“მე-7 წელი დაიწყო ყოველდღიურ ბრძოლებში ვართ ცოტნეს ჯანმრთელობის უჯრედ-უჯრედ აღსადგენად.
ვთქვა, ცოტნესთვის ყველაფერს ვაკეთებთ მეთქი, უზუსტობა იქნება – ვაკეთებთ არა ყველაფერს, არამედ თითქმის შეუძლებელს; არ დაგვიტოვებია არცერთი, თუნდაც მცირე იმედისმომცემი მკურნალობის მეთოდი, საუკეთესო ქართველი და უცხოელი სპეციალისტების გუნდი თუ მსოფლიოში არსებული უძვირესი, მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც ცოტნეს რეაბილიტაციაში ჩართული არ გვაქვს. არაფერი რომ აღარ ვთქვათ საკუთარ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ რესურსებზე.
ეს გარემოება იმედს გვაძლევს, და, მე პირადად, იმ სულიერ სიმშვიდესაც მაპოვნინებდა, საყვარელი ადამიანისთვის თითქმის შეუძლებლის გაკეთებამ რომ იცის ხოლმე, რომ არა სიმძიმე, რასაც უმწეო ცოტნეს საკუთარ სახლში დაბრუნების შეუძლებლობა იწვევს, რაც უმნიშვნელოვანესი უკანდამხევი ფაქტორია წარმატებული რეაბილიტაციისთვის.
რა წინათგრძნობა ჰქონია მაინც იმ დალოცვილს – ჯერ კიდევ 1988 წელს დაიჭირა თადარიგი ზვიად გამსახურდიამ მალულად შედგენილი ანდერძით, არ მომხდარიყო ის, რაც დღეს ხდება – მისი უმწეო შვილი იჩაგრება, და იჩაგრება მხოლოდ იმიტომ, რომ უმწეოა.
ეს იმხელა ბოროტება და, ამავდროულად, საცოდაობაა, ერთი წუთით არ დავიხევდი უკან, კანონისა და ზვიადის ნების გათვალისწინებით, ცოტნეს საკუთარ სახლში დასაბრუნებლად, მაგრამ ვიცი, ცოტნეს ბიოლოგიური დედა, რომელიც ქმარმა შეგნებულად საერთოდ არ მოიხსენია საკუთარ ანდერძში, უმორალო და ფსიქიურად დაავადებულ, უპირობოდ მორჩილ მიმდევრებს სრული შემადგენლობით მოასხამს კოლხური კოშკის წინ და მეგაფონებით აატეხინებს ყივილს, რასაც პერიოდულად ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ისედაც აკეთებენ. მათი მოსმენა ცოტნეს ისედაც ლაბილურ ნერვულ სისტემას მნიშვნელოვნად დააზიანებს, ვიცი.
ამ ბრბოს კი მარტო მე ვერ გავუმკლავდები”- წერს ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

