ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი აქვეყნებს ირგანიზაცია “ELECTION WATCH EU-ს ანგარიშს ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით.
“მაშინ, როცა მთელმა ლიბერალურმა სამყარომ ქართული საარჩევნო პროცესის განკითხვისათვის მოიცალა, მოდით გადავხედოთ, როგორ ატარებენ ისინი თავიანთ არჩევნებს.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ევროპულ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებზე დარღვევების შესახებ მრავალი ფაქტია მოყვანილი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებსა და მედიაში, მასშტაბურობიდან გამომდინარე, ყურადღებას გავამახვილებთ ევროპარლამენტისა და აშშ-ში ბოლო წლებში ჩატარებულ არჩევნებზე.
წარმოდგენილი ფაქტები ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და აშშ-ში ჩატარებული არჩევნები შორს არის მათ მიერვე დეკლარირებული სტანდარტებიდან და მათი ლეგიტიმურობა მათივე სტანდარტით, საეჭვოა. შესაბამისად, თვალთმაქცობაა მათ მიერ სხვა ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების შეფასება, კრიტიკა და მით უფრო, დირექტივები ამ ქვეყნების მისამართით.
Election-Watch.EU – ევროპარლამენტის არჩევნების შეფასების მისიის საბოლოო ანგარიში
ბმული: https://www.wahlbeobachtung.org/…/election-watch.eu-eam-ep…
Election-Watch.EU არის დამოუკიდებელი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომლის მიზანიც ევროპის ქვეყნებში არჩევნებისა და საარჩევნო პროცესების დაკვირვება და შეფასებაა. საერთაშორისო ორგანიზაციის, არჩევნების დამკვირვებელთა ქსელის მიერ (Election-Watch.EU) 2024 წლის 30 სექტემბერს, გამოქვეყნებულ ანგარიშში, ევროპარლამენტის არჩევნების შესახებ საინტერესო ფაქტების შესახებ ვღებულობთ ინფორმაციას.
ორმაგი ხმის მიცემა
ანგარიშის მიხედვით არჩევნები მზარდი გამოწვევებისა და პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს ფონზე წარიმართა. 2024 წელს, 425 მილიონზე მეტი ევროპელი მოქალაქიდან დაახლოებით 355 მილიონი დარეგისტრირდა პარლამენტის არჩევნებისთვის, თუმცა არ არსებობს მონაცემთა გაცვლის მექანიზმი ქვეყნებს შორის, რაც მოქალაქეების მიერ ორმაგი ხმის მიცემის, ე.წ. „კარუსელის“ საშუალებას იძლევა (ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია პირმა ჯერ ერთ ქვეყანაში მისცეს ხმა და შემდეგ მეორე ქვეყანაში). ამასთან, ამომრჩეველთა სიებში გარდაცვლილი მოქალაქეები დაფიქსირდა.
ფარულობა
ვიცით, რომ ფარულობის პრინციპის დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ ყუთში ბიულეტენი თვითონ ამომრჩეველმა მოათავსოს, თუმცა, შვედეთსა და პორტუგალიაში, ამას საარჩევნო უბნის წევრები აკეთებენ. ასევე, საბერძნეთსა და მალტაში, კენჭისყრის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დახმარების გაწევას საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ახორციელებენ.
განსაკუთრებული შეშფოთების საგანს წარმოადგენდა, გადასატანი საარჩევნო ყუთის გამოყენებით ხმის მიცემის საკითხი, რადგან დაფიქსირდა მთლიანობისა და ფარულობის ზომების დაცვასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები (ავსტრია, ბულგარეთი, ჩეხეთი).
არჩევნებზე დაკვირვება
მოგეხსენებათ, რომ არჩევნებზე დაკვირვება დემოკრატიული საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობისა და ნდობის გასაძლიერებლად ეფექტური გზაა. შესაბამისად მნიშვნელოვანია ქვეყანას გააჩნდეს, იმგვარი სამართლებრივი მოწესრიგება, რომელიც არჩევნებზე დაკვირვების გარანტია იქნება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ევროკავშირის მხოლოდ შვიდ სახელმწიფოს აქვს საკანონმდებლო ჩარჩო და აკრედიტაციის პროცედურები, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის.
შედეგების გასაჩივრება
ევროკავშირის შვიდ სახელმწიფოში არჩევნების საბოლოო შედეგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები არ ექვემდებარება განხილვას და გასაჩივრებას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.
საარჩევნო დავები
ევროკავშირის მოქალაქეების 37 პროცენტი საკუთარი ეროვნული სასამართლოების და მოსამართლეების დამოუკიდებლობას ძალიან ან საკმაოდ ცუდად აფასებს. ამ ფონზე საარჩევნო დავების გადაწყვეტის ეფექტურობა EAM-ის თანამოსაუბრეებმა შეაფასეს ნაკლებად პოზიტიურად, ვიდრე სხვა სფეროები, რაც მეტყველებს რომ აქ კიდევ უფრო ცუდადაა საქმე. საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების მონაწილეობა
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წლევანდელ არჩევნებზე საზღვარგარეთ იმაზე მეტი უბანი გაიხსნა, ვიდრე იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მათ შორის, იმ ქვეყნებშიც, სადაც საარჩევნო უბნები წინა არჩევნებზე საერთოდ არ გახსნილა, ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხი მანიპულირების საგნად მაინც იქცა. ამავე დროს, მსოფლიოს არაერთ ქვეყანას ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეზღუდული აქვს. მათ შორის ევროკავშირის ოთხი ქვეყანა (ჩეხეთი, ირლანდია, მალტა, სლოვაკეთი) თავის მოქალაქეებს არ სთავაზობს უცხოეთიდან ხმის მიცემის შესაძლებლობას. ზოგიერთი კი, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს არ ხსნის.
მედიის თავისუფლება
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი ზოგადად მიიჩნევა უსაფრთხო სივრცედ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიისთვის, ანგარიშში მოყვანილია ფაქტები, რომ არსებობს დაკავების, თვალთვალის, პოლიტიკური ზეწოლისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევები.
აქტიური საარჩევნო უფლება
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლიბერალურ ქვეყნებში სულ უფრო მცირდება არჩევნებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარი. ბელგია და გერმანია შეუერთდნენ ავსტრიას და მალტას და ხმის მიცემის ასაკი 16 წლამდე შეამცირეს. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ლიბერალები კარგავენ რა თანამოაზრეებს, ამ პრობლემის გადაჭრას მარტივად, ახალგაზრდებზე ზემოქმედებით ცდილობენ. ხოლო, აღნიშნულ ქმედებებს პოლიტიკურ
ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობად წარმოაჩენენ.
საარჩევნო სისტემა
ანგარიშში ნათქვამია, რომ პროპორციული წარმომადგენლობის სისტემა არათანაბრად არის დანერგილი ქვეყნების მასშტაბით და მანდატების მოსაპოვებლად სხვადასხვა ბარიერია დაწესებული, რაც რიგ შემთხვევებში არ იძლევა ამომრჩევლის მიერ გამოხატული ნების ადექვატური ასახვის მექანიზმს შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის შესაძლებლობის სახით.
ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განცხადება 2022 წლის 8 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შუალედური არჩევნების შესახებ
ბმული: https://www.osce.org/odihr/elections/usa/530671
გაყალბების შესახებ ბრალდებები
არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებები არც დემოკრატიის ციტადელისთვის – აშშ-თვის არის უცნობი, უფრო მეტიც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ წარმოებულმა კამპანიამ მომდევნო არჩევნებზეც იქონია გავლენა. პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მხრიდან ბრალდებებმა, რომ დაუსწრებელმა ხმის მიცემამ და საარჩევნო ყუთების(ballot drop boxes – ყუთები დაუსწრებელი საარჩევნო ბიულეტენების მიღების მიზნით მოთავსებულია ქალაქში) გამოყენებამ 2020 წლის არჩევნების გაყალბება გამოიწვია, უარყოფითად იმოქმედა მომდევნო საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობაზე.
რესპუბლიკელებმა გააპროტესტეს წესები, რომლებიც მიზნად ისახავს ხმის მიცემის ალტერნატივების გაფართოებას, ამტკიცებენ, რომ ეს ეწინააღმდეგება სახელმწიფო კანონებს და ქმნის არჩევნების გაყალბების პოტენციალს. ამასთან, კენჭისყრის დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, რომ ხშირად ამომრჩევლები არ იყვნენ სიაში და ასეთ ამომრჩევლებს აძლევდნენ დროებით ბიულეტენებს, გარკვეულ პერიოდში მათი ვერიფიკაციის მიზნით, რაც ცალსახად გამორიცხავს ხმის მიცემის ფარულობას.
ამომრჩეველთა დუბლირება
ამომრჩეველთა რეგისტრაცია ჩრდილოეთ დაკოტას გარდა ყველა შტატში აქტიურია. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, არჩევნების დღეს რეგისტრაციის შესაძლებლობა იძლევა უფრო ინკლუზიურ მონაწილეობის საშუალებას, თუმცა ეს პროცედურები ხელს უშლის ამომრჩეველთა რეესტრის ზუსტი მონაცემების შეგროვებას, რაც პოტენციურად ჩანაწერების დუბლირებას იწვევს. აღნიშნული კი შესაძლოა მრავალჯერადად ხმის მიცემის წინაპირობა გახდეს, რაც საერთაშორისო კარგ პრაქტიკას არ შეესაბამება.
ფარულობა
საინტერესოა ის ფაქტი, რომ დაუსწრებელი კენჭისყრა ტარდება უკონტროლო გარემოში, რაც ეუთო/ოდირის შეფასებით სხვა ფაქტორებთან ერთად არ იძლევა კენჭისყრის ფარულობის გარანტიას და იძლევა ამომრჩეველთა ნებაზე ზემოქმედების შესაძლებლობას.
საარჩევნო მოხელეების მიმართ ნდობის ნაკლებობა
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავარი საარჩევნო ადმინისტრატორების პოლიტიკური კუთვნილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ქმნის ინტერესთა კონფლიქტს და ამცირებს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობას. უფრო მეტიც, საარჩევნო უბნების გადანაწილება ხორციელდება სხვადასხვა ორგანოს მიერ სხვადასხვა შტატში და ძლიერ პოლიტიზებულია. სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ კომისიების შემადგენლობა და დანიშვნის მეთოდი ყოველთვის არ უზრუნველყოფდა მათ დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, როგორც ამას საერთაშორისო კარგი პრაქტიკა მოითხოვს.
საარჩევნო მოხელეების დაშინება
სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები იუწყებიან, რომ შემაშფოთებელი იყო შევიწროების, მუქარის და ძალადობის შემთხვევები კანდიდატების, მათი ოჯახის წევრებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ, ისევე როგორც ამომრჩეველთა დაშინება. ეუთო/ოდირის თანამოსაუბრეთა უმეტესობამ შეშფოთება გამოთქვა საარჩევნო მოხელეებისა მიმართ ძალადობის განხორციელების მუქარის მზარდი რაოდენობის შესახებ შტატებისა და ადგილობრივ დონეზე. საარჩევნო მუშაკების მიმართ მუქარა, უმეტეს შემთხვევაში, სატელეფონო ზარებითა და სოციალური მედიით ხორციელდებოდა, საარჩევნო მოხელეების მიმართ მუქარამ პერსონალის დაქირავებისა და შენარჩუნების კუთხით პრობლემები შექმნა. ეუთო/ოდირს აცნობეს რომ 2021 წლის 1 ივლისიდან მოყოლებული თითქმის 2000 მტრული ან შემავიწროებელი კონტაქტების შემცველი შეტყობინება მიიღეს, რომლებიც გავლენას ახდენდნენ საარჩევნო ადმინისტრატორებზე.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ უმეტეს შემთხვევაში, შტატებისგან საარჩევნო მოხელეთა ხელფასების და საარჩევნო აღჭურვილობისთვის ხელმისაწვდომი თანხები მკაცრად შეზღუდული იყო.
არჩევნებზე დაკვირვება
მაშინ, როდესაც დემოკრატიული არჩევნებისთვის დაკვირვების შესაძლებლობა ერთ-ერთ მნიშვნელოვანია, თხუთმეტი შტატი არ იძლევა კენჭისყრის დღეს საერთაშორისო დაკვირვების საშუალებას. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, დამკვირვებელთა წვდომის წესების ფართო განსხვავება და მათი განსხვავებული გამოყენება აკნინებს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და ეწინააღმდეგება ეუთოს ვალდებულებებს.
საარჩევნო დავები
ეუთო/ოდირის შეფასებით, შეტანილი საჩივრების შესახებ ინფორმაცია სისტემატურად არ ქვეყნდებოდა და საჩივრების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია საზოგადოებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი.
ელექტრონული ტექნოლოგიები
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს ხმის მიცემის აპარატების ან ბიულეტენების სკანერების გაუმართაობის შემთხვევები. ამასთან, მისიის შეფასებით, ზოგიერთ შტატში შენარჩუნებულია აპარატები, რომლებიც არ უზრუნველყოფენ ქაღალდის კვალის არსებობას, რაც კარგ საერთაშორისო პრაქტიკას ეწინააღმდეგება.
წარმოდგენილი მაგალითების განხილვის შედეგად, ნათელია, რომ ევროკავშირის წევრ სახელწიფოებსა და აშშ-ში ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულად მიჩნევა რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკური რევერანსია. რეალურად ამ არჩევნებზე ირღვევა ფუნდამენტური პრინციპები. მათი საარჩევნო სისტემები არ უზრუნველყოფს თანასწორობას, ამომრჩეველთა უფლებების დაცვას, კენჭისყრის ფარულობას, საზოგადოებისთვის არ არის ხელმისაწვდომი შესაბამისი ინფორმაცია, იზღუდება საარჩევნო პროცესზე დაკვირვება, აგრეთვე სახეზეა არჩევნების გაყალბების არაერთი საშუალება, ამასთან სახეზეა შედეგების გასაჩივრების შეზღუდვაც.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი ქვეყნები, ვერ იქნებიან დემოკრატიის საზომები და მათ მიერ სხვა ქვეყნებში არჩევნების შეფასება არის ორმაგი სტანდარტისა და თვალთმაქცობის მაგალითი.”– წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს