ბოლო ამბები
14/10/2024

ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ სჭირდება მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლეოსობა

გაზიარება

გორში, “ქართული ოცნების” რეგიონული წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ სჭირდება მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლეოსობა.

კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, თუ რისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა:

1) პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის პოლიტიკური სისტემა საფუძვლიანად გავაჯანსაღოთ. დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ქვეყნის მართვისთვის ჯანსაღი პოლიტიკური ძალები იბრძოდნენ და ისინი, გარკვეული პერიოდულობით, ხელისუფლებაში ერთმანეთს ანაცვლებდნენ. ვიდრე ოპოზიცია დამნაშავეთა ერთიანობას ეწოდება, საქართველოში ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერასოდეს ჩამოყალიბდება.

დღეს ჩვენ გორში ვიმყოფებით, ქალაქში, რომელიც 1000 წელია საქართველოს ძლიერების ერთ-ერთ უმთავრეს სიმბოლოდ მტკიცედ დგას! ქართველების ენით აღუწერელი გმირობის კიდევ ერთი, გასაოცარი ისტორია სწორედ აქ, სოფელ შინდისთან დაიწერა, ისტორია, რომელიც გვახსენებს, თუ როგორი თავდადებით შეუძლია ქართველს საკუთარი სამშობლოს დაცვა! ეს ქალაქი და მთლიანად, შიდა ქართლი 2008 წლის ომის ქარტეხილის მომსწრეა. დღესაც, 12 წლის შემდეგ, კვლავ აქ ვდგავარ და სამწუხაროდ, ისევ იმ გამოუსწორებელ შედეგებზე მიწევს ლაპარაკი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ ქვეყანას დაატეხა თავს. იმ ავბედითი მოვლენებიდან უკვე 16 წელი გავიდა, თუმცა, მაშინ მოყენებული ჭრილობა ჩვენმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა. თქვენ საკუთარ თავზე ყველაზე მძაფრად გამოცადეთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა ხელისუფლების ღალატმა – ისტორიული რეგიონების ოკუპაცია, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული ათობით ათასი ადამიანი და ასობით ქართველის შეწირული სიცოცხლე – ეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მემკვიდრეობაა.

საკუთარი სამშობლოსა და ხალხის წინაშე ისეთი დანაშაულის ჩამდენ ძალას, რომელიც დღესაც ქვეყანას ომისკენ ექაჩება, ძალაუფლების დაბრუნების თეორიული შესაძლებლობაც კი არ უნდა ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი მემკვიდრე პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. ეს ადამიანები უმკაცრესად უნდა გასამართლდნენ ყველა იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც მათ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინეს, განსაკუთრებით კი 2008 წელს ჩადენილი უმძიმესი ღალატისთვის;

2) მეორე: ჩვენ პარლამენტში უკვე წარვადგინეთ კონსტიტუციური კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ისევე ეწინააღმდეგება, როგორც ყველა სხვა ეროვნულ წამოწყებას. ქართველი კაცის მორალი დღეს ოპოზიციისა და მისი მფარველების განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს. მათ ზუსტად იციან, რომ საზოგადოება მაშინ ხდება უსიტყვოდ მორჩილი, როდესაც საკუთარ წარსულზე, ისტორიასა და ღირებულებებზე ამბობს უარს! საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილს აუცილებლად ავსახავთ საქართველოს კონსტიტუციაში და როგორც ოჯახურ ღირებულებებს, ისე არასრულწლოვანთა ინტერესებს უმაღლეს, კონსტიტუციურ რანგში დავიცავთ;

3) მესამე: საქართველო და მართლმადიდებლობა ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. ჩვენი წინაპრები საუკუნეების მანძილზე სამშობლოსა და სარწმუნოების დასაცავად დაღვრილი სისხლით წერდნენ ისტორიას, მომავალ თაობებს უნარჩუნებდნენ იმ ქრისტიანულ ღირებულებებს, რომლებმაც საქართველოს ევროპული იდენტობა შემოუნახა. ქრისტიანული სარწმუნოება, მამულთან და ენასთან ერთად, ქართული იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, რომელიც განსაკუთრებულ მოფრთხილებასა და დაცვას საჭიროებს. გასაკვირი არაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის შიდა თუ გარე მტრების განსაკუთრებული სამიზნე სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა. სწორედ ამიტომ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, მივიღებთ კონსტიტუციურ კანონს, რომლითაც მართლმადიდებლობა საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენად გამოცხადდება;

4) მეოთხე: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებაა! ჩვენი ქვეყნის გარშემო მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. ამ ფონზე, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღსადგენად ნიადაგი ნებისმიერ დროს შეიძლება მომწიფდეს, რისთვისაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება გახდება აუცილებელი. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებასაც შეუქმნის დაბრკოლებას. იმისათვის, რომ საქართველოს გამთლიანებას წინ ვერავინ აღუდგეს, „ქართულმა ოცნებამ“ მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს ჩემს წინა გამოსვლებშიც არაერთხელ შევეხე, თუმცა, მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოვინახე. ცხადია, ჩვენი მიზანი მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება არ არის. მეტიც, არცერთ გოჯ მიწას არავითარი ფასი არა აქვს იქ მცხოვრები ადამიანების გარეშე. ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ ჩვენი ოსი დებისა და ძმების დაბრუნებაა. მთავარი იდეა იმ ურთიერთობების აღდგენაა, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ადუღაბებდა საქართველოს მთლიანობას.”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა