მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ დასრულდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაციების სარეგისტრაციო განაცხადების მიღება.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა. საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მადლობა მინდა გადავუხადო. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია.
ლოგიკურია, რომ რეგისტრაციას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტ პროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს