მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსი და ევროპის სოციალისტურ პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, რასთან დაკავშირებითაც გაიგზავნება ჩვენი წერილობითი განცხადება.”- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“2015 წლიდან დღემდე, ევროპის სოციალისტურ პარტიას არცერთი ხმამაღალი განცხადება არ გაუკეთებია “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად. მეტიც, ევროპის სოცილისტური პარტიის ცალკეული წარმომადგენლები რეგულარუად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს. შარშან და წელს, რამდენიმე ათეულმა ევროპარლამენტარმა ევროპის სოციალისტური პარტიიდან, მხარი დაუჭირა აბსურდულ რეზოლიუციებს, რომლითაც, ევროპარლამენტი, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ორი დამნაშავის: მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და კიდევ ერთი დამნაშავის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.
სამწუხაროდ, „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ მისი წევრი ევროპარლამენტარების მიერ აბსურდული რეზოლუციების მხარდაჭერა არცერთხელ არ დაუგმია. ასეთ პირობებში, „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“ „ქართული ოცნების“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არათუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო.
გარდა ამისა, 2015 წლიდან დღემდე, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებოდით „ევროპის სოციალისტური პარტიის“ იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას. გასული წლების განმავლობაში, აღნიშნული პარტია სულ უფრო შორდებოდა კლასიკურ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროში შექმნილი ღირებულებითი კრიზისის გაღრმავებას განაპირობებს. „ევროპის სოციალისტური პარტიის“ ამგვარი იდეოლოგიური ტრანსფორმაცია ჩვენთვის მიუღებელია და შეუთავსებელია ჩვენი პარტიის, ისევე, როგორც ქართული საზოგადოების ფასეულობებთან და ხედვებთან.
მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსი და ევროპის სოციალისტურ პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები, რასთან დაკავშირებითაც გეიგზავნება ჩვენი წერილობითი განცხადება.
დღეიდან, “ქართული ოცნება” თანაბარ საწყისებზე ითანამშრომლებს ყველა ევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან, იმ საგარეო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომელიც ჩვენ ქვეყანას, საზოგადოებას და ხელისუფლებას გვაქვს დასახული”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს