შიო მესამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრდა. ცერემონია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარდა.
შიო III (ერისკაცობაში — ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი; დაბადებული 1969 წლის 1 თებერვალს, თბილისში) არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 2026 წლის 11 მაისს იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქად აირჩიეს.
2003 წლიდან შიო III სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტია. ასევე, იგი ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ქართული სამრევლოების მმართველ მღვდელმთავრად მსახურობდა. 2017 წლიდან საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის თანამდებობა ეკავა.
მისი ანგელოზის დღე აღინიშნება ყველიერის ხუთშაბათს — ღირსი შიო მღვიმელის ხსენების დღეს.
ბიოგრაფია
მიტროპოლიტი შიო 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში დაიბადა. 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ხოლო 1999 წელს — ბათუმის სასულიერო სემინარია. მოგვიანებით სწავლა განაგრძო მოსკოვის სასულიერო აკადემიასა და მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში.
1993 წლის 5 თებერვალს მორჩილი ელიზბარი ბერად აღიკვეცა და სახელად შიო ეწოდა. 1995 წელს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1996 წლიდან მღვდლად მსახურობდა.
1997 წელს მღვდელმონაზონი შიო თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1998 წლის 3 აპრილს მას იღუმენის წოდება მიენიჭა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად განაწესეს.
1999 წლიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძარში მსახურობდა. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახდა. 2001 წლის ოქტომბრიდან კი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად მსახურობდა.
საეკლესიო მოღვაწეობა
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გადაწყვეტილებით შიო ახლად ჩამოყალიბებული სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის ეპისკოპოსად აირჩიეს. ამავე წლის 7 სექტემბერს იგი ეპისკოპოსის სამოსით შეიმოსა.
2009 წლის 30 აპრილს წმინდა სინოდმა მას ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მრევლი ჩააბარა. 2010 წლის 2 აგვისტოდან შიო მიტროპოლიტის ხარისხში აღყვანეს.
2010 წლის 21 დეკემბერს იგი ქართული ეკლესიის წმინდანების კანონიზაციის კომისიის წევრი გახდა.
2015 წლის 16 დეკემბერს მიტროპოლიტმა შიომ მოსკოვის წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე:
„ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია) — მისი ცხოვრების ისტორიული კონტექსტი და სულიერ-სამოძღვრო მემკვიდრეობა“,
რის შემდეგაც ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიენიჭა.
2017 წლის 23 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით შიო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაინიშნა.
2018 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე იგი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი — სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა.
პატრიარქად არჩევა
2026 წლის 28 აპრილს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მეუფე შიო პატრიარქობის სამ კანდიდატს შორის დაასახელა.
2026 წლის 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე შიო III სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


