2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა ინიციატივით და მისი გადაწყვეტილებით ჩვენ დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას
„მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, თუ რა მდგომარეობა დაგვხვდა ჯანდაცვაში, როდესაც მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს და რამდენიმე შედარებითი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ.
თქვენ გახსოვთ კარგად, რომ 2012 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი იყო ძალიან მწირი, თითქმის 70 მილიონ ლარამდე იხარჯებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე. ეს, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მწირი დაფინანსება. ამით შეუძლებელი იყო ჩვენი საზოგადოების მოცვა და, ზოგადად, იმ საჭიროების დაფინანსება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს კრიტიკულად ესაჭიროებოდათ.
ამიტომ, 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა ინიციატივით და მისი გადაწყვეტილებით ჩვენ დავიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება. დღეს გვაქვს რადიკალურად შეცვლილი მდგომარეობა. 10 წლის განმავლობაში სახელმწიფომ 7 მილიარდი ლარით დააფინანსა პროგრამები.
ამით, რეალურად, ჩვენ რადიკალური, გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ ამ სექტორში. შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 94%-მდე. ჩვენი მოსახლეობის 94% სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი შედეგი.
კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების შესაძლებლობა მხოლოდ ერთეულ პაციენტებს, ისიც კერძო დაფინანსებით ჰქონდათ და ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობდა ამ სექტორში. ჩვენს მოქალაქეებს, ყველას კარგად მოგეხსენებათ, უწევდათ საკუთარი სახლის, ავტომობილის გაყიდვა იმისათვის, რომ ჯანდაცვის ელემენტარული სერვისი მიეღოთ.
ასე რომ, სრულად მიტოვებული იყო ჩვენი მოქალაქე სახელმწიფოსგან, სახელმწიფოს მზრუნველობისგან. ამ დროს, ჩვენ კარგად ვიცით, იმისთვის, რომ შევაფასოთ ხელისუფლების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ეს დამოკიდებულება უნდა გამოიკვეთოს მოქალაქეებისადმი, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე, საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის დაცვაზე, განათლებაზე და ა.შ.
ჩვენ მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებიდან მოკლე პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტი ჯანდაცვაზე თითქმის გაორმაგდა, შემცირდა ჯანდაცვის სერვისებზე ეგრეთ წოდებული ჯიბიდან გადახდები და, როგორც მოგახსენეთ, მოქალაქეების 90%-ზე მეტს მიეცა ამ მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა.
ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო წლებში უპრეცედენტოდ გაიზარდა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ასიგნებების მოცულობა. შედარებისთვის, – 2012 წელს 450 მილიონი ლარიდან, წელს უკვე 1 მილიარდ 450 მილიონ ლარამდე გაიზარდა, თითქმის მილიარდ ნახევარი გახდა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესია.
მინდა კიდევ რამდენიმე შედარებითი მაგალითი მოგიყვანოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო იყოს ჩვენ მიერ ამ 10 წლის განმავლობაში განხორციელებული დადებითი ცვლილებები.
როგორც მოგახსენეთ, 2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიონ ლარს შეადგენდა. კითხვა რომ დავსვათ, რომ არ დაგვეწყო ჩვენ აღნიშნული პროგრამა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა 6 მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან. ბანკებიდან უნდა აეღოთ სესხები და ა.შ.
სახელმწიფოს მიერ გაღებული 7 მილიარდი ლარის დაფინანსების შედეგად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, ჩვენმა ხალხმა დაზოგა 6 მილიარდ 300 მილიონი ლარი ამ ათი წლის განმავლობაში.
ასევე მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის თაობაზე, რომელიც ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, მისი გადაწყვეტილებით დაიწყო. ეს პროგრამაც, შეიძლება ითქვას, იყო რევოლუციური. შედეგები არის თვალსაჩინო. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, – თითო პაციენტს, მოქალაქეს ამ პროგრამით მკურნალობა დაუჯდებოდა 125 000 ლარი. პროგრამის ფარგლებში, ჯამში 80 000-ზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა და პროგრამის ღირებულება 3,5 მილიარდ ლარზე მეტი დაჯდა. ჩვენ ეს პროგრამა განვახორციელეთ ამერიკულ კომპანია „გილიარდთან“ ერთად, რისთვისაც მე მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „გილიარდს“ და ამერიკის მთავრობას.
ესეც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა აღმოჩნდა“, – აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ 2012 წლამდე ძალიან მწირე დაფინანსება ჰქონდათ სახელმწიფოსგან კერძო კლინიკებს.
„მინდა, კიდევ რამდენიმე შედარებითი მაგალითი მოვიყვანო. 2012 წლამდე ძალიან მწირე დაფინანსება ჰქონდათ კერძო კლინიკებს სახელმწიფოსგან. ბოლო 10 წლის განმავლობაში კერძო სამედიცინო კლინიკებმა მიიღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებზე სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხების 97%, რაც შეადგენს თითქმის 6.8 მლრდ ლარს. 6 მლრდ 800 მლნ ლარს შეადგენს ჩვენ მიერ გადახდილი თანხები.
ამას ემატება 1 მლრდ ლარზე მეტი კოვიდპანდემიის დროს ყველა პაციენტის მკურნალობის ანაზღაურება და, რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდი დახმარება კერძო კლინიკებისთვის, მაშინ, როცა 2012 წელს მთლიანად ჯანდაცვის მიმართულებაზე იხარჯებოდა 450 მლნ ლარი. ეს შედარება, ეს განსხვავებაა ჩვენი ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმესა და 2012 წლამდე გაკეთებულ საქმეს შორის. ეს არის უზარმაზარი განსხვავება.
ასევე მინდა მოგახსენოთ კიდევ რამდენიმე მაგალითი. ბოლო 10 წელში გარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისა, რეფერალური მომსახურებით ისარგებლეს ჩვენმა მოქალაქეებმა და ჩვენ 390 მლნ ლარი გამოვყავით ამისთვის, საიდანაც 50 მლნ ლარით დაფინანსდა ჩვენი მოქალაქეების მკურნალობა საზღვარგარეთ და ამას ემატება 25 მლნ ლარი სოლიდარობის ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსება. ჯამში 75 მლნ ლარი იქნა გადახდილი ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობაში. ეს არის ძალიან მოკლედ ის შედეგები, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მმართველმა ძალამ, პარტიამ მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს.
70 მლნ ლარიდან წელიწადში, ანუ ჯამში 10 წელში 700 მლნ ლარი იქნებოდა, რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება, ჩვენ 7 მლრდ ლარით დავაფინანსეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები. ესაა თვალსაჩინო მაგალითი, რისთვისაც მე მინდა ყველა ჯანდაცვის მინისტრს გადავუხადო მადლობა, გადავუხადო მადლობა ჩვენს ახალ მინისტრს, ბატონ ზურას, მან კიდევ უფრო მეტი პროგრამა დაამატა, წელს დაემატა, შარშანაც დაემატა სხვა პროგრამები, და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა ახლა არის ხარისხი, ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი, ამიტომ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ჩვენი პატივცემული ექიმების, მთელი მედპერსონალის, მთელი სექტორის ჩართულობის, თქვენი დახმარების.
მინდა ყველა ექიმს, ექთანს, მთელ მედპერსონალს გადაგიხადოთ მადლობა. სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მინდა ყველას გულწრფელი მადლიერება დაგიდასტუროთ,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.