დიდი ბრიტანეთიდან ჩამოიყვანენ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც საკუთარი დის არასრულწლოვან შვილს აუპატიურებდა.
ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
“მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, ძებნილი მსჯავრდებულის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ.
2024 წლის 15 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მცირეწლოვნის გაუპატიურების ჩადენისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2006 წლიდან 2013 წლამდე დროის პერიოდში, მსჯავრდებული ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით სისტემატურად აუპატიურებდა წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს.
ბრალდებული თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-5 ნაწილით (გაუპატიურება, ესეიგი სქესობრივი კავშირი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი იმ პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი – 2013 წლის 30 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოცხადდა ძებნა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ძებნილი მსჯავრდებული 2024 წლის 22 ოქტომბერს სამართალდამცავებმა ქალაქ ლონდონში დააკავეს.
გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ძებნილი მსჯავრდებულის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ.”- ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

