ბოლო ამბები
17/09/2026

ჯერ ვერ დავისვენებთ ბატონო ირაკლი – ღია წერილი პრემიერ ირაკლი კობახიძეს

ანალიტიკოს ირაკლი ყიფიანის ღია წერილი პრემიერ ირაკლი კობახიძეს:

ბატონო ირაკლი,

ვუსმინე თქვენს განცხადებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „ყველა ერთად დავისვენებთ“. გამეღიმა. ასეთ დაღლილ ქვეყანაში ნახევრად ხუმრობა ზოგჯერ მდგომარეობას ყველაზე ზუსტად აღწერს. ოღონდ ერთ მცირე შესწორებას შევიტანდი. ვერ დავისვენებთ, ბატონო ირაკლი. ჯერ ვერა.

ამას იმ ოთხი პოლიტიკური გაერთიანების დასაცავად არ ვამბობ. მათ ადვოკატად ვერავინ გამომიყვანს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდა მათი მმართველობა. ეს ჩვენთვის ისტორიის სახელმძღვანელოში წაკითხული შორეული ამბავი როდია. გვახსოვს 7 ნოემბერი, დარბეული „იმედი“, ციხის კედლებს მიღმა ღირსებაშელახული და ნაწამები ადამიანები, ქონების წართმევის ისტორიები, დაშინებული მოქალაქეები, უკანონო მოსმენები, დახოცილი ახალგაზრდები და შიშით გამაგრებული ძალაუფლება. გვახსოვს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას საკუთარ საკუთრებად მიიჩნევდა და განსხვავებულ აზრს მტრობად ნათლავდა.

ჩვენგან ბევრნი ჯერ კიდევ სკოლის მერხებიდან ვდგებოდით და მათ წინააღმდეგ გამართულ აქციებზე მივდიოდით. ვდგებოდით მაშინ, როდესაც ეს არც საყოველთაოდ მოსაწონი საქციელი იყო, არც უსაფრთხო და არც ვინმეს კეთილგანწყობას გვპირდებოდა. მაშინ მათ ხელში იყო პოლიცია, პროკურატურა, ციხე, სატელევიზიო სივრცის დიდი ნაწილი და თითქმის მთელი სახელმწიფო ძალა. მათი ბუნება მოგვიანებით შედგენილი ცნობებიდან არ გვისწავლია. საკუთარი თვალით ვხედავდით, რას ნიშნავდა ხელისუფლება, რომელსაც მოქალაქის წინააღმდეგ მთელი სახელმწიფოს შემობრუნება შეეძლო.

ამიტომ დღეს ზოგიერთი მაშინდელი სახის თავისუფლებისა და დემოკრატიის მოძღვრად გარდასახვა წარსულს ვერ გადაგვაწერინებს. მათმა დღევანდელმა სიტყვებმა ჩვენი მეხსიერება ვერ წაშალა. მათ წინააღმდეგ ჩვენი პოზიცია ბოლოდროინდელი პოლიტიკური გატაცება არ გახლავთ. ის ჩვენი ცხოვრების, გამოცდილებისა და მოქალაქეობრივი არჩევანის ნაწილია.
ჩვენ მათ მაშინ ვუპირისპირდებოდით, როდესაც ამის ფასი არსებობდა. დღეს, როცა ერთმანეთს ლანძღავენ, იშლებიან და საკუთარი დაშლის ნამსხვრევებს იყოფენ, მათზე მუშტის ქნევა უკვე სიმამაცის მოწმობად ვეღარ გამოდგება.

სწორედ ამიტომ ვერ დამაკმაყოფილებს მხოლოდ პარტიების აკრძალვა. ვინც წამება მოაწყო, პარტიული მოწმობის ჩამორთმევა სასჯელად ვერ ჩაეთვლება. ვინც მოქალაქეს ქონება წაართვა, ოფისის აბრის ჩამოხსნით ვერ გასამართლდება. ვინც სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა, სახელწოდების შეცვლით პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. პარტიის დახურვა პასუხისგება ვერ იქნება. პასუხისგება ნიშნავს გამოძიებას, მტკიცებულებას, კონკრეტულ ბრალეულს, სამართლიან სასამართლოსა და კანონიერ განაჩენს.

პოლიტიკური ორგანიზაციის აკრძალვა შეიძლება სახელმწიფოს თავდაცვის უკიდურეს საშუალებად იქცეს, თუმცა მართლმსაჯულების ადგილს ვერ დაიკავებს. სახელწოდებას გააუქმებ, ადამიანები კი მეორე დღეს სხვა სახელით შეიკრიბებიან. თუ მათ შორის ქვეყნისა და ხალხის წინაშე დამნაშავეები არიან, სახელმწიფოს მათი პარტიული ნიშანი კი არა, პირადი პასუხისმგებლობა უნდა აინტერესებდეს. სხვაგვარად დაგვრჩება დახურული ოფისები, პასუხგაუცემელი დანაშაულები და ხალხი, რომელსაც მსხვერპლის გვირგვინის მორგების შესაძლებლობა მიეცემა.

სამართლიან სახელმწიფოს ზიზღი ვერ მართავს. იგი თითოეულ საქმეს ცალ-ცალკე წონის, ბრალს მტკიცებულებით ამყარებს და პასუხისმგებლობას ჩადენილი ქმედების მიხედვით განსაზღვრავს. ამ გზით დამნაშავეც ისჯება და უდანაშაულო ადამიანიც დაცული რჩება. სწორედ ეს განასხვავებს სამართალს შურისძიებისგან და სახელმწიფოს ბრბოსგან.
აქ ჩნდება უხერხული, მაგრამ გარდაუვალი კითხვაც. თუ სამართლებრივი საფუძველი ამდენად მყარი იყო და დანაშაულებრივი საქმიანობის დამადასტურებელი მასალა ამდენი წლის განმავლობაში არსებობდა, რატომ დასჭირდა სახელმწიფოს 14 წელი იმისთვის, რომ ბოლოს პარტიების აკრძალვამდე მისულიყო? რატომ ვერ მივიღეთ ამ ხნის განმავლობაში სრული სამართლებრივი პასუხი იმ დანაშაულებზე, რომლებზეც საზოგადოება წლებია საუბრობს?

ამ კითხვაზე პასუხი ხელისუფლებას ეკუთვნის. დაგვიანებული მართლმსაჯულება ხშირად პოლიტიკურ საჭიროებას ემსგავსება. სამართალს თავისი დრო აქვს და იგი საარჩევნო კალენდარს, საზოგადოებრივი განწყობის ცვალებადობასა თუ რომელიმე პარტიის გაძლიერება-დასუსტებას ვერ უნდა დაემორჩილოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაც მის დასაბუთებაში გამოჩნდება. გადაწყვეტილებამდე გამარჯვების ტონი თავად სასამართლოს ტვირთს უმძიმებს და საზოგადოებაში წინასწარ შეთანხმებული დასასრულის განცდას აჩენს. ქვეყნის უმაღლესი კონსტიტუციური მსაჯულების სიტყვამ მოქალაქე უნდა დაარწმუნოს, თუნდაც მიღებული შედეგი მის პოლიტიკურ გემოვნებას არ ემთხვეოდეს. სასამართლოს ავტორიტეტი სწორედ ასე იქმნება.

დავუშვათ, სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და ოთხი პარტია აიკრძალა. შემდეგ გათენდება დილა.

პენსიონერი კვლავ ბანკომატთან დადგება და პენსიის ნაწილს ჯერ კიდევ ხელში აღებამდე ჩამოაჭრიან (ვგულისხმობ საპენსიო სესხს). აფთიაქში მისულს კვლავ მოუწევს დათვლა, რომელი წამალი იყიდოს ახლა და რომელი გადადოს შემდეგი თვისთვის. მაღაზიაში პურის, რძის, ზეთისა და ხორცის ფასს რამდენჯერმე შეხედავს, შემდეგ კი კალათიდან რაღაცას უკან დააბრუნებს. მთელი ცხოვრება ნამუშევარ ადამიანს სიბერის წლები ბანკის ვალის მომსახურებად არ უნდა ექცეოდეს.

სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახი ისევ დაითვლის, ეყოფა თუ არა მიღებული თანხა კომუნალურ გადასახადებზე, ბავშვის კვებაზე, ტანსაცმელსა და ზამთრის გასათბობად. ორი დასაქმებული ადამიანის ოჯახიც თვის ბოლოს ვალს დაითვლის, რადგან ხელფასი შრომას ყოველთვის ვერ მისდევს, ფასები კი ხელფასს თითქმის ყოველთვის უსწრებს.
ახალგაზრდა წყვილი წლობით იქირავებს სხვის სახლს და საკუთარი ჭერის შეძენას მიუწვდომელ ოცნებად დაიტოვებს. ქირა შემოსავლის დიდ ნაწილს წაიღებს, იპოთეკა კი ათწლეულების ვალდებულებას დააკისრებს. შვილის გაჩენის სურვილიც ხშირად სიყვარულისა და ოჯახური სიხარულის საკითხიდან საბანკო ანგარიშისა და საცხოვრებელი ფართის გამოთვლად გადაიქცევა.

დედა კვლავ წავა უცხოეთში სხვისი მოხუცის მოსავლელად, რათა საქართველოში საკუთარი შვილები არჩინოს. მამა შვილების გაზრდას ეკრანიდან უყურებს. ახალგაზრდა სამშობლოში საკუთარი ადგილის ძებნას შეწყვეტს და მომავალს აეროპორტის გასასვლელის იქით დაუწყებს ძებნას. ქვეყანას მხოლოდ ადამიანები კი არ ტოვებენ. მათთან ერთად მიდის ცოდნა, შრომის უნარი, ენერგია, ოჯახები და ჯერ კიდევ დაუბადებელი თაობებიც.

სოფელში შეიძლება ახალი გზა მივიდეს, მაგრამ თუ ამ გზით ყველა წავიდა და უკან აღარავინ დაბრუნდა, კეთილმოწყობილი გზა დაცარიელებული სოფლის ნუგეშად ვერ გამოდგება. სოფელს გზა სჭირდება, თუმცა გზასთან ერთად სჭირდება სკოლა, ექიმი, აფთიაქი, წყალი, კავშირი, სამგზავრო მიმოსვლა, სამუშაო და საკუთარი შრომით მოყვანილი მოსავლის გაყიდვის შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში გზა მხოლოდ იმას გაამარტივებს, რომ იქაურობა უფრო სწრაფად დატოვონ.

საქართველო მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაცია, რუსთაველის გამზირი და პარტიული ოფისები როდია. საქართველო ის ფერმერია, რომელსაც მოსავალი მოჰყავს, მაგრამ სარფიანად გაყიდვის საშუალება არ ეძლევა. ის მცირე მეწარმეა, რომელიც პატიოსნად შრომობს, თუმცა გავლენიან მფარველთან და შეღავათიან პირობებში მყოფ მეტოქესთან თანაბარ ბრძოლას ვერ ახერხებს. ის მასწავლებელია, რომელსაც მომავალი თაობის აღზრდას ვანდობთ, საკუთარი ოჯახის ღირსეულად რჩენა კი კვლავ უჭირს. ის ექიმია, რომელიც გადაღლილი მორიგეობის შემდეგ უკეთესი ანაზღაურების საძებნელად ქვეყნის დატოვებაზე ფიქრობს.

საქართველო ის ავადმყოფიცაა, რომელსაც დაფინანსების საბუთების მოგროვება ზოგჯერ თავად ავადმყოფობაზე მეტად ღლის. ის ბავშვია, რომლის განათლების ხარისხი მშობლების საფულესა და საცხოვრებელ ადგილზეა მიბმული. ის დევნილია, რომელსაც ათწლეულების შემდეგაც დროებითი ყოფის განცდა დაჰყვება. ის მარტოხელა მოხუცია, რომელსაც თვეში ერთხელ პენსიის მიმტანი უფრო ხშირად ნახულობს, ვიდრე სოციალური მზრუნველობის წარმომადგენელი. ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეა, რომლისთვისაც მრავალი შენობა, ქუჩა და მომსახურება ჯერ კიდევ მიუწვდომელია.

ამას ემატება თბილისსა და რეგიონებს შორის ცხოვრების შესაძლებლობათა დიდი სხვაობა, ახალგაზრდა ოჯახებისთვის საცხოვრებლის თითქმის მიუწვდომლობა, ქირისა და იპოთეკის მძიმე ტვირთი, რეგიონებში ხარისხიანი სამედიცინო დახმარების სიმწირე, მოსახლეობის კლება, დაცარიელებული სოფლები, შრომასთან შეუსაბამო ანაზღაურება, ძვირი საკვები და მედიკამენტები, ოჯახების საბანკო ვალდებულებები, სოციალური შემწეობის გაუმართავი წესები, განათლების ხარისხი, სოფლის მეურნეობის მოუწყობლობა, ნარკომანიითა და აზარტული თამაშებით დანგრეული ოჯახები, სასამართლოსადმი შერყეული ნდობა და ოკუპირებული ტერიტორიები.

ცალკე სატკივრად რჩება ის მავნე წესი, როდესაც სამსახურში მიღებასა და დაწინაურებას ცოდნაზე, პატიოსნებასა და საქმის კეთების უნარზე მეტად ნაცნობობა, პირადი ერთგულება და გავლენიანი მფარველი წყვეტს. ქვეყანას უამრავი განათლებული და წესიერი ადამიანი ჰყავს, რომელთა ნიჭსაც სახელმწიფო ვერ იყენებს. მათი ნაწილი ჩუმდება, ნაწილი მიდის, ნაწილი კი იმედს კარგავს. ასე იკარგება ქვეყნის ყველაზე ძვირფასი ქონება, ადამიანის გონება და უნარი.

ამ ყველაფრის თქმა მთავრობის მიერ გაკეთებული საქმეების გადახაზვას არ ნიშნავს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ურთულეს საერთაშორისო გარემოში ქვეყანამ მშვიდობა შეინარჩუნა. აშენდა გზები, მოწესრიგდა არაერთი ქალაქი და სოფელი, განხორციელდა მნიშვნელოვანი მშენებლობები, ეკონომიკური ზრდაც გამოგონილი ამბავი ნამდვილად არაა. ამის დანახვასა და აღიარებას პოლიტიკური მიკერძოება არ უნდა უშლიდეს ხელს.

გაკეთებული საქმე მადლობას იმსახურებს. ხელისუფლების წარმატება მის პასუხისმგებლობას კი არ ამცირებს, ზრდის. თუ სახელმწიფოს რაღაცის გაკეთება შეუძლია, საზოგადოებას სრული უფლება აქვს, უფრო მეტიც მოსთხოვოს.

ეკონომიკური ზრდა საბოლოოდ ადამიანის სუფრასთან, აფთიაქში, ოჯახსა და სოფელში უნდა მივიდეს. თუ მოქალაქე ამ ზრდას საკუთარ ცხოვრებაში ვერ გრძნობს, მისთვის იგი ტელევიზორიდან მოსმენილ რიცხვად რჩება. საშუალო ხელფასი ადამიანთა უმრავლესობის ხელფასს ყოველთვის ვერ ასახავს. ქვეყნის გამდიდრება და მოქალაქის კეთილდღეობა მხოლოდ მაშინ უახლოვდება ერთმანეთს, როდესაც ზრდის ნაყოფი საზოგადოების ფართო ფენებამდე აღწევს.

არისტოტელეს ძველი საზომით, სახელმწიფო მხოლოდ ერთად ცხოვრებისათვის კი არა, ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობისთვის იქმნება. მისი სიმტკიცე მარტო იმით ვერ გაიზომება, რამდენად მკაცრად ეპყრობა მტრებს. გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ იცავს იგი ჩვეულებრივი მოქალაქის ღირსებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ძლიერი ხელისუფლების საზომი სუსტი ოპოზიცია ვერ იქნება.

დიახ, ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირება, ურთიერთლანძღვა, გაუთავებელი დაყოფა და პირადი ანგარიშების საჯაროდ გასწორება მათი უძლურების ნიშანია. ამ შეფასებაში გეთანხმებით. მაგრამ მათი დასუსტება ქვეყანას თავისთავად ვერ გააძლიერებს. უსუსური ოპოზიცია ხელისუფლებისთვის შეიძლება მოხერხებული აღმოჩნდეს, სახელმწიფოსთვის კი საფრთხეს შეიცავს. ქრება გონიერი შეჯიბრება, ხელისუფლებას საკუთარი შეცდომების დამნახავი სარკე უმცირდება, მოქალაქის სამართლიანი კრიტიკა კი გაკოტრებული პოლიტიკოსების ხმაურში იკარგება.

ხელისუფლების სიმწიფე სწორედ მაშინ გამოჩნდება, როდესაც იგი ერთმანეთისგან გაარჩევს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას, უგუნურ პოლიტიკურ ყვირილსა და კეთილსინდისიერ მოქალაქეობრივ კრიტიკას. ყველა უხერხული კითხვისთვის მტრის იარლიყის მიწებება შეიძლება დროებით მოსახერხებელი იყოს, მაგრამ ქვეყანას აზროვნების სივრცეს უკარგავს.

მე არც ხელისუფლების დაკნინება მსურს და არც გაკოტრებული პოლიტიკური ძალების გადარჩენა. მათ საკუთარი სიტყვებისა და საქმეებზე პასუხი თავად უნდა აგონ. თქვენ კი იმიტომ მოგმართავთ, რომ დღეს ხელისუფლებას აქვს სახელმწიფო უწყებები, საბიუჯეტო სახსრები, გადაწყვეტილების მიღების ძალა და შესაბამისად, ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაც.

14 წლის მმართველობის შემდეგ წარსული კვლავ მნიშვნელოვანია, თუმცა აწმყოს ყველა ნაკლს ვეღარ ახსნის. ხელისუფლებაში მოსვლისას მიღებული მემკვიდრეობა ერთხანს ბევრ რამეს განმარტავს. წლების შემდეგ მოქალაქე უკვე საკუთარი მმართველობის შედეგს კითხულობს. მას სრული უფლება აქვს იცოდეს არა მხოლოდ ის, ვინ იყო უარესი გუშინ, არამედ ისიც, რა გახდება უკეთესი ხვალ.

თუ ნამდვილად მიგაჩნიათ, რომ ეს პოლიტიკური ძალები ქვეყნისთვის დამაზიანებელნი არიან, მათთვის ყველაზე მძიმე პასუხი ისეთი საქართველოს აშენება იქნება, სადაც დასაბრუნებლად ნიადაგი აღარ დარჩებათ. პოლიტიკური შურისგებით დაბრუნებას გაჭირვება, უსამართლობა, ქედმაღლობა და უიმედობა კვებავს. კარგი მმართველობა კი მას საზრდოს აცლის.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საზოგადოებას მხოლოდ გამარჯვების განცხადებას ნუ შესთავაზებთ. უთხარით, როგორ და რა ვადაში შემსუბუქდება საპენსიო სესხების ტვირთი. როგორ შეიქმნება ღირსეული სამუშაო ადგილები რეგიონებში. როგორ დაუბრუნდება ახალგაზრდას სამშობლოში დარჩენის სურვილი. როგორ გახდება ახალგაზრდა ოჯახისთვის საცხოვრებელი ხელმისაწვდომი. როგორ მივა ეკონომიკური ზრდა იმ ოჯახამდე, რომელსაც იგი დღეს მხოლოდ მოხსენებებში ისმენს.

უთხარით, როგორ დაიცავს სახელმწიფო გლეხს, მასწავლებელს, ექიმს, მცირე მეწარმეს, დევნილს, მარტოხელა მოხუცს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანსა და სოციალურად დაუცველ ბავშვს. როგორ გახდება თანამდებობაზე დანიშვნის საზომი ცოდნა, პატიოსნება და საქმის კეთების უნარი. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას შეუსრულებელ დაპირებაზე.
საზოგადოებას მხოლოდ იმას ნუ ეტყვით, ვის უკეტავთ კარს. უთხარით, ვის უხსნით მომავალს.

ოთხი პარტიის გაქრობა მილიონობით მოქალაქის საზრუნავს ვერ გააქრობს. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება პარტია გაუქმდეს, მაგრამ იმავე განჩინებით სიღარიბე, ემიგრაცია, ავადმყოფობა, უსამართლობა, უნდობლობა და დაცარიელებული სოფელი ვერ გაქრება. ამ სატკივრებს ყოველდღიური, გონიერი და პატიოსანი მმართველობა სჭირდება.
დავისვენებთ მაშინ, როდესაც პენსიონერს საკუთარი სიბერის ფულის წინასწარ სესხება აღარ დასჭირდება.

დავისვენებთ მაშინ, როდესაც შრომა ადამიანს მხოლოდ გადარჩენისთვის ან არსებობისთვისკი არა, ღირსეულად ცხოვრებისთვის ეყოფა.
დავისვენებთ მაშინ, როდესაც ემიგრაცია თავისუფალი არჩევანი გახდება და გადარჩენის ერთადერთ გზად აღარ დარჩება.
დავისვენებთ მაშინ, როდესაც სოფელს ბავშვი, სკოლა, ექიმი, წყალი, გზა, კავშირი, სამუშაო და გასაღების ბაზარი ექნება.

დავისვენებთ მაშინ, როდესაც ავადმყოფი წამალსა და პურს შორის არჩევანის წინაშე აღარ დადგება.
დავისვენებთ მაშინ, როდესაც ახალგაზრდას საკუთარი სახლის შეძენა მთელი ცხოვრების აუხდენელ ოცნებად აღარ ექცევა.
დავისვენებთ მაშინ, როდესაც თანამდებობას ერთგულების მოწმობით კი არა, ცოდნით, ნიჭითა და შრომით დაიმსახურებენ.

დავისვენებთ მაშინ, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება გამარჯვებული ბანაკის ზეიმის ნაცვლად მთელი საზოგადოების ნდობის საფუძველი გახდება.
დავისვენებთ მაშინ, როდესაც ხელისუფლება კრიტიკულ სიტყვაში სახელმწიფოს მტერს აღარ მოძებნის, ოპოზიცია კი საქართველოს ინტერესს უცხოელი მფარველების კეთილგანწყობაზე აღარ გაცვლის. მანამდე, ბატონო ირაკლი, დასვენება ნაადრევია.

დრო კი არ გვეპარება, ადამიანები გვეპარებიან. ახალგაზრდები, მშობლები, მუშახელი, განათლებული ადამიანები, ოჯახები, სოფლები, ნდობა და ქვეყნის ხვალინდელი დღე. სახელმწიფოსთვის ამაზე დიდი დანაკარგი ვერც ერთი პარტიის არსებობა გახდება და ვერც მისი აკრძალვა.

პარტიულ აბრას სასამართლო ხსნის. ქვეყნის ჭრილობებს მხოლოდ კარგი მმართველობა კურნავს. ვერ დავისვენებთ, ბატონო ირაკლი. ჯერ საქართველო გვაქვს მოსაწყობი.”- წერს ირაკლი ყიფიანი.

სხვა ამბების წაკითხვა