ბოლო ამბები
17/01/2025

ლეგიტიმაციის კრიზისი მწიფდება, ბიძინა, გთხოვ, სანამ ჯერ კიდევ ამ რეჟიმში ხარ, იქნებ დაფიქრდე – ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

გაზიარება

ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და  ქვეყნის პოლიტიკურ ვექტორს ეხება.

წერილი Multimedia.ge-მ მიიღო, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ლეგიტიმაციის კრიზისი მწიფდება, ბიძინა!

“ერთი თვის წინ რამოდენიმე კითხვით მოგმართე, მაგრამ ისევ უშედეგოდ. ჩემნაირი ამომრჩევლის მხარდაჭერა, როგორც სჩანს, აღარ განაღვლებს. არც კრიტიკა. შენი დღის წესრიგი გაქვს და მას მიუყვები.

კეთილი, ასე იყოს. მითუმეტეს, რომ ვითარების მხოლოდ არჩევნების ჭრილში განხილვა აქტუალობას კარგავს. გაცილებით უფრო ფუნდამენტური პრობლემები მწიფდება. არ ვიცი, რამდენად გაქვს გააზრებული, რა გველის 2025-ში, შემდეგ კი – 2026-ში. ამიტომ, საკვანძო საკითხებს გავივლი, დანარჩენი კი – შენ იცი.

სად აღმოვჩნდით სულ რაღაც 3 თვეში

თავისუფალ სამყაროსთან ურთიერთობები გაფუჭებულია. ევრო-ატლანტიკური სივრცის საქართველოსადმი კეთილგანწყობა გაღიზიანებით შეიცვალა. დასავლეთის ქვეყნების ლიდერთა შორის, ქართული ოცნების მთავარ მეგობრად ვიქტორ ორბანი რჩება, რომელიც, შეთავსებით, ასევე კრემლის მთავარი მეგობარია.

ჩვენმა ქვეყანამ, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, მიუხედავად ყველაფრისა, თავისუფალი სამყაროს სანდო პარტნიორად ითვლებოდა, დაკარგა ეს სტატუსი. სამი საუკუნე ევროპაში დაბრუნების გზების ძიებისა, სამი ათწლეული ურყევი საგარეო პოლიტიკური კურსისა, ჩანაცვლდა გზააბნეული, გაბრაზებული, დროის და სივრცის შეუსაბამო ქცევის სამი თვით.

და ეს ყველაფერი რისთვის? რომ არჩევნების რისკები დააზღვიო – მეტი არაფერი. შენივე სიტყვებით, ყველაფერი ეს ახლა მხოლოდ იმისთვის გაკეთდა, რომ არჩევნებზე დამატებითი რისკები არ დაგდგომოდა.

რამდენად აღწევ დასახულ მიზანს, ამის ანალიზს აღარ დავიწყებ, სხვა რამეს გკითხავ: ხომ არ გეჩვენება, რომ შენი მიზნების მასშტაბი ნელნელა იკლებს?
სანამ ამომრჩევლის ამ შენთვის სანუკვარ ნაწილს, რომლის გულისთვისაც ეს საგიჟეთი მოაწყე, სანთლით ხელში, ლოგინთან მიუჯდები, და ამ ერისკაცობისგან დაცლილი კამპანიის მიყიდვას დაუგვირგვინებ, იქნებ მაინც დაფიქრდე, რომ სახელმწიფო ინტერესები და ვიწროპარტიული, ელექტორალური ამოცანები ერთმანეთში საგანგაშოდ აურიე?

პოლიტიკაში მოსვლისას, შენს ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში (ნინო ჟიჟილაშვილს რომ მასპინძლობდი), ამბობ: „.შეცდომები მაინც მექნება, მაგრამ მე მგონი, რომ თავს ავარიდებ და მოვახერხებ, რომ რამე დიდი შეცდომა, გამოუსწორებელის მსგავსი არ დავუშვა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება…“

ბიძინა, ძვირფასო, გთხოვ, სანამ ჯერ კიდევ ამ რეჟიმში ხარ, ელექტორატის ამ ყველაზე დაუცველ ნაწილს, როგორც მატადორი ხარს, ფერად ტილოს თვალწინ რომ უფრიალებ, და მარიონეტივით აბზრიალებ, სანამ ჯერ კიდევ გაქვს ამის დრო, იქნებ დაფიქრდე, რომ სწორედ ეს მომენტი დაგიდგა, რომ ახლა უნდა მოახერხო და თავი აარიდო დიდ, გამოუსწორებელ შეცდომებს!

როგორც ვხვდები, კრიტიკულ საუბრებს მოკლებული ხარ. შენს ერთ-ერთ ბოლო საჯარო გამოსვლას ვუყურე (29 აპრილის), სადაც მთელი გარემოცვა „ბიძინა! ბიძინა!“-ს სკანდირებს და ყოველი მეორე წინაადების შემდეგ ტაშით გაჯილდოვებს. ასეთ გარემოში მოქცეული, ქრისტეც დაკარგავდა რეალობის აღქმას, შენზე რომ არაფერი ვთქვათ. ამიტომ, თუ ნებას მომცემ, ორიოდე ფაქტობრივ გარემოებას შეგახსენებ, რომლებიც, ასეთ რეალობაში გამოწყვდეულს, ნამდვილად გექნება დავიწყებული.

შენ არ ხარ სანიმუშო ევროპელი, შენ არასდროს განასახიერებდი ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს!

არ ვიცი, რამდენად საწყენად გაიჟღერს ეს შენთვის ეხლა, მაგრამ თავის დროზე, არა მგონია, ამ მოცემულობასთან რამე პრობლემა გქონოდა.

შენში იმდენივეა ევროპული, რამდენიც, მეტნაკლებად, რიგით ქართველში. შენ არასოდეს იყავი ამ მიმართულებით გამორჩეული. შენ არ ხარ გაზრდილი ევროპულ ლიტერატურაზე, არ გაქვს ევროპული განათლება, არ გაგიტარებია წლები ევროპაში იმ ასაკში, როცა ეს პიროვნების ჩამოყალიბებაზე ახდენს გავლენას (თუ არ ვცდები, ევროპაში წლები საერთოდ არ გაქვს გატარებული). შენ არ დაბადებულხარ ევროპაში, შენი წინაპრები არ ჩამოვიდნენ ევროპიდან, შენ არ ხარ ისტორიკოსი, ან კულტუროლოგი, რომელიც ევროპაზე სპეციალიზირდება და პროფესიული ცოდნის ხარჯზე მეტს ახერხებს და სხვებს გზას უნათებს.

მე შენს პირად სამყაროში არ ვიჭრები, ბიძინა, პოლიტიკურ იდენტობაზე ვსაუბრობ – იმაზე, რაც ზედაპირზე დევს. შეიძლება, სადღაც სიღრმეში, რამე ევროპული ისტორიები გაქვს, მაგრამ ასეთ დეტალებს ვეღარ ჩავეძიები, ვსაუბრობ მსხვილი ერთეულებით.

შენ ხარ ქართველი, კარგ ოჯახში კარგად გაზრდილი, საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებული კარგი ადამიანი. მაგრამ შენ არ იდექი 1990-იანების მიწურულს ევროსაბჭოში და არ ამბობდი „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“ – ეს შენი ფრონტი არ იყო, შენ ამ დროს უკვე დიდ ფულს შოულობდი და ამ ფულის დიდ ნაწილს საქართველოს ეკონომიკას, კულტურას, სოციალურ პროექტებს ახმარდი. შენ სულ სხვა მისია გქონდა, ბიძინა, ამ მისიას მშვენივრად ართმევდი თავს, ყველანი მადლიერი ვართ ამისთვის.

ამასობაში გაიზარდა ახალი თაობა, რომელიც გაჟღენთილია ყოველივე ევროპულით. მათი ნაწილი ევროპაში დაიბადა, ზოგი იქ გაიზარდა, ზოგი სასწავლებლად/სამუშაოდ წავიდა იქით, აქაც განათლების სისტემა და ცხოვრების სტილი მთლიანად გაევროპულდა – ეს უკვე ევროპელების თაობაა, ბიძინა. შენ კი ისევ შენს ნაჭუჭში დარჩი. კი, თანამედროვე ადამიანი ხარ, თანამედროვე ცხოვრების სტილით ცხოვრობ, ევროპა შენთვის უცხო აღარ არის, მაგრამ ჯერ არც სალოცავია შენი. ამისთვის, ჯერ კიდევ დრო გჭირდება, დიდი დრო. შენ კლასიკური მილიარდერის ცხოვრებით ცხოვრობ, რომელსაც დასავლეთი თანამედროვე, დაცულ ეკოსისტემას სთავაზობს. ასე ცხოვრობენ კულტურული იდენტობის მიუხედავად, ჩინელი, ინდოელი, არაბი, თუ ნიგერიელი მილიარდერებიც ლონდონში, ბერლინში, ნიუ-იორკში, ჟენევაში, პარიზში.

შენ შენი კლუტურული ფილტრები გაქვს დაყენებული, გაქვს საშუალება შენ გემოზე იმოქმედო შენს პატარა სამყაროში, გქონდეს შენი მიკროკლიმატი, რომელსაც თავად მართავ. ქართული საზოგადოების უმეტეს ნაწილს ამხელა კომფორტის ზონა არასდროს ჰქონია. ჩვენი უმეტესობა, 1990-იანებიდან თავით გადავეშვით ევროპაში და, მიუხედავად უამრავი რთული მომენტისა, ამ ასიმილაციის პროცესს გაცილებით სწრაფად გავდივართ. ჩვენი შვილებისთვის, ევროპა უკვე მშობლიური სახლია.

შენ კი ისევ შენი აპკის ქვეშ ხარ, დაცული, შენახული, ხშირად უკვე უადგილოდ ხისტი, საშუალო სტატისტიკური ქართველისთვისაც კი უადგილოდ ხისტი, ბიძინა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რამეში წინ წახვედი, ბევრი რამე აქეთ შეგიძლია გვასწავლო და სიამოვნებით ვსწავლობ კიდეც შენგან, მაგრამ ევროპელობის კუთხით, ძირითადად, ისევ იმ 1980-1990-იანების ქართველის პრიზმიდან იყურები.

ჩვენ ქვეყნის მართვა იმიტომ კი არ მოგანდეთ, რომ შენზე უკეთესად ევროპისკენ მიმავალ გზას ვერავინ გაკაფავდა, არამედ იმიტომ, რომ ეს გზა უკვე გაკაფული იყო. ჯერ კიდევ 1990-იანების მიწურულს – 2000-იანების დასაწყისში, შევარდნაძემ და ჟვანიამ, ეს კალაპოტი რკინა-ბეტონით გაამაგრეს და მარშრუტიც დახაზეს – შენ მხოლოდ საჭესთან დაჯდომა დაგვალდა. ჩაგაბარეთ ქვეყანა იმიტომ, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსში ცხადი სურათი გქონდა, აი ეკონომიკაში და შიდა პოლიტიკურ მოწყობაში კი წესიერი, ქვეყნის მოყვარული და სანდო მეურნე გვჭირდებოდა.

შენ არ გაქვს უფლება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი შენ გემოზე წარმართო – ეს მანდატი ერს შენთვის არ მოუნიჭებია. ეს არ არის იურიდიული საკითხი, ეს ისტორიული პროცესია, ბიძინა. აქ არჩევნების შედეგებს ვერ ააფრიალებ, აქ წარსულების სული ტრიალებს, აქ ილიაა, აქ დავითია, აქ უთვალავი ქართველის სისხლია, შეეშვი ამ საკითხს! ნუ უსმენ იმ მლიქვნელებს, რომლებიც გარწმუნებენ, რომ ეს საკითხი შენს კომპეტენციაშია. ნუ გამოცდი ერის რისხვას, ნუ იქცევი შენი ქვეყნის მტრად. ვინც რას არ უნდა გაბრალებდეს, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე ნაკლებად ეგ გინდა მოხდეს, რომ მთელი შენი ცხოვრების ამაგი ბოლო წლების შეცდომებით გადაიფაროს და საქართველოს ისტორიაში უარყოფით პერსონაჟად ჩაეწერო.

შენ არასდროს იყავი სამაგალითო პოლიტიკოსი ჩვენთვის

აქაც, ისევე როგორც წინა საკითხში, გაიხსენე, რომ ქვეყანა ყოველგვარი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე მოგანდეთ. ფსონი შენს პოლიტიკურ გამჭრიახობაზე არავის დაუდია. ისევ და ისევ, გენდეთ იმიტომ, რომ შენი წესიერების და ეკონომიკაში დაგროვილი კომპეტენციის გვჯეროდა. სხვა დანარჩენი უკვე მზად იყო, საგარეო პოლიტიკური კურსი განსაზღვრული იყო ათწლეულებით წინ, საშინაო პოლიტიკური მოწყობისთვის კი უკვე არსებობდა ეკოსისტემა, რომელზეც შენი საქმიანობის დაშენება შეგეძლო. ამიტომაც იარე 12 წელი ისე, რომ კონკურენტები ვერც კი გიახლოვდებოდნენ ვერც რაიმე შუალედურ რეიტინგებში, ვერც არჩევნების შედეგებში. ამ წლის ოქტომბრის არჩევნებზეც მაგიტომ იყავი უპირობო ფავორიტი, და არა იმიტომ, რომ გენიალური პოლიტიკოსი ხარ.

გენიალური პოლიტიკოსი ყველა სტრატეგიულ პარტნიორს, მეგობარ ქვეყნებს და ერთიანად მთელ თავისუფალ სამყაროს არ მოიმდურებდა. გენიალური კი არა, უბრალოდ კვალიფიციური გუნდი არ იზამდა ამას, ბიძინა. ვინ დაგიწერა ეს სცენარი, შეგიძლია გაგვანდო? რა მემარჯვენე კონსერვატიული ბრუნი, რა ფილიგრანული პირუეტები, ეს ყველაფერი ხომ უკიდურესად, უკიდურესად უხერხულია!!

ამ წერილს 5 ივლისს გწერ, ზეგ ვთქვათ მემარჯვენეები მოიგებენ საფრანგეთში, ან არ მოიგებენ. გუშინ აგერ მემარცხენეებმა გაიმარჯვეს ბრიტანეთში, ოთხი კვირის წინ ცენტრისტებმა შეინარჩუნეს ევროპარლამენტი, ნოემბერში, თეთრ სახლში, ვთქვათ რესპუბლიკელები მოვლენ – მერე?? მართლა გჯერა, რომ ლე პენი, ან ტრამპი (რომ არაფერი ვთქვათ სტარმერზე, კოშტაზე, კალასზე) თავზე ხელს გადაგვისვამენ, ყოჩაღ მეგობრებო, ასე გააგრძელეთო? საიდან, როგორ, ვინ მოათრია ეს აბსურდი ქართულ პოლიტიკაში? დღევანდელი პრემიერ-მინისტრი გამუდმებით ინტელექტზე აპელირებს – სად არის ამ დოქტრინაში ინტელექტის მისხალი მაინც? რა უბედურებაა ეს, ბიძინა?

12 წლის განმავლობაში, ვერა და ვერ დაალაგე “ქართული ოცნების” მხარდაჭერის საკითხი ვერც ევროპაში, ვერც ამერიკაში, ვერა და ვერ გადაწყვიტე ეს ქვეყნის კეთლდღეობისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომ მმართველ გუნდს მკაფიოდ გამოხატული, ძლიერი მეგობართა კლუბი ყავდეს ვაშინგტონსა და ბრიუსელში.

ეგ კი არა და საქართველოში არ გყავს რეალურად პარტნიორი პოლიტიკური პარტია, 12 წლის განმავლობაში, ქვეყნის შიგნით ვერ შეიძინეთ პარტნიორები – რა პოლიტიკურ მწვერვალებზეა საუბარი? მე რომ მე ვარ, ერთი რიგითი ამომრჩეველი, გირჩევნია ალბათ, რომ არაფერი კრიტიკული არ ვთქვა, ან თავი დაგანებო და სხვა პარტიის ამომრჩეველი გავხდე, რომ უცხო ქვეყნის აგენტად, ქვეყნის მტრად და მოღალატედ მომნათლო – ეს არის პოლიტიკური გამჭრიახობა? მე გინდა მომიცილო და „ბიძინა! ბიძინა!“-ს რომ გაჰკივის და ტაშფანდურს რომ გიწყობს, მაგათთან ერთად გინდა აშენო ეს ქვეყანა? ცისარტყელის დანახვაზე მზის დაბნელებას რომ ნატრობენ, ეგეთებს კაზმავ მხედრებად და მერე გიკვირს, რომ უფსკრულისკენ მიგაქანებენ?

ეგ კინო ნანახი გვაქვს, ბიძინა! შენ შეიძლება არა, მაგრამ მე და ჩემისთანა კიდევ ათასობით ადამიანს ნანახი გვაქვს და რომ არ გვემეტები ამისთანა ფინალისთვის, მაგიტომ არის რომ გწერ.

ერთი რჩევა ივლისისთვის

ისეთი ავანტიურა წამოიწყე ამ აპრილს, რომ შეუძლებელი შეძელი: არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლა წამგებიანი გახდა შენთვის. თითქოს რისკები დააზღვიე, დასწრებაზე ითამაშე, სინამდვილეში კი, ისეთი რეალობა შექმენი, სადაც არჩევნებში გამარჯვება იქნება შენი ლეგიტიმაციის კრიზისის დასაწყისი.

ცხადია, აწი არჩევნებზე წასაგებად ვერ გახვალ, ბრძოლაზე ხარ მომართული და მაგ ბრძოლას ვერავინ დაგიშლის. მაგრამ, ამავდროულად, ვალდებული ხარ გააცნობიერო, რომ ისეთ პოლიტიკურ ნაღმზე მიცოცავ, რომელიც, თითქმის გარანტირებულად, არაუგვიანეს მომდევნო წლისა იფეთქებს. შესაბამისად, დროა გარკვეული ნაბიჯების გადადგმა დავიწყოთ:
გთავაზობ, მომავალ პრეზიდენტად, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დაუჭირო მხარი.

12 წლის განმავლობაში არსებულ პოლარიზაციაში ნამდვილად ვერ დაგადანაშაულებ. გაცილებით უფრო დიდ მოთმინებას იჩენდი შენ, და გაცილებით უფრო რადიკალური იყო ოპოზიცია, მათი ნაწილი ღიად მტრობდა კიდეც საკუთარ ქვეყანას. მაგრამ ეხლა, როლები შეიცვალა, ბიძინა.

პირველი ნაბიჯის გადადგმა შენზეა. როცა ამერიკას ერთ ელჩს პრაქტიკულად გაუგდებ, ხოლო მეორე ელჩის მოსვლიდან უმოკლეს დროში ახალ კრიზისს დააინიცირებ და ისევ ურთიერთობების გადატვირთვაზე დაიწყებ საუბარს, უნდა გააცნობიერო, რომ აქ მარტო საუბრებით ვეღარ შემოიფარგლები, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგა. რასაც გთავაზობ, ეს კონკრეტული ნაბიჯია.

სალომე ზურაბიშვილი ყველასთვის კომპრომისული ფიგურაა. იგი მისაღებია ოპოზიციისთვის, მისაღებია ამერიკისთვის, მისაღებია ევროპისთვის და, მოდი ვაღიაროთ: ქართული ოცნებისთვისაც მისაღებია. სალომეს პრეზიდენტად მოსვლა ქართული ოცნების ძალისხმევით მოხდა და თუ მოინდომებ, ეს იქნება ძალზედ ძლიერი ჟესტი, დაანახო მთელ მსოფლიოს, რომ მზად ხარ კომპრომისებისთვის და პირველ ნაბიჯს დგამ.

რა თქმა უნდა, ეს არ არის იოლი გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ბევრს გაუჭირდება ამ გადაწყვეტილების გადაყლაპვა, მაგრამ, ეხლა სწორედ ესეთი, რთული ნაბიჯების გადადგმის დროა.
იმედი მაქვს, ამ შესაძლებლობას გამოიყენებ. მჯერა, სწორი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებ. დაიწყე ამ ნაბიჯით, ოდნავ მაინც განმუხტე სიტუაცია, ეს შენს ქვეყანას ეხლა ძალიან სჭირდება. დანარჩენზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ.”- ნათქვამია ღია წერილში.

ავტორი: ბასა ქართველიშვილი

სხვა ამბების წაკითხვა