ბოლო ამბები
06/10/2024

სამარცხვინოა ყველა, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უსირცხვილოდ ატყუებდა ქართულ საზოგადოებას – ლევან სუთიძე

გაზიარება

სამარცხვინოა ყველა, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უსირცხვილოდ ატყუებდა ქართულ საზოგადოებას”– წერს ” ტაბულა”-ს მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე, რომელიც ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით:

“სამარცხვინოა ყველა, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უსირცხვილოდ ატყუებდა ქართულ საზოგადოებას.

სააკაშვილს ემპათიაზე ძალადობის სტრატეგია ჰქონდა არჩეული და დიაგნოზად სიმულირებდა ფსიქიატრიულ აშლილობებს. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ფიზიკური ანალიზების სიმულაცია შეუძლებელია – სამაგიეროდ, შესაძლებელია გამოაცხადო, რომ დეპრესია და PTSD გაქვს, ამიტომ კი არ ჭამ, ვერ ჭამ.

შეგიძლია თქვა, რომ აი დეპრესიის გამო დაგეწყო ანორექსია.
თავისთავად ეს სამარცხვინო ცირკი როგორ აღრმავებდა სტიგმას ფსიქიატრიულ აშლილობაზე და ამ მხრივ, როგორ მოწამლა გარემო, ცალკე საკითხია.

PTSD სად დაემართაო, ანუ ტრავმა რა არისო, კითხვა რომ ისმებოდა – ციხეში შეყვანის დროსო, გვპასუხობდნენ. ციხიდან ამიტომ უნდა გადავიყვანოთო, აქაურობა ათრიგერებსო – ექიმები ამბობდნენ, სანამ ვივამედში გადაიყვანდნენ. რომ გადაიყვანეს, მერე ვივამედიც ათრიგერებდა.

მერე ეს რომ არ გამოუვიდა, ადგა ხელისუფლებას ეტენებოდა. ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ურიგდებოდა გათავისუფლების სანაცვლოდ, ისიც და მისი პარტიაც. მოწამვლა ამიტომ მოიგონა და მერე იმიტომ თქვა, რომ თუ მომწამლეს, ხელისუფლება არ მომწამლავდა, რუსები მომწამვლავდნენო, რომ მოფერებოდა რუსულ რეჟიმს, უმტკივნეულოდ რომ გაეშვათ.

ამიტომ გაყიდა ქართული პოლიტიკაც ეგრევე, როცა მოუნდა, თავისი ანტიდასავლელი ადვოკატის, ხაჭაპურიძის მეშვეობით. აი, ამ სამარცხვინო ცირკში, ტყუილში, ანტიჰუმანურ ბოდვაში აცხოვრა ამ სამარცხვინო პოლიტიკურმა კლასმა, მედიამ და საჯარო აქტორებმა ქართული საზოგადოება და ყველა წყევლა, ვინც უბრალოდ ამ გნიასში არ ვიყავით აყოლილები.

გამარჯობა არ დაიჯერება ამ ხალხის და სანამ დროა, წესიერ პოლიტიკოსებს მიეცით მანდატი, თქვენი ჭირიმე, თორემ მართლა რუსეთში გავიღვიძებთ.

ჩაეხსენით ამ არასანდო და უპასუხისმგებლო ხალხს, რომელიც ერთ ფოტოზე საღი აზრის გადაჯეგვით იყო დაკავებული.”- წერს ლევან სუთიძე.

სხვა ამბების წაკითხვა