არასამთავრონო ორგანიზაცია ‘CENN”-ის საქართველოს წარმომადგენლობამ გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ განცხადება მათ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
“CENN ეწინააღმდეგება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა, საერთაშორისო თანამეგობრობების მხრიდან არაერთი მიმართვის მიუხედავად, დემოკრატიის პრინციპების სრული დარღვევით, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე დაამტკიცა.
CENN-მა არაერთხელ გაუსვა ხაზი საჯარო განცხადებებში, რომ აღნიშნული კანონი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პრინციპებს, აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციას, ხელს უწყობს დესტაბილიზაციას და იწვევს სამოქალაქო და მედიასექტორების სტიგმატიზაციას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე.
აღნიშნული კანონი საქართველოში რეგისტრირებულ ყველა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსებიდან მოდის, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დარეგისტრირებას ავალდებულებს. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია არ დაემორჩილება აღნიშნულ მოთხოვნას, დაეკისრება ფინანსური ჯარიმები, რის პარალელურადაც, იუსტიციის სამინისტრო მას ავტომატურად დაარეგისტრირებს.
CENN, თავისი ხედვებით, ღირებულებებითა და საქმიანობით, სრულიად ემიჯნება ზემოთ აღნიშნულ კანონსა და მის მოთხოვნებს. თუმცა, ქვეყანაში არსებული კრიზისული პერიოდიდან გამომდინარე, პრიორიტეტი სამოქალაქო სექტორის შენარჩუნებაა, რაც, თავის მხრივ, გვაკისრებს პასუხისმგებლობას, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ორგანიზაციას და ზოგადად სექტორს დაეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში და საზოგადოებისათვის იმ სიკეთეების მოტანაში, რასაც უკვე 25 წელზე მეტია, კანონის სრული დაცვითა და ქართული საზოგადოებისადმი მაღალი პასუხისმგებლობით ვაკეთებთ.
სწორედ ამიტომ, CENN-მა მიიღო მძიმე, მაგრამ ამ ეტაპისათვის საჭირო გადაწყვეტილება, შეასრულოს კანონით დაკისრებული რეგისტრაციის მოთხოვნა და გააგრძელოს ადვოკატირება და ბრძოლა უფრო დემოკრატიული და თავისუფალი მომავლის შექმნისათვის საქართველოში.
ჩვენ გვჯერა ქართული საზოგადოების და გვწამს, რომ გაერთიანებული ძალებით, ქვეყანა მალე დაბრუნდება პროევროპულ ორბიტაზე და გააგრძელებს სვლას ევროინტეგრაციის გზაზე. ამ პროცესში კი თითოეული ჩვენგანის როლი მნიშვნელოვანია – ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ქვეყნის დემოკრატიზაციას.”- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
როგორც მათ ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ – CENN განვითარების რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც სამხრეთ კავკასიის მასშტაბით გარემოს დაცვის მიმართულებით მუშაობს, მდგრადი განვითარებისა და მწვანე ზრდის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ ვსპეციალიზდებით მთელ რიგ სფეროებში, როგორებიცაა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა, რესურსების მდგრადი მართვა, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, დემოკრატიისა და კარგი მმართველობის განმტკიცება, კლიმატის მიმართ მედეგი, ჯანსაღი და წარმატებული თემების განვითარება და ქალების, გოგონებისა და ახალგაზრდების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ ინკლუზიური გადაწყვეტების შექმნაში მონაწილეობის მიღება.
სამხრეთ კავკასიის მთელ რეგიონში 60-ზე მეტი მუდმივი თანამშრომლითა და მოხალისეთა ქსელით წარმოდგენილ CENN-ს შესწევს უნარი და აქვს მისწრაფება, უზრუნველყოს თანამიმდევრული, პროფესიული და უმაღლესი ხარისხის მომსახურება. ჩვენ ვქმნით და ვთავაზობთ თანამედროვე გადაწყვეტებს სამთავრობო და ბიზნესსექტორებსა და თემების, ვეხმარებით მათ გარემოსდაცვითი და მომიჯნავე რისკების მართვასა და გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით კონკურენტული უპირატესობის მიღწევაში.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს