“გირჩი”-ს ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის პოსტი, რომელშიც ის საუბრობს იმაზე, რომ 2024 წლის არჩევნებზე, ბიძინა ივანიშვილმა დააფინანსა ნიკა გვარამია.
“წინა პოსტში ვთქვი, რომ ნიკა გვარამიას პარტიას 2024 წლის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. მიუხედავად იმისა, რომ საწინააღმდეგო არგუმენტი არავის აქვს, ჩნდება კითხვა, რაში გადაიხადა ბიძინამ ფული და რა იყო გვარამიას მოტივები. მოდით, ბიძინათი დავიწყოთ.
(წინ ცოტა რთული ტექსტი გელით. სავარაუდოდ, ბევრი ბოლომდე ვერ გავა, მაგრამ ბიძინას ტაქტიკას უფრო მარტივად ვერ აღვწერ. თან ეს ტაქტიკაც იმაზეა გათვლილი, რომ ამომრჩეველი ჩლუნგია და რომც ვინმემ მას სიმართლე უთხრას, ის ინტელექტს არ დაძაბავს და ამიტომ ვერც ვერაფერს გაიგებს)
რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ქართული პოლიტიკის გამსაზღვრელი მთავარი ფაქტორი – მიხეილ სააკაშვილია. ის არის ადამიანი, რომელსაც, როგორც ერთმა ნაცმა მითხრა, „უკვდავი“ რეიტინგი აქვს. ანუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც, რაც არ უნდა მოხდეს და რაც არ უნდა ქნას მიშამ, სულ მას მისცემენ ხმას (როგორც არსებობენ ისინი, ვინც მხოლოდ მიშას სიძულვილით გააკეთებენ არჩევანს). შეიძლება, რაოდენობრივად ასეთი ხალხი ბევრი არ იყოს, მაგრამ ასეთი „რელიგიური მიშისტების“ ირგვლივ საკმაოდ ბევრი სხვა ამომრჩეველიც კონცენტრირდება. გარდა ამისა, არიან ის ხალხი, რომელიც ზოგადად ნაციონალებს ხმას მისცემდა, მაგრამ პირდაპირ ამის აღიარება სხვადასხვა მიზეზის გამო უტყდება, თუმცა კრიტიკულ სიტუაციაში, როგორც 2021 წელს მიშას ჩამოსვლის შემდეგ მოხდა, ეს ხალხი მაინც მიშას ირგვლივ ამა თუ იმ ფორმით ერთიანდება. მიშას გარდა ამ ქვეყანაში არავის აქვს ასეთი მყარი მხარდაჭერა, ვინაიდან თავად ბიძინას მხარდაჭერაც კი უმეტესწილად „ანტიმიშაა“ და არა ის, რომ ვინმეს ბიძინას რეფორმები მოსწონს, ან საგარეო პოლიტიკა.
პოლიტიკაში კი ასობით ათასი ადამიანის მყარი მხარდაჭერა – უზარმაზარი აქტივია. კი, მიშა არ არის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი და არც ქვეყნის და არც ოპოზიციური ამომრჩევლის უმრავლესობა მას მხარს პირდაპირ არ უჭერს, მაგრამ ქვეყანაში რამე რომ მოხდეს, მხოლოდ მას აქვს ამდენი ადამიანის და ასეთი უპირობო მხარდაჭერა. ამიტომ, ბიძინას ფეხი რომ დაუსხლტეს, მიშა არის ძალაუფლების ხელში ჩაგდების პირველი პრეტენდენტი.
ამიტომ ბიძინას ტაქტიკაც ზუსტად ამ პრობლემას პასუხობს. ამომრჩეველს, ცხადია, ვერ გააქრობ, მაგრამ მისი კონტროლი ბევრ შესაძლო რისკს მოხსნის. სხვა სიტყვებით, საჭიროა ნაც. ამომრჩეველს შეუქმნა რამდენიმე „ნაცური“ პარტია და ნელ-ნელა მათი დახმარებით მიშას ეს მყარი ელექტორატი გაფანტო. შედეგად, ერთი ორგანიზებული მიშისტების ნაცვლად, მივიღებთ ბევრ ნაცურ პარტიას, სადაც მათ უმრავლესობას ამა თუ იმ ფორმით აკონტროლებს ბიძინა. ამიტომ თუ თავად მას ფეხი დაუსხლტება, ეს ფსევდონაცური პარტიები ნაც. ამომრჩეველს ისე დამწყემსავს, რომ ბიძინას პრობლემა არ შეექმნება.
არანაკლები მნიშვნელობა აქვს ასევე პარტიულ სტრუქტურას, რომლის აშენება ძალიან რთული და ძვირია და ამიტომ ასეთი სტრუქტურა ქოცების გარდა მხოლოდ ნაცებს ჰქონდათ. (მაგალითად, ლელომ მილიონები დახარჯა და ის მაინც ვერ ააწყო).
გვარამიამდე ბიძინას მხრიდან ნაცების დაშლის ყველაზე დიდი მცდელობა იყო ევროპული საქართველოს პროექტი, მაგრამ ბოკერიას მენეჯერული უნარები გადაჭარბებით აღმოჩდა შეფასებული და მიუხედავად კეზერას მილიონების და მთელი დიდი ტელევიზიის მხარდაჭერისა, „ევროპული საქართველო“ გაქრა. ნაცები კი ისევ გაძლიერდნენ.
პარტია „აჰალი“ კი პირიქით, ნაცების და მიშას ელექტორატის დაქსაქსვის ყველაზე ეფექტიანი მცდელობა აღმოჩნდა. აგერ იმის მოკლე ჩამონათვალი, რაც გვარამიამ 40 მილიონის სანაცვლოდ გააკეთა:
აახია მიშას რეგიონალური სტრუქტურა (თუ გახსოვთ ნიუსები, როგორ მიყვებოდნენ მელიას ხან ერთი, ხან მეორე რეგიონის აქტივისტები)
აახია ნაცებს ამომრჩევლების ბაზა (კარდაკარზე მიზანმიმართულად ნაცების ხმებზე ნადირობდნენ)
აახია ნაცებს ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ტელევიზია (მთავარი) და ცენზურა უკვე ნაცების წინააღმდეგ მიმართა
საარჩევნო კამპანია ჩაატარა „ჩვენც ნაცები ვართ“ და ხაბეს „ბანძი ნაცების“ ნაცვლად, მეტად „ჭკვიან“ ამომრჩეველს „ვაკე-ვერა ნაცები“ შესთავაზა
წინასაარჩევნოდ ისეთ ავანტიურაში მიაღებინა ნაცებს და თითქმის მთელ ოპოზიციას მონაწილეობა, როგორიც სალომეს ქარტიაა და მისი „ქოლგა“ (ეს რომ შეცდომა იყო და თავის დროზე გამბედაობა არ ეყოთ ეს ეთქვათ, ნაცებმა სულ ცოტა ხნის წინ აღიარეს)
გააყალბა კვლევები და დაარწმუნა ამომრჩეველი, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელია, მოგება კი გარდაუვალი
უბნების დახურვისთანავე მოგება იზეიმა და მთავრობის ჩამოყალიბება დაიწყო (ფარსი, რომელიც შემდეგ ნაბიჯთან ერთდ ამომრჩეველში დამატებით ფრუსტრაციას გამოიწვევს)
მოგვიანებით, არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა
დაიწყო პროტესტი და მალევე თავადვე გააბანძა. ჯერ კარვებში აყურყუტა ხალხი, მერე ღამე ათევინა პარლამენტთან, თავად კი ევროპებში გაემგზავრა.
ბოიკოტის იდეა გააჯინა ოპოზიციაში და ყველა პარტია ამა თუ იმ ფორმით დაიყოლია, ამით კი პოლიტიკური პროცესი მოკლა
როცა პროტესტი კობახიძემ გააცოცხლა, ყველაფერი გააკეთა, რომ პროტესტი ჩაეხშო, რადგან ერთი მხრივ, რადიკალიზაციას უწყობდა ხელს, მეორე მხრივ კი, მოკლა რაიმე შანსი დაწყებულიყო ლაპარაკი, თუ საერთოდ რას ვაპროტესტებთ და რატომ. შედეგად ხალხის ბრაზი ფუჭ და უმიზნო გასროლად დარჩა.
ყველა იდიოტური იდეის აქტივისტი და შემგულიანაბელი იყო, დაწყებული მარშებით და დამთავრებული 5 წუთიანი ბუტაფორიული გაფიცვებით, რითაც ადამიანები დაღალეს და ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯარიმების სახით ჯამში მილიონები აახიეს.
როცა საჭირო გახდა, მთავარი არხი დახურა და ეს ქოცებს დააბრალა, არადა მარტო მისი ხელფასი იყო საკმარისი, რომ არხს მუშაობა გაეგრძელებინა.
საპარლამენტო ბოიკოტის შედეგად ოპოზიციას დაახლოებით წლიურ 24 მილიონ ლარზე უარი ათქმევინა, დააკარგვინა საპარლამენტო მანდატები და გაწირა განადგურებისთვის.
ააგდო ნაცები ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტზე და ყველაზე ღირებული რამ დააკარგვინა – პარტიული სტრუქტურა, რომლის შენარჩუნებაში რეგიონალური არჩევნები კრიტიკულად აუცილებელია (რადგან ადგილობრივ თვითმმართველობებშია ბევრი დასაქმებული არჩევნებიდან არჩევნებამდე)
მოკლა შანსი რაიმე დისკუსიისა და ისე წაიყვანა საქმე, რომ წულუკიანთან დებატების ნაცვლად, ოპოზიციონრებს ციხეში წასვლა მოუწიათ. ამან, სხვა თუ არაფერი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გატეხა და ერთადერთი, შედარებით ნაკლებად კონტროლირებადი ფული ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკიდან განდევნა
4 ოქტომბრის დამხობას დაუჭირა მხარი, რამაც ნაც. მოძრაობის, როგორც პარტიის არსებობა საბოლოოდ დაასრულა…
კიდევ არის ბევრი წვრილმანი, მაგრამ მარტივად რომ ვთქვათ, გვარამიამ დედა უტირა ნაციონალურ მოძრაობას:
ფულის გარეშე დატოვა, პარტიული სტრუქტურის გარეშე დატოვა, სრულად მოკლა ამომრჩევლის რწმენა არჩევნების მიმართ (შედეგად არჩევნებზე ნაცები არც კი მივიდნენ)
სრულად გაანადგურა ნებისმიერი ნაც. პოლიტიკოსის რაიმე იმიჯი, რადგან ისეთ ქაქში აზილა, რომ უკვე არაფერი უშველით.
დადგა ბიძინასთვის იდეალური შედეგი. მიშას ამომრჩეველი დაქსაქსულია, დეზორიენტირებული, დემორალიზებული და არჩევნებისგან მოშორებული. კი, მიშა პოლიტიკურად ჯერ კიდევ ცოცხალია, მაგრამ მას უკვე არანაირი ინსტრუმენტი არ გააჩნია, რომ საკუთარი მხარდამჭერები დააორგანიზოს. მეორე მხრივ, „მიშას და ნაცების“ ბუა არსად გამქრალა, რადგან „კოლექტიური ნაც. მოძრაობა“ არსებოს, თავისი მინი-მიშებით: გვარამია, ჯაფარა, ხოშტარია, მელია და მსგავსნი. თუკი საჭირო გახდა, პენსიაზე გაშვებული ბოკერიას მსგავსი ხალხიც შეუძლია ბიძინას გააცოცხლოს ან სრულიად ახალი პარტია შექმნას, „ნაღდი ოპოზიციონრების“, რომლებიც ძველ მიშისტებზე უფრო უკომპრომისო მარშებსა და გაფიცვებს მოაწყობენ.
ოცნების გულუბრყვილო ამომრჩეველი ამ თამაშს მაინც ვერ დაინახავს, გვარამიაც მიშა ეგონება და ჯაფარაც, და „ნაცების დაბრუნების“ შიშით კიდევ ერთხელ 41-ს გააფერადებს.
აქ, არ შემიძლია, არ შევაქო ბიძინა ივანიშვილი და მისი იუმორის გრძნობა:
მისცა გვარამიას 40 მილიონი და სანაცვლოდ 100 მილიონი აახია მთელ ოპოზიციას, ბონუსად კი რამდენიმე მილიონი ოპოზიცურ ამომრჩევლის ჯიბიდან ამოიღო, სანამ ეს ამომრჩეველი ჯარიმების აკიდებით „სისტემას ღლიდა“, „ანიტა“ ნაცების ლიდერად დანიშნა და მერე „სოფლელი ნაცების“ საპირწონედ მეორე ნაცური, „ვაკელი ნაცების“ პარტია შექმნა და უფრო ინტელექტუალ ქალაქელებს გვარამია აარჩევინა. უფრო ინტელექტუალ…. რა ირონიაა, ღმერთო.
ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ ბიძინას გათვლა, რომ ქოც. ამომრჩეველი და ნაც. ამომრჩეველიც ერთნაირად ჩლუნგია და ამ თამაშს ვერ მიხვდება, ჯერჯერობით სრულდება და ქოცების და ნაცების 99% ამ სიტყვებს არც კი წაიკითხავს და გააგრძელებს ოპოზიციის იდენტიფიკაციას იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ ეშხიანად ლანძღავს ბიძინას.
ხოლო, ვინც აქამდე მაინც მოხვედით, იმედია, დარწმუნდით, რომ ბიძინას მხრიდან გვარამიას დაფინანსება, პრაგმატული და ფინანსურადაც კი მომგებიანი პროექტი იყო. თუმცა სურათი რომ კარგად შეიკრას, გვარამიას მოტივებზეც უნდა ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა. „კაცი ციხეში ზის და ნუთუ ესეც ბიძინასთან შეთანხმებული იყო?“, უკვირს ზოგიერთს. რატომაც არა, ოღონდ, ამაზე უკვე მესამე პოსტში მოგიყვებით.”- წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

