“არასდროს შევხვედრივარ ბატონ ივანიშვილს, მე მოვითხოვე მასთან შეხვედრა, მაგრამ უარი განაცხადა. ვფიქრობ, პრობლემურია, რომ პირი, რომელიც ცნობილია, რომ მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს, სტრატეგიულ პარტნიორებს მის მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებაზე საკუთარი მცდარი აღქმის გამო, ანუ თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ არ დაგვიწესებია ფინანსური სანქციები ბატონი ივანიშვილისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის”- განაცხადა საქართველოში ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა “ამერიკის ხმის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქცირების პროექტი უკვე არსებობს.
როგორც ელჩმა განაცხადა, ისინი წინასწარ არ აანონსებენ სანქციების შესახებ, თუმცა, ამ ინფორმაციას ის არც დაადასტურებს და არც უარყოფს.
“გავიმეორებ, რაც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვისას, არ გამოვრიცხავთ საგარეო პოლიტიკის ჩვენ ხელთ არსებული არცერთი ინსტრუმენტის გამოყენებას და ამ ინსტრუმენტებს შორის არის სანქციებიც”- განაცხადა რობინ დანიგანმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს