ბოლო ამბები
ივნისი 16, 2024

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საჩუქარი არ არის, ეს თქვენი და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგია – ოლივერ ვარჰეი

დეკ26,2023
გაზიარება

„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საჩუქარი არ არის, ეს თქვენი და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგია“ – ამ სიტყვებით მიმართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილე დიპლომატებს. ვიდეო-მიმართვა კონფერენციის მსვლელობისას გადაიცა.

ვარჰეის თქმით, ევროკავშირი განაგრძობს ევროპულ გზაზე საქართველოს დახმარებასა და ხელშეწყობას.

„ჩვენს გვსურს დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და საფლაგმანო პროექტების ამოქმედება. გეგმის ფარგლებში, ჩვენ უკვე მოვახდინეთ 1,8 მილიარდი ევროს მობილიზება. ეს გეგმა მოიცავს შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, ასევე 20 მილიონი ევროს საინვესტიციო გრანტის გამოყოფას ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისთვის. ორივე პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის კავშირების გასაძლიერებლად. მე ასევე მოსახრული ვარ, რომ უკვე დავეხმარეთ 65 000-ზე მეტ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს უფრო მეტი სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით“ – განაცხადა ევროკომისარმა.

მისი თქმით, რეფორმების მტკიცე კურსის გაგრძელებით, საქართველო კიდევ უფრო მეტად ისარგებლებს იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რომლებსაც მას ევროკავშირი სთავაზობს. თუმცა, როგორც ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, ევროკავშირი ბევრად მეტია, ვიდრე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა. ის ასევე წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც იცავს დემოკრატიასა და თავისუფლებას.

„გვწამს, რომ თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ ამ პროექტში და იქნებით მისი ნაწილი“ – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

26-28 დეკემბერს თბილისში „ელჩების კონფერენცია 2023 – საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა” იმართება. საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა სამუშაო შეხვედრას საქართველოს ელჩები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლები ესწრებიან.

სხვა ამბების წაკითხვა