“აფხაზეთში საწვავის შეტანა ქვეყნის ღალატია? – წერს ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში და პასუხობს ოპოზიციის შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების ნებართვით, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასთან დაკავშირებით.
ბოლო ხანებში სანაცეთის დაჯგუფებების შიგნით აქტუალური გახდა აფხაზეთის რეინტეგრაციის თემასთან დაკავშირებული გზების ძიების საკითხი. სააკაშვილის და ბოკერია-ჩეგოლეიშვილის პარტიებს ამ პრობლემის გადაჭრის მთავარი აქცენტი სამხედრო გზაზე გადააქვთ, ხოლო გვარამიას პარტია აცხადებს, რომ მთავარი აფხაზების დაინტერესებაა ევროკავშირში საქართველოს შესვლის პერსპექტივით, იმის ჩვენებით და დაპირებით, რომ აფხაზებს საქართველოს შემადგენლობაში რეინტეგრაციის შემთხვევაში გაუჩნდებათ ამ პერსპექტივის თანამონაწილედ გახდომის შანსი.
საქართველოს ხელისუფლება ღიად არ საუბრობს აფხაზეთის საქართველოში რეინტეგრაციის ტაქტიკაზე, მაგრამ მისი ქმედებებიდან უნდა დავინახოთ, რომ ის აქცენტს აკეთებს აფხაზებთან ეკონომიკური ურთიერთობების დათბობისა და გაღრმავების გზით ჯერ ნდობის აღდგენაზე, ხოლო ამის შემდეგ რეინტეგრაციის ფორმებსა და მეთოდებზე საუბრის დაწყებაზე. ამ გზის ერთ-ერთ გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ ბოლო დღეებში აგორებული ბენზინის გარკვეული პარტიის გადატანა სამეგრელოდან ენგურს გაღმა, რუსების და აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც საწვავის მძიმე კრიზისი ყოფილა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ფაქტმა აკაცუკების „ზე-პატრიოტული აღშფოთება“ გამოიწვია და მათ სასტიკად დაგმეს „პრორუსული ხელისუფლების“ პრორუსული ქმედება, როცა აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის გაყიდვა შეაფასეს არა ეკონომიკური, კომერციული ან ჰუმანიტარული კუთხით, არამედ ამას პირდაპირ დაარქვეს რუსეთის სამხედროებისათვის გაწეული დახმარება უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში.
მათმა ბელადმა სააკაშვილმა კი პირდაპირ მოიწერა ციხიდან, ნამდვილად ვიცი, რომ რამდენიმე კვირაში პრემიერი კობახიძე მოსკოვში უნდა ჩავიდეს და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას ხელი მოაწეროსო.
არავის არ უნდა გაიგოს, რომ აფხაზეთი ვერც აფხაზების ნდობის გარეშე დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში ვერანაირი ფორმით და ვერც რუსეთის უშუალო მონაწილეობის გარეშე. ვინც იმაზე თვლის, რომ აი, მალე რუსეთი დაინგრევა, ან, უკიდურეს შემთხვევაში, ისე დასუსტდება, რომ აფხაზეთის დაცვის თავიც აღარ ექნება და ჩვენ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინების გარეშე მოვახდენთ აფხაზეთის რეინტეგრაციასო, ის ან მეოცნებე ფანტაზიორია, ან უვიცი ბრიყვი.
ასეთებმა უბრალოდ, არ იციან, რომ რუსეთის დანგრევის ან უკიდურესად დასუსტების (სხვათა შორის, სწორედ უკიდურესად დასუსტებულმა რუსეთმა წაგვართვა აფხაზეთი 90-იან წლებში) დაშვების შემთხვევაშიც კი საქართველოსადმი მტრულად განწყობილი აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის უფრო მისაღები იქნება ჩრდილოკავკასიელ ან თურქ მეგობრებთან ინტეგრაციის პერსპექტივა, ვიდრე მტრებად მიჩნეულ ქართველებთან. ისიც გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ მათთვის თურქეთი საქართველოზე ბევრად უფრო მისაღები პარტნიორია და ისიც, რომ თურქეთს თვალი უჭირავს აფხაზეთზე და ამას არც მალავენ.
სამწუხაროდ, ჩვენი რუსოფობი აკაცუკები მხოლოდ ერთი მიმართულებით ხედავენ საფრთხეს და არ იციან (ან “ავიწყდებათ”), რომ თურქეთმა როდესაც საქართველოს წაართვა ტაო-კლარჯეთი, მოახდინა არა მხოლოდ მისი ოკუპაცია, არამედ ანექსია, რითაც გაანადგურა ქართული კულტურული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი.
ჩვენ არ გვინდა იმის შედარება, ვინ კეთილი მეზობელია და ვინ ბოროტი, მაგრამ ისე არ უნდა ვქნათ, რომ არა მხოლოდ ისტორიის გაკვეთილები დავივიწყოთ, არამედ იმაზეც დავხუჭოთ თვალი, რომ თურქეთში მოქმედი პოლიტიკური პარტიები და თვით ხელისუფლებაც არცთუ იშვიათად ახსენებენ ყველას (ჩვენს ყურსაც აჩვევენ), რომ აჭარა და სამცხე-ჯავახეთი “ისტორიულად” თურქეთს ეკუთვნის და ამიტომ არაპირდაპირ დღესაც აცხადებენ ამ ტერიტორიებზე პრეტენზიებს.
ისტორიის გაკვეთილები კი ის არის, რომ 1828-1829 წლებში რუსეთ-თურქეთის ომში რუსეთის გამარჯვების შედეგად, საქართველოს დაუბრუნდა თურქეთის მიერ მიტაცებული ფოთი, ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური, ხერთვისი, აბასთუმანი და სხვ.
1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომში რუსეთის გამარჯვების შედეგად საქართველოს დაუბრუნდა თურქეთის მიერ მიტაცებული აჭარა (რომელსაც “ოსმალოს საქართველოს” უწოდებდნენ), შავშეთი, კლარჯეთი, იმერხევი, კოლა-არტაანი და ოლთისი.
მართალია, ამ ომებში რუსეთი საკუთარი ტერიტორიების განვრცობისთვის ზრუნავდა და არა ქართველებისთვის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ობიექტურად ეს მიწები რუსეთის საშუალებით დაუბრუნდა საქართველოს და დღესაც ჩვენი ქვეყნის შემადგენლობაშია. თუმცა, ზოგიერთი ჩვენი ტვინგაცხელებულისთვის ისიც რუსოფობიის საფუძველია, რომ მაშინ რუსეთი საკუთარ ქვეყანაზე ზრუნავდა და არა საქართველოზე.
ასეთებისთვის უბრალოდ, გაუგებარია, რომ ნებისმიერ ეპოქაში ნებისმიერი ქვეყანა უპირველესად საკუთარი ინტერესებიდან გამოდის.
ასეთებს ეს იმიტომ არ ესმით, რომ მათთვის უცხო ქვეყნის ინტერესებია პრიორიტეტული და იმას უსადაგებენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს.
ჩვენს აკაცუკებს არც “დიდ თურანის” პროექტი გაუგიათ და არც ის იციან, რომ ეს პროექტი გულისხმობს თურქეთის ამოწევას რუსეთის საზღვართან და საქართველოს ჩაყლაპვას. მათ არც ის აღელვებთ, რომ აგერ, ჩვენს თვალწინ იქმნება ე. წ. “ისლამური ნატო”, რომელშიც უკვე გაერთიანდნენ თურქეთი, პაკისტანი და საუდის არაბეთი, ხოლო უახლოეს ხანში, როგორც ჩანს, მას შეუერთდებიან ეგვიპტე და სირია.
ვიღაცა იტყვის, მერე ჩვენ რა შუაში ვართო? ჩვენ იმ შუაში ვართ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი საზღვრის სიახლოვეს ხდება და ამიტომ ყველა სცენარის განვითარებისთვის უნდა მოვემზადოთ.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ “თურქოფობიით” ან “ისლამოფობიით” უნდა დავავადდეთ, მაგრამ ყველა რისკები უნდა გავთვალოთ.
ისევ აფხაზეთს რომ დავუბრუნდეთ, არ უნდა ვიყოთ ბრიყვები და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ მისი საქართველოს შემადგენლობაში რეინტეგრაციის გზებისა და ფორმების ძიებისას რუსეთის ფაქტორი საერთოდ უნდა გამოვრიცხოთ.
ამიტომ სწორია აფხაზების ნდობის მოპოვებისაკენ მიმართული ისეთი ნაბიჯები, როგორებიცაა მათთვის უფასო სამედიცინო დახმარების თუ განათლების შეთავაზება, ეკონომიკური სარგებლის მიღებით დაინტერესება და დარწმუნება იმაში, რომ არ გაგვაჩნია შეიარაღებული გზით მათი რეინტეგრაციის გეგმები.
ცუდი არც ის იქნება, თუ პარალელურად ვეცდებით იმის გარკვევას, რის ფასად შეიძლება წაიღოს უკან რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, რა შემთხვევაში შეიძლება დაინახოს, რომ მისთვის ეს უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე დღევანდელი სტატუს-კვო. კიდევ სხვა მრავალი მდგენელი შეიძლება ჰქონდეს აფხაზეთის რეინტეგრაციისკენ მომართულ სტრატეგიას და ტაქტიკას, მაგრამ ამ ორი კომპონენტის (და საერთაშორისო კონიუნქტურის სწორი ანალიზისა და შეფასების) გარეშე აფხაზეთის რაიმე ფორმით შემოერთებაზე ფიქრიც კი ზედმეტი იქნება.”- წერს ნანა კაკაბაძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

