ბოლო ამბები
21/06/2025

პირველ რიგში ბოდიში! ბოდიში რომ ვერ დაგიცავით ტყუილისგან. ბოდიში იმისთვის რაც დაგვაბრალეს – მსახიობი ნიკო თავაძე სპექტაკლ “ლიბერტე”-ს შესახებ

გაზიარება

მსახიობი ნიკო თავაძე ეხმიანება მისი ვაჟის, დათა თავაძის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლ “ლიბერტე”-ს გარშემო, საზოგადოების ნაწილის აღშფოთებას და ვრცელ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:

“სპექტაკლი ,,LIBERTE” (თავისუფლება)

პირველ რიგში ბოდიში! ბოდიში რომ ვერ დაგიცავით ტყუილისგან. ბოდიში იმისთვის რაც დაგვაბრალეს.

ბოდიში იმისთვის, რომ თუ კი რამე გამეგება ამ პროფესიაში ეს სპექტაკლი ერთ-ერთ საუკეთესოა და ვერავინ გადამარწმუნებს ამაში.
ბოდიში იმისთვის, რომ სპექტაკლიდან გამოსული მაყურებელი ბედნიერების ცრემლებს ვერ იკავებს.
ბოდიში იმისთვის, რომ ჩვენგან დამოუკიდებლად გატკინეთ.
ბოდიში იმისთვის, რომ ვეღარასდროს ნახავთ ამ სპექტაკლს და ვერასდროს იგრძნობთ რასაც ვგულისხმობ.
ბოდიში, რომ კოლეგები გვხვრეტენ!
ბოდიში, რომ ქართული თეატრი დასრულდა.

ბოდიში, რომ შვილებს ვერ ვიცავთ.
ბოდიში, რომ უკეთესი მომავლისთვის ხმა ამოვიღეთ.
ბოდიში, რომ უსამართლობას და უკანონობას ვერ ვეგუებით.
ბოდიში – იდეალებისთვის, ხელოვნებისთვის, სიყვარულისთვის.
ბოდიში იმისთვის რაც გვინდოდა, ახლაც გვინდა, ან ოდესმე მოგვინდება…
გიხდით ერთ… დიდ…  გაერთიანებულ… და გენერალურ ბოდიშს!

ჩვენ ამ სპექტაკლით დავუპირისპირდით ფარისევლობას, ვაჩვენეთ ზღვარგადასული ქცევა, ვამხილეთ მატყუარები და სხვისი ძარცვით გამდიდრებულები, დავგმეთ სუსტის ჩაგვრა და ძლიერების კულტი. ეს გავაკეთეთ მაქსიმალური დაცულობით, დარბაზის მინიმალური ზომით, მაყურებლის მინიმალური რაოდენობით.
სადაც შეგვეძლო და არ შეგვეძლო ვამბობდით, რომ 18 წლამდე მაყურებელი არ დაიშვება, რომ ამის გადაღება და გავრცელება არ შეიძლება.

მაგრამ, შემოგვიგზავნეს აგენტი და გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. ორსაათნახევრიანი სპექტაკლიდან ამოგვიჭრეს 30 წამი და ესაა სპექტაკლიო ამბობენ…
ჩვენ ვერ გეტყვით რა განსხვავებაა პირად ცხოვრების კადრების გამოქვეყნებასა და ამ კადრების თქვენამდე მოტანას შორის.
ჩვენ ვერ გეტყვით ვინ დგას თეატრსა და პროპაგანდას შორის.

ჩვენ ერთადერთი შეგვიძლია ობიექტური სურათი დაგანახოთ, ჩვენს ხელთ არსებული მინიმალური საშუალებით. ვთვლით, რომ თქვენ, იმსახურებთ სიმართლე იცოდეთ, თუნდაც მიუღებელი, მაგრამ სიმართლე.

ახლა კი სპექტაკლზე და მის სათქმელზე!

სპექტაკლის მონაკვეთში არსებობს აზრობრივად ერთმანეთისგან გამომდინარე ორი ეპიზოდი.
დამიენის ეგზეკუცია და დე სადის- ფილოსოფია ბუდუარში.

ვინ იყო დამიენი?

რისთვის იყო საჭირო დამიენის ასეთი საჯარო და სასტიკი ეგზეკუცია?
ჩვეულებრივი მოქალაქე.

გაუსაძლისი ყოფისგან აღელვებულმა – მეფეს სახე გაუკაწრა.
მაშინ საფრანგეთში მეფე აღიარებული იყო არა მხოლოდ როგორც მმართველი, არამედ როგორც წმინდა ფიგურა — მირონცხებული.
მეფეზე თავდასხმა ღვთის გმობადაც კი ითვლებოდა.

მიზანი იყო ეჩვენებინათ, რომ სახელმწიფო ბოროტებას პასუხობს არა უბრალოდ სიკვდილით, არამედ საშინელი დასჯით. ეს დასჯა იყო გაფრთხილება ყველასთვის, ვინც აჯანყებას ან წინააღმდეგობას გაბედავდა.

XVIII საუკუნეში შიში მართვის მთავარი იარაღი იყო.
ეს დასჯა ემსახურებოდა სხვებისთვის მაგალითს: თუ ეწინააღმდეგები მეფეს — სახელმწიფო საჯაროდ გაგანადგურებს.

XVIII საუკუნეში მასობრივი შიშის დანერგვა საზოგადოების კონტროლის მთავარი ინსტრუმენტი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ დამიენი მარტო მოქმედებდა, ხელისუფლებამ ის ხალხის მტრად წარმოაჩინა.
გავრცელდა ხმები, რომ ის პროტესტანტების, იეზუიტების, ინგლისელების აგენტი და დიდი შეთქმულების ნაწილი იყო. ეს მმართველებს აძლევდა შესაძლებლობას გაემართლებინათ ცენზურა, კონტროლი და რეპრესიები. ისინი პოლიტიკურად დაკმაყოფილდნენ — მეფე გადარჩა, სახელმწიფომ აჩვენა თავისი ძალა და “მტერი” განადგურდა. მაგრამ მაშინაც კი ელიტაში ბევრი შეძრწუნებული იყო ამ საშინელი ისტორიით.

საზოგადოებაში თანდათან კრიტიკული აზრი გაჩნდა — სულ უფრო მეტი ადამიანი თვლიდა, რომ ასეთი სისასტიკე ანადგურებს არა მარტო დამნაშავეს, არამედ სახელმწიფოს ღირსებას.

— დამიენის სიკვდილი იქცა ძველი სამყაროს დასასრულის სიმბოლოდ, სადაც ძალაუფლება ემყარება მხოლოდ შიშს და ეს შიში იწვევს სახელმწიფოს რღვევას.
ლუი XV-ის მმართველობის პერიოდში აშკარად იგრძნობოდა სამეფო კარის მორალური კრიზისი.
ყველამ იცოდა, რომ მეფეს საყვარელი ჰყავდა, მარკიზა დე პომპადური, რომელიც ფაქტობრივად მართავდა პოლიტიკურ კურსს. შემდეგ იყო მადამ დიუბარი-ყოფილი მეძავი-რომელიც სამეფო კარის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი გახდა.

მრავალი წყარო და ჩანაწერი (მათ შორის პოლიციური) მიუთითებს, რომ არსებობდნენ საიდუმლო ჯგუფები, რომლებიც სექსუალურ ორგიებს მართავდნენ.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რევოლუცია დაიწყო.

იყო ხალხის რწმენა, რომ მეფე და არისტოკრატია ცხოვრობდნენ გარყვნილი, ამორალური ცხოვრებით, მაშინ როცა ხალხი შიმშილობდა.
ხალხმა დაინახა, რომ ერთი რიგითი ადამიანი — დამიენი — მეფის წინააღმდეგ რომ გამოვიდა, საშინლად, სასტიკად აწამეს.
ხოლო მეფე და მისი გარემოცვა ცხოვრობდა თავაშვებული, გარყვნილი ცხოვრებით, რომელიც მთელ საფრანგეთს ძვირად უჯდებოდა.
დამიენის დასჯა არ გამოდგა პრევენციად, პირიქით — მან გაამწვავა დაპირისპირება.

დამიენის ტრაგიკული ამბავი მეხსიერებაში მეფის სისასტიკის სიმბოლოდ დარჩა.
ხოლო არისტოკრატიის ქცევები — როგორც ფაქტი აღვირახსნილობისა და ურწმუნოების.
სპექტაკლში წარმოდგენილი სცენა დოკუმენტური რეალობაა, რომელიც 1757 წელს მოხდა და მაშინდელ მმართველთა ფარისევლობის, ურწმუნოებისა და უმოწყალოდ განწირული მსხვერპლის დასჯას ასახავს.
სპექტაკლში წარმოდგენილი ეს ორი ეპიზოდი წარმოაჩენს

1. დამიენის მსხვერპლად შეწირვას ძალაუფლების გასამყარებლად.
2. მომდევნო სცენაში კი ასახულია მორალური და ზნეობრივი ფსკერი. ფუფუნებასა და აღვირახსნილობაში ჩაძირული სასახლის ელიტის გარყვნილება – დამიენის სასტიკი ეგზეკუციის პარალელურად.

გთავაზობთ სპექტაკლიდან ეპიზოდის აუდიო ჩანაწერს. ასაკობრივი შეზღუდვა 18+”- წერს ნიკო თავაძე.

სხვა ამბების წაკითხვა