ანალიტიკოს ირაკლი ყიფიანის ღია წერილი კულტურის მინისტრ თინა რუხაძეს:
დიდი ხანია, საჯარო სივრცესა და პოლიტიკურ დისკურსს ვაკვირდები, თუმცა იშვიათად თუ განმიცდია ისეთი ღრმა, ონტოლოგიური სევდა და, არ დავმალავ, აღშფოთება, როგორიც ერთ-ერთ ბოლოდროინდელ საჯარო გამოსვლაში თქვენი მოსმენისას დამეუფლა. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, პოლიტოლოგს და ქრისტიანს, არ შემიძლია დუმილით ვუპასუხო იმ კულტურულ კაპიტულაციას, რომელიც თქვენ ტრიბუნიდან, სრულიად უდარდელი სახით გვამცნეთ.
მარტინ ჰაიდეგერი ბრძანებდა: „ენა ყოფიერების სახლია“. ამ სახლში ცხოვრობს ადამიანი და ამ სახლშივე ბინადრობს ერის სული. როდესაც კულტურის მინისტრი, პირი, რომელსაც ერის სულიერი და ინტელექტუალური საგანძურის დაცვა აბარია, საკუთარ ყოფიერების სახლს ანგრევს და მის ნანგრევებზე იაფფასიანი, პლასტმასის კორპორატიული ჟარგონებისგან შეკოწიწებულ ჯიხურს დგამს, ეს მხოლოდ ლინგვისტური პრობლემა როდია; ეს შინაგანი სიცარიელისა და აზროვნების სიმწირის უტყუარი დიაგნოზია.
ფრანგი სოციოლოგი პიერ ბურდიე კულტურულ კაპიტალზე საუბრობდა, როგორც ფარული ძალაუფლების ინსტრუმენტზე. თქვენი ეს ლექსიკა — „სტეიქჰოლდერები“ და „დაგააბდეითებთ“ — სინამდვილეში არა პროგრესულობის, არამედ ძალაუფლებრივი კომპლექსებისა და პროვინციული არასრულფასოვნების განცდის გამოვლინებაა. ეს არის მცდელობა, იაფფასიანი ტექნოკრატიული შირმით გადაფაროთ ის ფაქტი, რომ სათქმელი უბრალოდ არაფერი გაქვთ. როდესაც მინისტრი ერს კორპორატიული ჟარგონით ესაუბრება, ის მას უყურებს არა როგორც ცოცხალ, ისტორიულ ორგანიზმს, არამედ როგორც შპს-ს, რომლის აქციონერებიც სადღაც შორს, უხილავ ოფისებში სხედან. ეს კოლონიური აზროვნების კლასიკური ნიმუშია, როდესაც ლოკალური ადმინისტრატორი მეტროპოლიის ენის დამახინჯებული იმიტაციით ცდილობს საკუთარი „ელიტარულობის“ ხაზგასმას.
ჩვენი სარწმუნოების მიხედვით, დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან. მართლმადიდებლური გადმოსახედიდან, ენა არ არის კომუნიკაციის მშრალი მექანიკა; იგი საღვთო საჩუქარია. ეს ყველაფერი ბაბილონის გოდოლის ტრაგიკომიკურ მშენებლობას მაგონებს: როდესაც ადამიანებმა სულიერი ორიენტირი დაკარგეს, პირველი, რაც დაირღვა, სწორედ ენა იყო. თქვენი საუბარი არა კომუნიკაციის, არამედ მისი იმიტაციის, ენობრივი ქაოსის სურათია. ქართულ, სამოციქულო ენას, რომელზეც წმინდა მამები მეტყველებდნენ, თქვენ ანაცვლებთ მახინჯი ბარბარიზმებით და ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, ბილწავთ სულიერ სივრცეს.
რუსთაველის, ილიასა და ვაჟას სამშობლოში კულტურის მინისტრი არ უნდა საუბრობდეს უნიჭო მენეჯერის ენით. „სფიჩებს ზეპირად ვამბობ“… — ეს ფრაზა არა თქვენს თანამედროვეობაზე, არამედ იმაზე მეტყველებს, თუ რაოდენ ტრაგიკულად ხართ მოწყვეტილი იმ დიდებულ მემკვიდრეობას, რომლის მსახურებაც განგებამ გარგუნათ. ქართული ენის მონუმენტურობის ფონზე, თქვენი ლექსიკა ჰგავს უგემოვნო გრაფიტის მიჯღაბნას სვეტიცხოვლის ტაძრის ფრესკებზე.
ნუთუ ერთი წამით მაინც არ გაკრთობთ იმის გაფიქრება, რომ დღეს, თქვენი ტრიბუნიდან ნასროლი ყოველი ამ პლასტმასის ჟარგონის გაგონებაზე, ჩვენი წინაპრები საფლავში ტრიალებენ? დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ქართული ენის შეურაცხყოფას არ შეეგუა და ამისთვის გადასახლებაში მოწამებრივი სიკვდილი მიიღო; ილია ჭავჭავაძე, რომელმაც ენა ეროვნული სამების საკრალურ საძირკვლად აქცია და მისი დაცვისთვის სიცოცხლე დათმო… თქვენი მეტყველება ხომ მათ მიერ გაღებული მსხვერპლის უდიერი შეურაცხყოფა და იმ სისხლისა და მელნის გაუფასურებაა, რომლითაც ჩვენი სულიერი კონსტიტუცია დაიწერა. იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე, ვინც ამ ენას ჯვარცმული იცავდა, თქვენი ე.წ. „აბდეითები“ არა უბრალოდ უგემოვნობაა, არამედ ეროვნული მეხსიერების წაშლის მცდელობა და მათ საფლავებზე გამართული ტრაგიკომიკური ცეკვაა.
დღეს, როდესაც გლობალიზაციის ქარცეცხლში ენის ეროზია და ახალგაზრდა თაობებში მისი ვულგარიზაცია ისედაც ეგზისტენციალურ საფრთხედ ქცეულა; როდესაც სახელმწიფო და, უპირველეს ყოვლისა, თქვენი უწყება ენის გადარჩენის უკანასკნელ ბასტიონად უნდა აღმართულიყო — თქვენ, ნაცვლად ამისა, სრულიად კაპიტულანტურ მაგალითს იძლევით. რა ვუპასუხო, ქალბატონო მინისტრო, ჩემი მეგობრის შვილებს, როდესაც მათ ყოველდღიურ მეტყველებაში შემოპარულ ბარბარიზმებზე მკაცრ შენიშვნას ვაძლევ? იცით, რას მიპასუხებენ სრულიად ლოგიკურად და სამართლიანად? „ირაკლი, კულტურის მინისტრი ტრიბუნიდან ასე საუბრობს და ჩვენ რას გადაგვეკიდეო?“ აცნობიერებთ კი, რა ჩაიდინეთ? თქვენ, კულტურის მინისტრმა, ინდულგენცია გამოუწერეთ სიბრიყვესა და ენობრივ დეგრადაციას. თქვენ ახალგაზრდებს მიეცით ოფიციალური, სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაცია, რომ მშობლიური ენა აბუჩად აიგდონ.
თქვენი ოფიციალური ბიოგრაფიიდან შევიტყვე, რომ თურმე სრულყოფილად ფლობთ ინგლისურ და რუსულ ენებს. უნდა გამოგიტყდეთ, თქვენი გამოსვლის შემდეგ ეს ჩანაწერი უკიდურესად სარკასტულ ელფერს იძენს. რუსული ენის „ცოდნის“ ფონზე, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ფიოდორ დოსტოევსკის პერსონაჟები, ის პროვინციელი ფსევდო-ინტელექტუალები, რომლებიც საკუთარი სულიერი სიღატაკის დასამალად გამუდმებით ფრანგულ ფრაზებს იშველიებდნენ. სტეპან ტროფიმოვიჩი „ეშმაკნიდან“ სწორედ ასეთი ტრაგიკომიკური ფიგურაა, რომელიც მშობლიურ ნიადაგს მოსწყდა და უცხო სიტყვების კორიანტელში დაიხრჩო. თქვენი ფრაზები სწორედ ამ დოსტოევსკისეული ფარსის თანამედროვე, ქართული რეინკარნაციაა.
სხვათა შორის, თუკი ინგლისურ ჟარგონებზე გადახვედით, იქნებ ის მაინც გცოდნოდათ, რომ ტერმინი „Lifelong learning“-ია და არა ის კომიკური „ლონგ ლაიფ ლერნინგი“, რომელიც თქვენ ასეთი პათოსით ბრძანეთ. ეს ხომ ორმაგი კაპიტულაციაა! თქვენ არა მხოლოდ მშობლიურ ენას თმობთ, არამედ იმ უცხო ენასაც ამახინჯებთ, რომლის ხარჯზეც ასე გსურთ ინტელექტუალად პოზიციონირება.
თქვენმა მეტყველებამ უკვე თვალსაჩინოდ გამოამჟღავნა ის, თუ რა ხდება თქვენს გონებრივ ლაბირინთებში. ნამდვილი ერუდიცია მდუმარე, ბუნებრივი და თავდაჯერებულია; იგი არასდროს კადრულობს მშობლიური ენის დამახინჯების ხარჯზე იაფფასიანი „პროგრესულობის“ დემონსტრირებას.
მე არ გთხოვთ გადადგომას, ეს პოლიტიკური აქტი იქნებოდა, მე კი ფილოსოფიური პერსპექტივიდან გესაუბრებით. უბრალოდ, გირჩევთ, სანამ მომდევნო „სფიჩს“ წარმოსთქვამდეთ და „სტეიქჰოლდერებს“ „დაააბდეითებდეთ“, ერთი წუთით შეჩერდეთ. შეხედეთ სარკეში საკუთარ თავს და ჰკითხეთ: ხართ კი იმ დიდი კულტურის ღირსეული მსახური, რომელსაც წარმოადგენთ, თუ მხოლოდ მისი შემთხვევითი, დროებითი და ძალიან ხმაურიანი სტუმარი?”- წერს ირაკლი ყიფიანი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


