ბოლო ამბები
14/10/2024

ბიძინა ივანიშვილი პირობას დებს, რომ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს “ქართული ოცნება”, ნაც.მოძრაობა უმკაცრესად გასამართლდება

გაზიარება

 ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დღის წესრიგში დააყენოს „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების, ამავდროულად კი უმკაცრესად გასამართლების საკითხი. პირობას გაძლევთ, რომ ამ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება!”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 28 სექტემბერს, თელავში, წინსაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

“გარდა ამისა, ამ უსამშობლო ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგოს წლების განმავლობაში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე: საკუთარი მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაზე, ბიზნესის რეკეტზე, ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე. ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოიკვეთოს ეს პოლიტიკური სარკომა საკუთარი სხეულიდან, თუ გვინდა, რომ მოჯადოებულ, ჩაკეტილ წრეზე აღარ გავაგრძელოთ სიარული.

დღეს ყველა თვალნათლივ ვხედავთ, რომ ეს რადიკალური ძალა, მის გარშემო გაერთიანებული პოლიტიკური, არასამთავრობო თუ მედია ორგანიზაციები უცხო ძალის ინტერესს ატარებენ და ცდილობენ, რომ საქართველო ომის უბედურებაში გახვიონ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2008 წლის აგვისტოს ომი მონაგონი იქნება. ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები, ადგილობრივი აგენტურის ხელით საქართველოს რუკიდან გაქრობას უპირებენ. ემზადებიან იმისათვის, რაც ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ მოახერხა საუკუნეების მანძილზე!

ამის პატიება როგორ შეიძლება?! როგორ შეიძლება ამაზე საკადრისი პასუხი არ მოვთხოვოთ ხალხს, რომელთა მთავარი მიზანი ხელისუფლებაში ნებისმიერ ფასად დაბრუნება და საქართველოს ომის ქარ-ცეცხლში გახვევაა?!

ჩვენი ხელისუფლება თავს იწონებს იმით, რომ დღეს კახელ გლეხს შრომა უფასდება და მის მოსავალს რისკებისგან ვაზღვევთ, რომ ყურძნის ფასი გავზარდეთ და გასაღების მოშლილი, ტრადიციული ბაზრები აღვადგინეთ, რომ მევენახეობისა და მეღვინეობის დარგის განვითარებაზე ვზრუნავთ და ამ მადლიან კუთხეში არცერთი გოჯი მიწა აღარ რჩება დაუმუშავებელი, რადგან ნიჭიერ, გამრჯე ხალხს საკუთარი შრომით ღირსეული შემოსავლის მიღების საშუალება მიეცათ. თავს ვიწონებთ იმით, რომ კახელი კაცი დღეს წელშია გამართული, რადგან იცის – სახელმწიფო უმაგრებს ზურგს და მისი შრომა ფასდება, მთელი რიგი შეღავათებითა და სახელმწიფო პროგრამებით კი მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს.”– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა