ლაშა ბაქრაძე კულტურის სამინისტრომ სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის მიზეზი კი გახდა შეურაცხმყოფელი განცხადება, რომელიც მან 3 სექტემბერს, ნაც.მოძრაობის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ღონისძიებაზე გააკეთა, როდესაც თქვა, რომ მმართველ პარტიას “ნახმარი სახეები” ჰყავს.
ამის გამო, მოგვიანებით, მან ბოდიში მოიხადა, თუმცა, ის სამსახურიდან მაინც გათავისუფლდა.
“ფაქტებისა და გარემოებების შესწავლითა და ინფორმაციის ანალიზით დასტურდება, რომ ლაშა ბაქრაძემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რაც გულისხმობს ზნეობრივ-ეთიკური ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფას ან დარღვევას, არაეთიკურ საქციელს ან სხვა ქმედებას, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაწესებულების დისკრედიტაცია, მიუხედავად იმისა სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ. დასკვნის საფუძველზე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
დასკვნის თანახმად, ცალსახაა, რომ ლაშა ბაქრაძის 3 სექტემბრის განცხადება ზიანს აყენებს მისი, როგორც ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას და ლახავს იმ მუზეუმის ავტორიტეტს, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს და მისიად ქართული კულტურის ინტერესების დაცვა აქვს განსაზღვრული.
ლაშა ბაქრაძის განცხადება ლახავს როგორც ამ განცხადების ადრესატთა, ასევე ქალთა სქესის ნებისმიერი წარმომადგენლის ღირსებას, რითაც სცილდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; არის დისკრიმინაციული და ლაშა ბაქრაძის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის. პროფესიული დისკუსიების დროსაც კი ის გამოირჩევა მისთვის სხვა მხრივ მიუღებელი ქალების მიმართ სექსისტური განცხადებებით და ინტელექტუალიზმით შეფუთული უდიერი დამოკიდებულებით.” – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.
ლაშა ბაქრაძე გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული კულტურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ამ თემაზე:
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს