26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ან ომი, ან მშვიდობა და განვითარება”– განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა 25 აგვისტოს, პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაზე სიტყვით გამოსვლისას.
“უკეთესის ძიებაში, შეიძლება უარესი მივიღოთ, მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი ხალხის სიბრძნის, ამიტომ, ყველანი არჩევნებზე უნდა გამოვიდეთ, ერთად დავდგეთ და კიდევ ერთხელ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. 26 ოქტომბერს უნდა ვიზეიმოთ “ქართული ოცნების” და ჩვენი ხალხის დიდი გამარჯვება, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.
მეგობრებო! თანამებრძოლებო! 26 ოქტომბრის არჩევნები ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის. 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს ან ომი და ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა, ან მშვიდობა და განვითარება! კიდევ ვიმეორებ: უკეთესის ძიებაში უარესი შეიძლება მივიღოთ… ჩვენ გვჯერა ჩვენი ხალხის სიბრძნის, ამიტომ ყველანი არჩევნებზე! უნდა გამოვიდეთ, ერთად დავდგეთ და კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა! 26 ოქტომბერს უნდა ვიზეიმოთ „ქართული ოცნების“ და ხალხის დიდი გამარჯვება!
ახლა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დროს ხელისუფლებაში ყოფილიყო ისევ სააკაშვილი ან მისი ბანდის რომელიმე წარმომადგენელი, ან თუნდაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“, ახლად შექმნილი ოპოზიციური გაერთიანებების და კოალიციების რომელიმე წარმომადგენელი, ან რომელიმე ენჯეოს წარმომადგენელი, რა მოხდებოდა ძალიან მარტივია ამ კითხვაზე პასუხი – მუხლის ჩოქებზე დავარდნილები დიდი აღტკინებით დაუწესებდნენ საკუთარ ქვეყანას და ხალხს სანქციებს, შემდეგ ასეთივე აღტაცებული ენთუზიაზმით მიიღებდნენ უკრაინის თვითმფრინავებს და გააგზავნიდნენ მოხალისეებს საომრად და ასეთივე მონური აღტაცებით დაიწყებდნენ ომს და გახსნიდნენ მეორე ფრონტს და მთელს ქვეყანას გადააქცევდნენ მეორე პოლიგონად! ვინ დაზარალდებოდა მათი მოღალატეობრივი მმართველობით, ვინ და ხალხი და ქვეყანა! პარალელურად სასტიკად გაუსწორდებოდნენ, დახოცავდნენ ან დაიჭერდნენ ყველა განსხვავებულად/ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს, დაახშობდნენ მედიას, აკრძალავდნენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, გააუქმებდნენ არჩევნებს და ქვეყანას და ხალხს გაიმეტებდნენ საბოლოოდ დასაღუპად და გასაწირად!
მაგრამ სანამ ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში საქართველოში ეს არ მოხდება! სანამ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში საქართველოში ომი არ მოხდება!
ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, და ამ მოღალატეებს და გამყიდველებს მეორედ არ დავანგრევინებთ და არ გავანადგურებინებთ ქვეყანას და ხალხს!“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს