ბოლო ამბები
06/10/2024

„ოსმალეთის იმპერიაში მოღვაწე სამი ქართველი “ვალიდე სულთნის გამბიტი“

გაზიარება

MULTIMEDIA.GE გთავაზობთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ისტორიის ფაკულტეტის  III კურსის სტუდენტ დავით ჯიჯიეშვილის ნარკვევს ოსმალეთის იმპერიაში მოღვაწე სამი ქართველი ქალის შესახებ, სახელწოდებით   – „ოსმალეთის იმპერიაში მოღვაწე სამი  ქართველი ვალიდე სულთნის გამბიტი“


ოსმალეთის იმპერიის ისტორია ბევრ საინტერესო ასპექტს გულისხმობს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც , რომ ამ ხანგრძლივ, მოვლენებით დატვირთულ , ძლევამოსილ და დიდებულ ეპოქას, ოსმალების გარდა, სხვა ერების წარმომადგენლებიც ქმნიდნენ. ამჯერად გვსურს, ყურადღება შევაჩეროთ  ქართული წარმოშობის იმ ქალბატონებზე, რომლებმაც იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშეს.

ისტორიული ნარკვევის სიღრმისეულად გასააზრებლად, ვფიქრობ, აუცილებელია, გავითვალისწინოთ ისტორიული კონტექსტი და განვმარტოთ, რას ნიშნავს ცნება „ვალიდე სულთანი“ და როგორ მოხდა, რომ ოსმალებმა დაუშვეს, იმპერიის მართვის სადავეები ქალბატონებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადათ.

ამ მხრივ, საგულისხმო ფენომენია ვალიდე სულთნის წოდება. ეს იყო მმართველი სულთნის დედის ოფიციალური ტიტული, რომელიც დასაბამს იღებს XVI საუკუნიდან. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ამ სტატუსის პირველი მფლობელი, სულეიმან პირველის დედა ვალიდე აიშე-ჰაფსა სულთანი(1478-1539წწ.). ისტორიული დოკუმენტების თანახმად, აიშე სულთანი ყირიმის ხანის ასული იყო.

ზოგიერთი მეცნიერი მას მიიჩნევს ევროპული წარმომავლობის ქალად. არსებობს მოსაზრება მისი თურქული ან ჩერქეზული ფესვების შესახებაც. თანამედროვეები მას ახასიათებდნენ, როგორც ძალიან ლამაზ ქალს. მიიჩნევა, რომ სულთან სულეიმანი (1520-1566წწ.) მისი ერთადერთი ვაჟი იყო. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით იქმნება წარმოდგენა, რომ ვალიდე აიშე-ჰაფსა სულთანს ჰყავდა სხვა ვაჟებიც, რომლებიც სამეფო კარის ინტრიგებს შეეწირნენ.

სწორედ ვალიდე სულთნის ტიტული იქცა ბიძგად ახალი ეპოქისა, რომელსაც „ქალთა სულთანატად“ მოიხსენიებენ. ეს იყო გამორჩეული პერიოდი ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში, როცა ქალები დიდ ზეგავლენას ახდენდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. არსებობს ამ პერიოდის დასაწყისისა და დასასრულის მიჯნები : 1550-1656 წლები. ცნება „ქალთა სულთანატი“ XX საუკუნეში გაჩნდა, როცა მეცნიერებმა დაიწყეს ოსმალეთის იმპერიის რღვევის მიზეზების კვლევა.

სწორედ ქალთა მმართველობის სავალალო შედეგად მიიჩნევა ის პოლიტიკური შედეგები, რომლებმაც ძლევამოსილი იმპერიის საძირკველში პირველი ბზარები გააჩინა. ამ პერიოდის წარმომადგენლად მეცნიერები თვლიან ჰასექი ჰიურემ სულთანს(1502-1558წწ.) , მაგრამ ოპონენტები ამ აზრს არ იზიარებენ , რადგან მიიჩნევენ , ჰიურემ სულთანს ვალიდე სულთნის ტიტული არ მიუღია , ამიტომ არ უნდა ჩაითვალოს ამ ისტორიულად მნიშვნელოვანი ეპოქის ფუძემდებლად.

ოსმალეთის სამეფო კარზე მოღვაწე ქართული წარმომავლობის ქალებიდან აღსანიშნავია ვალიდე ემინე მიჰრი-შაჰ სულთანი (1745-1805წწ.) ( ოსმ. مہر شاہ والدہ سلطان , თურქ. Mihrişah Valide Sultan ) , მიუხედავად იმისა , რომ მან ვერ იცოცხლა თავისი შვილის მმართველობამდე და ოფიციალურად არასოდეს უტარებია ეს საპატიო ტიტული , ისტორიოგრაფიაში მიჰრიშაჰ სულთანს , როგორც მუსტაფა III – ის ვალიდეს (დედა) , სწორედ ასე მოიხსენიებენ. დავაზუსტებ იმასაც , რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში მას ჰარემში უწოდებდნენ „ქადინ ეფენდის“ ანუ „სულთნის ცოლს“. ამ ისტორიული პირის წარმომავლობის შესახებ არავითარი ცნობა არ არსებობს. ვიცით , რომ იგი ჰარემში 1710 წლამდე მოხვდა. ეს ის წელია, როცა მისი შვილი დაიბადა.

სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა სულთნის მეორე ცოლის ტიტული (თურქ. meryem uz zamani ). ბუნებრივია , რომ ოფიციალურ ტიტულს გარკვეული პრივილეგიები მოჰყვა , თუმცა მიჰრიშაჰის ცხოვრებაზე ბევრი არაფერია ცნობილი. ეს იყო პერიოდი, რომელსაც „ტიტების ეპოქას“ (თურქ. Lâle Devri) უწოდებენ. ეს იყო მეცნიერების , კულტურის , ეკონომიკისა და არქიტექტურის ხანა. ვალიდე მიჰრიშაჰ სულთანს , როგორც რამდენიმე მემკვიდრის დედას, უფლება ჰქონდა, დაკავებულიყო ქველმოქმედებით. სწორედ მისი უშუალო მონაწილეობით აიგო 1728 წელს უსქუდარში შადრევანი , რომლის სტილიც „ტიტების ეპოქის“ სულისკვეთებას გამოხატავდა. არსებული წარწერიდან ირკვევა, რომ მიეძღვნა მიჰრიშაჰ სულთნის შვილის 10 წლის თავს.

სულთნის მეორე ცოლის სახელს კიდევ ორი შადრევანი უკავშირდება. მაგრამ ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში ეს ქალბატონი თავისი საქველმოქმედო ფონდითაც გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც , რომ საუკუნეების წინათ დაარსებული ეს ფონდი დღესაც მოქმედებს და ეხმარება შეჭირვებულ ადამიანებს. რაც შეეხება ვალიდე ემინე მიჰრი-შაჰ სულთნის გარდაცვალების თარიღს , ისტორიულ წყაროებში ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა. 1757 წელს, როცა იმპერიის მმართველი გახდა მისი შვილი მუსტაფა III , მიჰრიშაჰის სახელის უკვდავსაყოფად მეჩეთი აიგო. დოკუმენტების თანახმად , მიჰრიშაჰ სულთანი გარდაიცვალა 1762 წელს , თუმცა აუხსნელი მიზეზების გამო არ ატარებდა „ვალიდე სულთნის“ ტიტულს. არსებობს მოსასზრება, რომ ჰარემის დოკუმენტში უზუსტობაა. სავარაუდოდ , ჰარემში ცხოვრობდა ორი მიჰრიშაჰი. ისტორიკოსების აზრი იხრება იმ ვერსიისკენ , რომ მუსტაფა III ის დედა გარდაიცვალა 1732 წელს. რაც შეეხება მეჩეთის აშენების იდეას , მუსტაფას მიზანი იყო , დედის ნეშტი ახალ მეჩეთში გადაეტანა და მისი ხსოვნისთვის პატივი მიეგო.

1789 წელს აბდულჰამიდ I (1774-1789წწ.) გარდაიცვალა. ტახტზე ავიდა სულთან სელიმ III (1789-1807წწ) . იგი გახლდათ ზემოთ ნახსენები ვალიდე მიჰრიშაჰ სულთნის ვაჟი. სწორედ ამ წლიდან 1805 წლამდე სახელმწიფოს რეგენტის ( ოსმ.Valide-I Naibei Saltanat ) სახით მართავდა. ოსმალეთის სამეფო კარის ინტრიგებში ფიგურირებს კიდევ ერთი ქართველი ქალი , რომელმაც აბდულჰამიდ პირველის ტყვეობიდან ჯერ ქადინ-ეფენდის , ხოლო შემდეგ ვალიდე სულთნის ტიტულამდე მიაღწია. ეს გახლავთ ვალიდე აიშე სენიფერვერ სულთანი (1758-1828წწ.) ( თურქ.
Ayşe Seniyeperver Sultan).

მართალია, ვალიდე სულთნის წოდება მხოლოდ 14 თვის განმავლობაში ატარა, რადგან მისი შვილი, მუსტაფა IV (1779-1808წწ.), ქვეყანას ამ ხნის განმავლობაში მართავდა. მუსტაფა IV-მ თავისი წინამორბედის , სელიმ III-ის , ბედი გაიზიარა. დაუზუსტებელი ინფორმაციით , სელიმ III-ის მკვლელობაში ვალიდე აიშე სულთანმა არცთუ უმნიშვნელო როლი ითამაშა. მუსტაფა IV-ის დამხობის შემდეგ იგი ძველ სასახლეში (ცრემლების სასახლე) დამკვიდრდა , სადაც გარდაიცვალა 1828 წელს . ამ პიროვნებაზე საუბრისას ისტორიკოსები აღნიშნავენ , რომ ჰარემში იმ პერიოდში ცხოვრობდა რამდენიმე ქალი ,რომლებსაც აიშე ერქვათ. ამიტომ ისტორიულ დოკუმენტებში მას აიშე სენიფერვერ – სულთნად მოიხსენიებენ. არსებობს ვერსია მისი ქართული წარმომავლობის შესახებ. ასე იმიტომ თვლიან, რომ XVIII საუკუნეში სულთნის ჰარემში აღმოჩენილ ტყვე გოგონათა უმრავლესობა ქართველი ან ჩერქეზი იყო. სავარაუდოდ , იგი დაბადებული იყო 1758 წელს , რადგან პირველი შვილი 20 წლის ასაკში გააჩინა.

ვალიდე აიშე სულთანი იყო ერთ-ერთი აბდულჰამიდის 11 ცოლიდან. თუმცა მოვლენები ისე განვითარდა , რომ მას ხვდა ვალიდე სულთნის ტიტული.  1807 წელს დაიწყო ამბოხება სელიმ III -ის წინააღმდეგ , რასაც შედეგად მუსტაფა IV-ის აღზევება მოჰყვა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი , რომ ამ პროცესებში პირდაპირ და ირიბად მონაწილეობდა ვალიდე აიშე სენიფერვერ სულთანიც. იგი ფარულად დაუკავშირდა უმაღლეს სასულიერო პირს, შეიჰუისლამ ეფენდის , რომლისგანაც მოითხოვა ფეტვა ( ნებართვა) სულთან სელიმ III-ის ტახტიდან ჩამოგდებისათვის. მიუხედავად სელიმ III-ის ვერაგული მკვლელობის , საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერისა, მათ შორის, ალემდარ-მუსტაფა ფაშას თანადგომისა , მუსტაფა IV- მ ტახტი ვერ შეინარჩუნა. მისი მემკვიდრე გახდა მაჰმუდ II (1808- 1839წწ.). მიუხედავად უტყუარი მტკიცებულებებისა , ახალმა სულთანმა გადაწყვიტა, არ დაესაჯა სიკვდილით დედინაცვალი , თუმცა ჰარემის ათი წევრი , რომლებსაც ბრალად წაუყენეს სელიმ III-იდ მკვლელობაში მონაწილეობა , სასტიკად დასაჯეს ბოსფორში , კუნძულის სანაპიროზე, რადგან მაჰმუდი თვლიდა , რომ ისინი ვალიდე აიშე სენიფერვერ სულთნის მითითებებით მოქმედებდნენ. მიუხედავად დაკარგული ფორმალური პრივილეგიებისა , სენიფერვერ ვალიდე სულთანი დიდ ზეგავლენას ახდენდა იმპერიის საშინაო პოლიტიკაზე. ისევე , როგორც სულათნთა სხვა დედები , ისიც დაკავებული იყო ქველმოქმედებით. მის სახელს უკავშირდება სხვადასხვა შადრევნის, კარიბჭის , დაწყებითი სკოლის აგება. იგი გარდაიცვალა 1828 წლის 11 დეკემბერს , დაკრძალულია ეიუფ სულთნის მეჩეთის სასაფლაოზე.

სულთან მაჰმუდ II-ის ჰარემში დიდი ინტრიგები იხლართებოდა . ამაში გვარწმუნებს იმ პეროდში მოღვაწე სასახლის მთავარი ხაზინადარი , ებრაელი წარმომავლობის ექსპერენტა მალაჰი , როგორც სხვა წყაროები გვიდასტურებს , სათაჰულა ხათუნი. სწორედ ამ მემუარებიდან ირკვევა , რომ ფარული დაპირისპირების სულისჩამდგმელი მაჰმუდ II -ის ცოლი და მომავალი ვალიდე სულთანი იყო. ვალიდე ბეზმიალემ სულთნის (1808-1853წწ.) ( თურქ. Valide-I Devletlu Haseki Bezmiâlem Sultan) შესახებ მწირი ცნობები არსებობს. ამ ინფორმაციის უდიდესი ნაწილი განეკუთვნება მისი შვილის , აბდულ-მეჯიდ პირველის(1839-1861წწ) , მმართველობის ხანას, როცა ბეზმიალემი ოფიციალურად გახდა „ვალიდე სულთანი“. მიუხედავად იმისია , რომ ადრეული პერიოდის შესახებ ოფიციალური ცნობები არ დასტურდება, ბეზმიალემი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვალიდე სულთანია ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში. მის შესახებ არსებობს უამრავი ლიტერატურული ნაწარმოები, სპექტაკლი და ფილმი.

მას ეძღვნება არაერთი ისტორიული ნარკვევი. მინდა , გამოვყო სტამბოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ არზუ თერზის ( თურქ.Pr.Doktor Arzu Terzi) სამეცნიერო და სალიტერატურო ნაშრომი, რომელიც გამოიცა 2018 წელს სახელწოდებით „ბეზმიალემ სულთანი“ (თურქ. Bezmiâlem Sultan). მასში მკაფიოდაა აღნიშნული , რომ ბეზმიალემ სულთანი წარმოშობით ყირიმელი იყო. თავს უფლებას მივცემ , არ დავეთანხმო პატივცემულ პროფესორს და კორექტივი შევიტანო ამ საკითხში. ჩემს თვალსაზრისს ამყარებს ბეზმიალემ ვალიდე სულთნის თანამედროვეთა გადმოცემა , კონკრეტულად კი ოსმალეთის ფლოტის ადმირალის, ადოლფუს სლეიდის, მოსაზრება მისი ქართული წარმომავლობის შესახებ.

ეს ინფორმაცია ნდობას იმიტომაც იწვევს , რომ სლეიდი ითვლებოდა XIX საუკუნის ერთ-ერთ სანდო წყაროდ უახლოესი აღმოსავლეთის შესახებ. სლეიდის ვერსიას ადასტურებს ფრანგი მეცნიერი ჟანეტ დე ბაზორიც საკუთარ ნაშრომში „ოტომანთა იმპერიის ვალიდე სულთნები“ (გამომცემლობა „საფრანგეთი“ , 1999 წელი). როგორც ჩანს , ვალიდე ბეზმიალემ სულთანი ჯერ კიდევ მცირეწლოვანი აღმოჩნდა ჰარემში , როგორც ტყვე. იგი შეიძინეს კონსტანტინოპოლის ტყვეთა ბაზარზე მონათმფლობელისაგან. რაც შეეხება დაბადების თარიღს , სავარაუდოდ მიიჩნევა 1807 წელი. მკვლევრები თვლიან , რომ შვილის გაჩენის მომენტში ის დაახლოებით 18 წლისა უნდა ყოფილიყო. „ქადინ ეფენდის“ ტიტული მას ებოძა 1823 წელს. 1839 წლისთვის, როცა მაჰმუდ II გარდაიცვალა, ოფიციალურად ითვლებოდა სულთნის მეორე ცოლად.

სულთან აბდულმეჯიდის ტახტზე ასვლის თავისებურება იმაში მდგომარეობდა, რომ ის იყო პირველი პირი უკანასკნელი 189 წლის განმავლობაში, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის მმართველი გახდა. საქმე ისაა , რომ ოსმალეთის საშინაო პოლიტიკას გარკვეულწილად განაპირობებდა „ფათიჰას კანონი“ , რომელსაც სხვანაირად „ძმათამკვლელ კანონსაც“ უწოდებდნენ. იგი უფლებას აძლევდა ოსმალეთის ტახტის უფროს მემკვიდრეს, დაეხოცა დანარჩენი შეჰზადეეები (ქართ. უფლისწულები). ამ აქტის მიზანი იყო ის, რომ არ დარღვეულიყო ბალანსი, აღკვეთილიყო ბრძოლა პირველობისთვის, რომელსაც უთუოდ მოჰყვებოდა ომი და არეულობა. აბდულმეჯიდის მმართველობიდან იწყება რადიკალური ცვლილებები, რომელებიც მოიხსენიება სახელწოდებით „თაზმინათი“ (თურქ.Tanzimât, 1839-1876 წწ. ) ამ რეფორმების გამორჩეულობა მდგომარეობდა იმაში , რომ გულისხმობდა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნებსაც. რეფორმების ძირითადი პრინციპები წარმოჩენილი იყო სულთან აბდულმეჯიდის მიერ გამოცემულ „გიულიჰანეს ჰათ-ი შერიფში“(თურქ.Gülhane Hatt-ı Şerifi) , რომელიც ითარგმნება, როგორც „ფადიშაჰის წერილი“. რეფორმების იდეა და ინიციატივა მომდინარეობდა პროგრესულად მოაზროვნე და განათლებული ჯგუფისგან, რომელსაც ხელმძღვანელობდა მუსტაფა რეშიდ ფაშა (1800-1858წწ.) ამ ურთულეს პერიოდში ბეზმიალემ ვალიდე სულთანი ყველანაირად ეხმარებოდა შვილს. ვინაიდან აბდულმეჯიდი ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო , არ გააჩნდა უზარმაზარი სახელმწიფოს მართვისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები. აქედან გამომდინარე , სულთნის დედა არა მხოლოდ ერეოდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში , არამედ დიდ გავლენას ახდენდა შვილზე, გარკვეულწილად განაპირობებდა საშინაო და საგარეო პოლიტიკის ხასიათსა და მიმართულებას.

ბეზმიალემ ვალიდე სულთანი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ატყობინებდა შვილს სასახლესა და სასახლის მიღმა მიმდინარე ყველა მოვლენის შესახებ , რათა გაეფრთხილებინა იგი მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე. ხოლო , როცა აბდულმეჯიდი ქალაქიდან მიემგზავრებოდა , დედა სწერდა წერილებს , რათა სულთანს არცერთი წვრილმანი არ გამოჰპარვოდა. ამ წერილებმა ჩვენამდე მოაღწიეს. ისინი დაწერილია ულამაზო , უსწორმასწორო ასოებით და გამოირჩევა უამრავი ენობრივი შეცდომით. უდავოა , რომ ვალიდე ბეზმიალემ სულთანი თავად წერდა მათ. ეს გარემოება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის წარმომავლობას. დადიოდა ხმები ბეზმიალემ სულთნის მექრთამეობის შესახებ.

ცნობილია , რომ 1859 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ , დიდმა ვეზირმა ქიბრისლი მეჰმედ-ემინ ფაშამ ერთ-ერთ „ დივანი-ე ჰუმუმიონზე“ (ქართ. სამთავრობო სხდომა) საჯაროდ ამხილა იგი მექრთამეობაში, რასაც მოგვიანებით დიდი ვეზირის გადაყენება მოჰყვა. სწორედ ვალიდე ბეზმიალემის სახელს უკავშირდება ის გარემოებაც , რომ ოსმალეთის იმპერიაში კორუფცია უკონტროლო გახდა და მთელი ქვეყანა მოიცვა. მიუხედავად ამ არცთუ სასიამოვნო ფაქტორისა, თანამედროვეები ბეზმიალემ სულთანს მოიხსენიებდნენ ,როგორც გონიერ , ფრთხილ , გულისხმიერ, გულუხვ ქალს. ამ თვისებების წყალობით მან შეძლო , გარკვეულწილად შეეცვალა თავისი შვილის, აბდულმეჯიდის, ხასიათი, აღმოეფხვრა მის პიროვნებაში ისეთი თვისებები , როგორებიცაა მიდრეკილება პატივმოყვარეობისა და ამპარტავნობისკენ. არავისთვის დასამალი არ ყოფილა ის გარემოებაც , რომ იგი საჭიროების შემთხვევაში ერეოდა სახელმწიფო საქმეებში , რათა დახმარებოდა შვილს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ვალიდე სულთნის საქველმოქმედო საქმიანობა. იგი უშურველად ხარჯავდა სახელმწიფოს მიერ მისთვის გამოყოფილ სახსრებს , რათა გამოეკვება ღატაკები , ემკურნალა ავადმყოფებისთვის , აეგო საავადმყოფოები, სკოლები , ხიდი , მეჩეთი. სწორედ მისი საქველმოქმედო საქმიანობა იქცა იმის საფუძვლად , რომ სტანბოლის სამედიცინო უნივერსიტეტი დღეს ბეზმიალემ – სულთნის სახელს ატარებს (თურქ. Topkapı, Bezmialem Vakıf Ünv) , რადგან მის სიცოცხლეშივე , 1845 წელსაა , აშენებული. ბეზმიალემ ვალიდე სულთანი იყო ერთ-ერთი ყველაზე სახალხო და საზოგადოების ყველა ფენისთვის მისაღები პიროვნება. იხსენებენ , რომ იგი თავად ხვდებოდა გაჭირვეულ ადამიანებს , ზრუნავდა ობლებზე , უხდიდა ვალებს მათ , ვისაც ამის საშუალება არ გააჩნდა , არ ივიწყებდა პატიმრებსაც , ცდილობდა , დაექორწინებინა მარტოხელა ქალიშვილები. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა , ყველა თანხმდება იმაზე , რომ ვალიდე ბეზმიალემ სულთნის სახით ოსმალეთის იმპერიაში ქალებმა დაკარგეს თავიანთი უფლებების დამცველი, ხოლო ღარიბმა მოსახლეობამ – დიდი გულშემატკივარი და მეგობარი. ყველასათვის ცხადი იყო , რომ ბეზმიალემ სულთანი თავის უდიდეს გავლენას იყენებდა ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მისი სიკვდილის შემდეგ აბდულმეჯიდმა მიიღო მრავალი არასწორი გადაწყვეტილება , დაუშვა არაერთი საბედისწერო შეცდომა ,რამაც მისი ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია.

ბეზმიალემ ვალიდე სულთანი ტუბერკულოზით იტანჯებოდა. როგორც ჩანს , ეს დაავადება გარდაცვლილი ქმრისგან , მაჰმუდ II -ისგან ერგო. მიუხედავად იმისა , რომ ეს ავადმყოფობა XIX საუკუნეში უკურნებლად მიიჩნეოდა, საუკეთესო ექიმების ძალისხმევით დიაგნოზის დასმიდან 10 წელი იცოცხლა. ვალიდე ბეზმიალემ სულთანი გარდაიცვალა 46 წლის ასაკში , 1854 წელს. იგი დაკრძალულია თავისი მეუღლის , მაჰმუდ II – ის მავზოლეუმში.

დასასრულ, მინდა, შევაჯამო სათქმელი და განვმარტო მიზეზი და მიზანი, რომლებიც წინამდებარე სამეცნიერო ნარკვევის ბიძგად იქცა. კიდევ ერთხელ უნდა შევეხო ისტორიულ კონტექსტს და გავიხსენო ჩვენი ქვეყნისთვის საბედისწერო XVI საუკუნე, როცა ოსმალეთის უზარმაზარმა იმპერიამ საქართველოს გარკვეული ნაწილი შთანთქა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება საქართველოსთვის ტრაგიკული მოვლენა „ტყვეთასყიდვა“ – ქართველების უდიდესი ნაწილის გადინება ოსმალეთში. ამ მოვლენას ვაფასებ , როგორც ეროვნული გენოფონდის განადგურების მცდელობას. მაგრამ ყველა მოვლენას აქვს მეორე მხარეც.

ჩემი მიზანი სწორედ ის გახლდათ, რომ წარმომეჩინა საქართველოდან მოტაცებული და ტყვეთა ბაზარში გაყიდული იმ გოგონების ხვედრი, რომლებმაც ბედისწერის სათავისოდ შეცვლა შეძლეს. ისინი არ დაიკარგნენ ცხოვრების დაუნდობელ ქარტეხილებში. თავიანთი სილამაზის, ნიჭის, გონიერების, პოლიტიკური ალღოს, ნებისყოფის, მტკიცე ხასიათის წყალობით, შეძლეს დიდების მწვერვალზე ასვლა. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში თავიანთი წარუშლელი კვალი დატოვეს.

სხვა ამბების წაკითხვა