ბოლო ამბები
12/12/2024

“ოცნების” ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ! ჩვენ, ყველაფერს შევძლებთ ერთად – პრეზიდენტი

გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტმა პირველი განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ის კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.

“დღეს, მართალი გითხრათ, გული მეტკინა, თუმცა, ამ ქვეყანაში უკვე არაფერი აღარ მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი, მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოს გამო, რომელიც დღესდღეობით დარჩენილი იყო, როგორც ერთ-ერთი ადგილი ჩვენს სამართლებრივ სისტემაში, რომელიც გარკვეულწილად ნდობას იმსახურებდა.

დღეიდან, უკვე ესეც აღარ არის, ისეთი დასკვნა დადო საკონსტიტუციო სასამართლომ, რომლის გამოც ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა ამას, უნდა რცხვენოდეს. ერთადერთი, სამმა ადამიანმა გადაარჩინა კიდევ გარკვეულწილად საკუთარი თავის რეპუტაცია, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოსი.

ეს, ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი ზიანის მიყენება იმ დროს, როდესაც, პრაქტიკულად, ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი არის ასეთი დამახინჯებული და აღარ დარჩა ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის დამცველი ინსტიტუტი, გარდა ერთისა, პრეზიდენტი.

ამიტომ, მე მინდა გაგამხნევოთ, გითხრათ თქვენ, საზოგადოებას, რომ მე, არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები.

ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის.

დღეს, ერთი ქვით მოკლეს (სცადეს) ევროპული მომავალი და დემოკრატიაც, რადგან ქვეყანა, სადაც არანაირი ბალანსი აღარ არსებობს სხვადასხვა შტოებს შორის, ის ქვეყანა ვერ ჩაითვლება, როგორც დემოკრატიული.

ეს არის “ოცნების” მცდელობა, მაგრამ “ოცნების” ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ. ახლა თვითონ იფიქრონ, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდა მათთვის, მე, ეს, აღარ მაინტერესებს.

მე მაინტერესებს, სად უფრო გამოვადგები ამ ქვეყანას, როგორც თავისუფალი პოლიტიკოსი, ან როგორც პრეზიდენტი, რომელიც გააგრძელებს თავის მანდატს, ამას გვაჩვენებს ახლო მომავალი, თუ როგორ იქნება, მაგრამ თქვენ მინდა გითხრათ, რომ ვიცი, მთელი საზოგადოება ამ ევროპულ გზაზეა გაერთიანებული.

ჩვენ ერთად მივაღწევთ ამ შედეგს, პირველ შედეგს ამ წლის ბოლოს, რაც არ უნდა ხელს უშლიდნენ შიგნიდან ვიღაცეები და მომავალი წლის ბოლოს უკვე შემდეგი ეტაპი.

წინ გვაქვს 1,5 წელიწადი, ამ ყველაფერს მივაღწევთ და ასევე, მივაღწევთ თავისუფალ არჩევნებს.

ნურავინ ნუ დაკარგავს იმედს და ჩვენ, ყველაფერს შევძლებთ ერთად. პარლამენტშიც მივალ და სხვათაშორის, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ არ მჭირდება მხარდასაჭერად.

მინდა ვურჩიო ოპოზიციას, რომ თუ სურთ, სურათი დადგეს ძლიერი,  გარეთ დადგნენ ამ ანტი-ევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ, შიგნით, მე ვიქნები, მე გამოვალ, თუ სიტყვა მომცეს, თუ არადა, გამოვალ ისედაც და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის სათქმელი.

ამ მხარდაჭერისთვის, რასაც ვგრძნობ, დიდი მადლობა და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სხვა ამბების წაკითხვა