საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრს − ნენსი ფეზერს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
“პრემიერმა ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. მთავრობის მეთაურმა გამოჩენილი მხარდაჭერისათვის გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისადმი განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ეფუძნება საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობისა და ურთიერთნდობის პრინციპებს.”- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ოფიციალურ პრე-რელიზში.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს