გერმანია გეგმავს, რომ საქართველო აღიაროს პოლიტიკურად უსაფრთხო ქვეყნად. ამ ინფორმაციას გამოცემა “დოიჩე ველე”, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საქართველოსთან ერთად უსაფრთხო ქვეყნად მოლდოვის აღიარებაც იგეგმება.
„ორივე ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ორივე სახელმწიფოში ადამიანებს, ჩვეულებრივ, არ ემუქრებათ დევნა პოლიტიკური მიზეზებით. ამას გარდა, გერმანიაში თავშესაფრის თითქმის ყოველი მეათე მაძიებელი ამ ქვეყნებიდანაა ჩამოსული და მათი უსაფრთხო სახელმწიფოებად აღიარება საშუალებას მოგვცემს, საკმაოდ სწრაფად და ეფექტიანად შევამციროთ არალეგალური მიგრაცია“, – თქვა მინისტრმა “DW”-სთან ინტერვიუში.
ფეზერის თქმით, გერმანია მოლდოვასა და საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს. მინისტრის განმარტებით, მოლდოვა და საქართველო აიღებენ ვალდებულებას, უკან მიიღონ მოქალაქეები, რომლებსაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვთ.
„ეს მისცემს შანსს იმ ადამიანებს, რომლებსაც გერმანიაში ჩამოსვლა სურთ, აქ განათლების მიღება, მუშაობა უნდათ, ასევე მოგვცემს არსებითად საჭირო კვალიფიციური კადრების მოზიდვის შესაძლებლობას“, – განაცხადა ნენსი ფეზერმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს