საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად პროფილზე პოსტს აქვეყნებს, რომელიც ეხმიანება რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.
ზურაბიშვილი არ ენდობა ვლადიმერ პუტინის ამ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ეს არის პროვოკაცია.
გარდა ამისა, პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია, რომ ამით გაუმარტივდებათ საქართველოს მოქალაქეებს მიმოსვლა, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს ფსევდოპატრიოტულია.
ის შეახსენებს ხელისუფლებას იმ ადამიანების შესახებაც, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში ცხოვრობენ და არაპირდაპირი რეისებით ვერ სარგებლობენ.
“თუ ესოდენ გვაინტერესებს ქართული წარმოშობის თანამემამულეების ბედი, საინტერესოა, რატომ ვერაფრით მივაღწიე შედეგს იუსტიციასთან ოთხწლიანი მოლაპარაკებებით, ანუ იმას, რომ გამარტივდეს მოქალაქეობის მინიჭება, რათა ხელოვნურად, გაუგებარი ტესტებით არ ვართულებდეთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას, ან მინიჭებას. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ბევრად მტკივნეულია და აქტუალური რუსეთში (და არა მხოლოდ რუსეთში) მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, მით უმეტეს, დღევანდელ დღეს, როცა ბევრს სამუდამო დაბრუნების სურვილი გაუღვივდა.
რაც ეხება საქართველოში ჩამოსვლის ვითომცდა სირთულეებს, გაგახსენებთ, რომ რუსეთიდან უპრობლემოდ ჩამოდიან მინსკის, ერევნის, ბაქოს და თურქეთის გავლით, ან კიდევ ლარსის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთით. ვიზის პრობლემა ხომ არ ჰქონია! 700 000 -ზე მეტი შემოსული რუსეთის მოქალაქე (მათ შორის, ქართული წარმოშობის) და 600 000 გასული ჩვენი ქვეყნიდან, იმას მაინც ადასტურებს, რომ გადაადგილება მარტივია. მაშასადამე, ტყუილად აპელირებენ რაღაც ჰუმანიტარულ, ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე. ეს საკითხი არ დგას და არ იდგა, თუ არა კრემლის მანიპულაცია!
საინტერესოა რატომ?
ვინც ამ თემით აპელირებს და სტკივა რუსეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ბედი, იმავდროულად, ნუთუ არ ადარდებს ასევე ამერიკაში, ან ევროპაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ბედი, რომლებიც პირდაპირი რეისებით ვერ სარგებლობენ და მათაც უჭირთ სამშობლოში ჩამოსვლა?!
იმაზეც ხომ არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ უკვე სამი წელია, არ შეუძლიათ ჩვენს თანამემამულეებს ჰერეთიდან ჩამოსვლა, რადგანაც კოვიდის შემდეგ ჩაკეტილი ლაგოდეხ – ბელაქანის საზღვარი აღარც გახსნილა. (ადამიანებმა გრძელი გზა უნდა გაიარონ ბაქომდე და იქიდან გადმოფრინდნენ, რაც პრაქტიკულად მათი უმრავლესობის შესაძლებლობებს აღემატება).
უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა, თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა!”- წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად პროფილზე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს