ბოლო ამბები
19/09/2024

ღიმილით ვუმზერ მმართველი პარტიიდან ჩემი ბავშვობის მეგობრების უწყინარ დუმილს – გიორგი კეკელიძე

გაზიარება

“ისევ მოვბრუნდი. ამჯერად მართლა უკანასკნელად. ღიმილით ვუმზერ მმართველი პარტიიდან ჩემი ბავშვობის მეგობრების უწყინარ დუმილს, გუშინ ჩემი მაქებარი პარლამენტარების (ყველა პარტიიდან) მდუმარე თანხმობასვე, რომ ფაშისტი გესტაპო თუ რაღაც ამდაგვარი ვარ”-წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

“ზოგიერთი მედიიდან გუშინ ,,საქართველოს საუკეთესო შვილს რომ მეძახდა” იმ ჟურნალისტებს, პროფესიონალებს და კარგ ადამიანებს, სულ რომ გვერდით ვედექი, ზოგი დამფრთხალი თანამებრძოლის და საქმეებში გვერდით მდგომების გაფაციცებულ თვალებსაც ვხედავ, ოღონდ ბუნტი ნუ იქნებას მზერით, აქეთა ფლანგზე ვითომ ,,ლიბერალური ბაბლების” ვიწრო ფიქრებსაც, რომლებიც ისეთივე წარმატებით გამოგჭრიან ყელს – თვითონ ფაშისტებს რომ ეძახიან, იმათ გაუჭირდებათ.

დუმს უფლებადაცველთა ნაწილი, ეტყობა საკმარისად ძლიერი ვგონივართ, რომ ამ ომს თითქმის მარტომყოფი მოვიგებთ. თუმცა რატომ მარტო? განა უმადური ვარ – მეგობრებსაც ვხედავ, ხმალამოღებულები რომ მიცავენ (რისგან და რის გამო – კი არის კომიკური) და რაც მთავარია, ათიათასობით უცხო ადამიანს, რომლებიც მხოლოდ სიყვარულს მიზიარებენ და მამხნევებენ ამ საშინელ მანქანასთან პირისპირ მდგომს. ყველამ ხომ იცის, ცილისმწამებელმა, ძველმაც და ახალმაც, დღევანდელმა და ხვალინდელმაც, გულში მაინც ხომ იცის, რომ მთელი სიცოცხლე მხოლოდ კარგის კეთებას ვცდილობდი და თუ ვინმესთვის რამე დამიშავებია – უნებლიედ.

თუმცა ცხოვრება სამართლიანობის პრინციპს ძნელად ეფუძნება. მორალის ფსკერი გახვრიტეს – თავის მოკვლა გაითამაშაო, ეტყობა რაღაც კომპრომატი აქვთო. რომელიმე მხარეს რომ ჩემზე რამე რეალური კომპრომატის მაგვარიც კი ჰქონდეს ან საიდან, ამდენი ხანი, სულ მცირე, საკუთარ თამაშში არ ჩამრთავდა? ჩამრთავდა. ამასაც აისხლიტავთ. აისხლიტეთ. თქვენ ხომ ის ხალხი ხართ, რომელთაც კერძო მიზეზის გარეშე პოზიციის გამოხატვა შეუძლებლად მიგაჩნიათ. არ სჯერათ, რომ შეგიძლია რამე თქვა განსხვავებული, როგორც მოქალაქემ და ან ,,ნაცი” არ იყო, ან ,,ქოცი”. ეს უნდა დავანახოთ. ეს უნდა დავაჯეროთ.

მე თუ ქვეყნისთვის საზოგადოდ მნიშვნელოვანი ამბავი არ არის, არ ვერევი, შეიძლება ეს ჩემი ნაკლია კიდეც, მაგრამ ასეა. ამ ორი კვირის მანძილზე კი ჩემეული აქტიურობა, ჩამონათვალში ასე ერთი შეხედვით ეჭვშეუვალ (თითქმის), ბანალურ ჭეშმარიტებებად მოსჩანს.

1) ვთქვი, რომ საქართველო ევროპაა და ამის გადახედვა არ გამოვა.

2) ვთქვი, რომ ამ კანონის მიღება არ არის კარგი, რომ მტერს ახარებს და მოყვარეს წყინს.

3) რომ სტიპენდიას ვუნიშნავ (და არა გმირობას ვანიჭებ) ერთ ახალგაზრდას, რომელიც შესანიშნავი სპორტსმენია, განათლებული და გულანთებული მოქალაქე.

4) ვთქვი, რომ ჩემი მეგობარი დღეს კინაღამ მოკვდა და ამის მიზეზი არის ცილისწამებების დიდი და დაუნდობელი დელტა. რომ ეს უნდა შეწყდეს!

5) ვთქვი, რომ ხელი მაინც ყველას უნდა გავუწოდოთ! ვთქვი და ყოველთვის ვიტყვი. თავს არ ვიმართლებ – ამაყი ვარ.

და ამის პასუხად მივიღე საშინელი ტალახი. მეორე მხარეს რატომ არ იცავო? მეორე მხარეს, მეგობრებო, სახელმწიფო დგას, დასჯის უზარმაზარი ბერკეტით. მწერლის და მოქალაქის ვალია, იდგეს მმართველის ოპოზიციად და ეს ხელისუფალს უნდა ახარებდეს, თუ შეფხიზლებისგან უკეთეს შედეგს იგრძნობს.

ახლა საოცრად მშვიდად ვარ. გასაკვირად მშვიდად. შეიძლება იმიტომ, რომ თქვენმა წერილებმა (ათასობითაა – მართლა. ყოველ წამს მოდის და მოდის) დიდი ძალა მომცა. წერს გიორგი კეკელიძე, რომელიც პოსტის კომენტარში წერს, რომ 34-ჯერ იყო მცდელობა მისი ფეისბუქის გვერდის გატეხვისა.

“ზუსტად 34 მცდელობა იყო წუხელ ჩემი სოციალური ქსელის გატეხვის. ბოლო, აგერ ახლა, 20 წუთის წინ. გატეხეთ, წაიღეთ, რა ვიცი, შეგერგოთ მეგობრებო”– წერს კეკელიძე.

სხვა ამბების წაკითხვა