მოძრაობა “სირცხვილია” აუქმებს გადაწყვეტილებას უცხოური ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, თანამდებობა დატოვა გიორგი მჟავანაძემ, რომელიც დირექტორის პოზიციას იკავებდა.
ეს კი მას შემდეგ, რაც თანამოაზრეებისგან აგრესიული კომენტარები გავრცელდა მათი მისამართით, როდესაც განაცხადეს, რომ აპირებდნენ უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში დარეგისტრირებულიყვნენ.
“მოძრაობა “სირცხვილია” აუქმებს რუსულ კანონთან დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას. გვესმის და ვიღებთ საზოგადოების რეაქციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და თანამოაზრეების კრიტიკა. ძალიან ვწუხვართ, რომ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის შედეგები, რაც ჩვენს გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი განცხადების დროც, ფორმაცა და შინაარსიც იყო შეცდომა და შესაძლებელი იყო რისკების უკეთ გათვლა და პრევენცია.
ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მიზანს, რომ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად დაგეგმილი კამპანიები ჩაგვეტარებინა, რათა ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებისთვის შეგვეწყო ხელი, თუმცა, გამოხმაურებებზე დაყრდნობით ვიაზრებთ, რომ თანამოაზრეებშიც კი ნიჰილიზმისა და იმედგაცრუების დათესვას შევუწყვეთ ხელი, რაც ცხადია, საერთო მიზანს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს.
ჩვენი გადაწყვეტილების ერთერთი საფუძველი იყო ის, რომ ფუნდამენტურად არასწორად მიგვაჩნდა ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ ჯარიმების გადახდა, ახლაც იმავე აზრზე ვართ. ამიტომ, დაჯარიმების შემთხვევაში, “სირცხვილია” არ აპირებს ჯარიმების გადახდას. გიორგი მჟავანაძე ტოვებს დირექტორის თანამდებობას და მუშაობას ახალი ხელმძღვანელობით ვაგრძელებთ. მადლობა თანამოაზრეებს გულწრფელი კრიტიკისა და რჩევებისთვის.”- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს