ.ხ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეზობლების მონათხრობით, მოკლულ ქალს მეზობლის სახლი ჰქონდა ჩაბარებული, რათა შინაური ფრინველებისთვის საკვები მიეცა. მათივე ცნობით, სწორედ იმ დროს, როდესაც ქალი სახლში გადავიდა, დახვდა მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ სახლის გასაძარცვად იყო შესული, რა დროსაც აწგარდაცვლილი  გამოიქცა, თუმცა, ბრალდებული მას დაეწია და დანით მოკლა.

 

სხვა ამბების წაკითხვა