მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დავადასტურო ბულგარეთის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მიმართ – ბულგარეთის ვიცე-პრემიერი

“მინდა დავადასტურო მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ 2022 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების მიმართ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით.

საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. “– ამის შესახებ ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია გაბრიელმა ქ.სოფიაში, ქართველ კოლეგასთან,ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ ევროკომისიის ანგარიშში ეს პროგრესი მალე აისახება. მნიშვნელოვანია ამ ინტენსიური დიალოგის დონის შენარჩუნება და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის ბულგარეთის პოზიციის გაზიარება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. “ – განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა.

როგორც ბულგარელმა მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი ასევე საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის თანამშრომლობას ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის , ენერტეგტიკის, მაღალი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და განათლებისა და კულტურის სფეროებში.

“მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრ დარჩიაშვილს ვიზიტისთვის და დავუდასტურო ბულგარეთის მთავრობის მკაფიო მხარდაჭერა. მინდა ქართველ ხალხს ვუსურვო წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე.” – განაცხადა მარია გაბრიელმა.