“მინდა ვდისტანცირდე ამ სტუდიიდან და დავსვა ის კითხვა, რასაც სხვა სტუდიაშიც დავსვამდი – რა გავლენა აქვს თქვენზე დავით კეზერაშვილს? – ამ კითხვით მიმართა გადაცემა “პოლიტმეტრი”-ს წამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა მის სტუმარ ლევან ხაბეიშვილს, რაზეც მან უპასუხა, რომ, კეზერაშვილის უდიდესი წვლილია იმაში, რომ დღეს მას აქვს შესაძლებლობა ისაუბროს “ფორმულის” ეთერში და მაყურებელს გააგებინოს ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ.
“დავით კეზერაშვილი საქართველოში აკეთებს ძალიან დიდ საქმეს, როცა არის ისეთი პლატფორმა, როგორიც არის “ფორმულა”. დღეს რომ თქვენთან 46 წუთის განმავლობაში ვსაუბრობ, ეს არის ჩემთვის უდიდესი შესაძლებლობა. როგორ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი [დავით კეზერაშვილი] ამას აკეთებს და მნიშვნელოვანია?”- თქვა ხაბეიშვილმა, რაზეც ნინო ჟიჟილაშვილმა დამაზუსტებელი კითხვით მიმართა:
“ხომ ხვდებით რატომ გეკითხებით ამას? არის ასეთი მოსაზრება, რომ თქვენ არ ხართ დამოუკიდებელი ლიდერი “ნაციონალური მოძრაობის”, ასეთი აღქმაც არსებობს” – თქვა ჟიჟილაშვილმა, რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა.
“აღქმა კი არ არის, ეს არის რუსული პროპაგანდა, კობახიძის ნაბოდვარი “იმედზე” და ‘POSTV”-ზე, რასაც ვიღაცები თუთიყუშებივით იმეორებენ. ეს არის სამწუხარო ამბავი და ამას ისეთ ჯგუფებიც აკეთებენ, რომელიც წამოუდგენელია, რომ ამას აკეთებდნენ.
“ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლიდან 26 ათასმა ადამიანმა მომცხა ხმა პირადად, უკაცრავად…
დავით კეზერაშვილს, გარდა იმისა, რასაც აკეთებს “ფორმულა”-ში, არანაირი სხვა შეხება არ და ვერ ექნება მარტივი მიზეზითაც, ის ამ ქვეყნიდან დევნილია რამდენიმე წელია.
“ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტიკური საბჭო, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმებით. თუ ვინმეს შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური გავლენა ამ პარტიაზე, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, ეს შემიძლია გითხრათ თამამად და ცალსახად, სხვა გავლენა არ არსებობს, თუმცა, ძალიან ბევრი გავლენიანი ადამიანია ამ პარტიაში, ძალიან ბევრი გავლენიანი ადამიანი მხარს უჭერს და მე მხოლოდ ბედნიერი ვარ და ვეცდები, რომ კიდევ ბევრმა გავლენიანმა ჯგუფმა დაუჭიროს მხარი და ბევრი გავლენიანი ჯგუფი იყოს “ნაციონალურ მოძრაობაში”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა 5 სექტემბერს, გადაცემაში “პოლიტმეტრი”.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს