ბოლო ამბები
11/10/2024

გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში – ირაკლი კობახიძე

გაზიარება

დარწმუნებული ვართ, გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„მე ჩემი პოზიცია შემიძლია გითხრათ, არ იქნება 2024 წელს, იქნება 2025-ში, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024 წელს უნდა იქნას ეს გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ შარშანაც გვეკუთვნოდა მოლაპარაკების გახსნა, არათუ კანდიდატის სტატუსის მიღება, თუმცა პოლიტიკური საკითხია და ამაში ჩვენ ღრმად ვერ შევალთ.

მიგვაჩნია, რომ შარშანაც გვეკუთვნოდა მოლაპარაკების გახსნა, მით უმეტეს გვეკუთვნის 2024 წლის დეკემბერში. იმედი გვაქვს, მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ დავამტკიცეთ, როგორი ტურბულენტური პოლიტიკური პროცესებიც არ უნდა გავიაროთ, საბოლო ჯამში, ვახერხებთ მიზნის მიღწევას და ეს კარგად გამოჩნდა კანდიდატის სტატუსის შემთხვევაში. იყო რთული პროცესი, მაგრამ ეს პროცესები მივიყვანეთ წარმატებამდე, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე და იგივე დაპირება შეგვიძლია, გავცეთ საზოგადოების მიმართ მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით.

როდის იქნება, ეს არის ცალკე საკითხი, მოლაპარაკებები აუცილებლად გაიხსნება, როცა იქნება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე ადრე შევალთ ევროკავშირში.

კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა შარშან, მაგრამ მოგვენიჭა წელს. არაფერი შეცვლილა პრაქტიკაში. გაწევრიანებას რაც შეეხება, გაწევრიანების თარიღზე ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში არ მოქმედებს. ყოველ ჯერზე ჩვენ უფრო გვიან ვიღებდით კონკრეტული პროცესების დაწყებას ევროკავშირისგან, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა.

მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში, უფრო გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების გაფორმების თაობაზე, DCFTA-ს გაფორმების თაობაზე, სხვათა შორის ეს წინა ხელისუფლების დროს მოხდა, ასევე გვიან დაიწყო მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის თაობაზე, მაგრამ სამივე შემთხვევაში, დავასწარით უკრაინას და მოლდოვას. რატომ? ერთია პოლიტიკური გადაწყვეტილებები, მაგრამ საბოლო ჯამში, ყველა ხედავს, რომ საქართველო ბევრად უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას, მით უმეტეს, ამ მძიმე პროცესების შემდეგ, რაც წარიმართა უკრაინაში და რაც ასევე გავრცელდა დიდწილად მოლდოვაზე ეკონომიკური კუთხით. ჩვენ ვართ ბევრად წინ ყველა თვალსაზრისით – დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის. ყველა მიმართულებით ვართ ბევრად წინ, ათჯერ უფრო წინ, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ასეთ პირობებში, მართალია, მათზე გვიან მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაგრამ დარწმუნებული ვართ, მათზე ბევრად ადრე შევალთ ევროკავშირში“, – განაცხადა კობახიძემ.

სხვა ამბების წაკითხვა