ბოლო ამბები
12/12/2024

არ მჯერა „ოცნების“ მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების და საერთოდ, მისი აღარაფრის მჯერა, თუმცა, ოქტომბერში, მაინც ბიძინა ივანიშვილს დავუჭერ მხარს – რუსუდან შარაძე

გაზიარება

არ მჯერა „ოცნების“ მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების და საერთოდ, მისი აღარაფრის მჯერა, თუმცა, ოქტომბერში, მაინც ბიძინა ივანიშვილს დავუჭერ მხარს, რადგან დღესდღეობით, ის მიმაჩნია საქართველოში ერთადერთ კაცად, ვისაც არჩევნებში მკვლელების ბანდის დედისტირების ძალა და უნარი შესწევს.”- წერს სოციალურ ქსელში გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე.

“უბრალოდ, წარმოვიდგენ ხოლმე, რამე რომ დაემართოს, რა დღეში ჩაგვყრიან ორ-სამ-ოთხ-ხუთსახა, ფლიდი, გაუმაძღარი, ხამი და ყოვლად ურეიტინგო ე.წ. პოლიტიკოსები.
ახალს არაფერს გავაკეთებ, სულ ასე არ ვარ? დიდი ხანია, ვიცი, რომ ბატონ ბიძინას, ჩემნაირი ადამიანები, „ბუას“ შიშით, რეზინაზე ვყავართ გამობმული. ჩემი აზრი, ამასთან დაკავშირებით, ათასჯერ გამომითქვამს და არც ორიგინალური ვყოფილვარ, ამიტომ არ გადაგღლით განმარტებით.

თუმცა, სულ არ ვთვლი, რომ მხოლოდ მათი ბრალია ჩვენი დღევანდელი ყოფა. ვინც განმსჯის, ჩემიანი თუ სხვისიანი, ჯერ პასუხი გამცეს კითხვაზე, რომლის დასმის არ შემეშინდება – სად იყო ამასობაში ქართველი ხალხი? საკუთარი გამოცდილებით, ერთ ადამიანს, შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო შემთხვევაში, ეძინა და უარესში – ფეხებზე ეკიდა ყველაფერი და არ ფიქრობდა, რომ ვერავინ უშველიდა, საკუთარი თავის გარდა. პირადად, 12 წლის მანძილზე, ვერაფრით შევძელი, რომ მელიქიშვილზე შემეკრიბა თუნდაც ის რაოდენობა ადამიანებისა, ვინც აქ, ჩემს კედელზე, ვენებს იჭრის. მარტო საკუთარ ტრაგედიაზე რომ არ გამომივიდეს ლაპარაკი, სად იყო ქართველი ხალხი, როდასაც საყდრისს თავზე გვამხობდნენ? სად იყო, როდესაც შვილებდახვრეტილ და ამოწყვეტილ ოჯახებს, სასამართლოს ეზოებში, მკვლელები და მათი ბანდები ხვდებოდნენ და რაც ხოცვით დააკლეს, სიტყვიერად „უნაზღაურებდნენ“? ფაქტების ჩამოთვლას თაბახები არ ეყოფა…

შესაძლოა, გავიდეს ხანი და ისიც ვიფიქრო, რომ სჯობდა მოთმენა, ტანჯვა-წამება… ისევე, როგორც მაგალითად, 2009 წლის 26 მაისს, სამების ეზოში რომ შევიკრიბეთ, ვნანობდი, – რატომ დავუჯერეთ პატრიარქს და არ დავუჯერეთ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ჩვენგან რადიკალურ ნაბიჯებს ითხოვდა. ღმერთო შეგცოდე და მაპატიე, რომ დიდხანს მერეოდა ბრაზი. დღეს, მგონი, ზედმეტია ახნაც, თუ რა ბრიყვი ვიყავი.

თუმცა, რაც არ უნდა იყოს, მაინც ვერასდროს გავიგებ ციხის მწამებლებთან და კაცისმკვლელებთან საერთო ბიზნესის აყვავებას, ახალაიას სისხლისმსმელი ზონდერების აღზევებას და კიდევ ბევრ უსამართლობას, რომელიც ადგილობრივად წყდებოდა და რომ გასკდნენ, „გლობალური ომის პარტიას“ ვერ „შეტენიანიან“, თუ ნამეტანი პრიმიტიული „ქოცი“ არ ხარ. არც გავიგებ, რადგან სხვა ახსნა არ აქვს – ხუშტურები და მერკანტილური ინტერესები!

ხელიდან გაშვებულ უამრავ შანსზე ნერვები მეშლება, განვიცდი, რომ უსამართლობაში გავიდა ცხოვრება, ადამიანების მიმართ იმედგაცრუებას ჭკუიდან გადავყავარ, ბევრი რამ მენანება, მაგრამ ვიცი, რომ რეალობას ვერ შევცვლით, წარსულს ვერ დავაბრუნებთ, ხოლო მომავალზე გავლენის მოხდენა ნამდვილად შეგვიძლია. მე ვერ განვჭვრეტ რა იქნება მერე, მაგრამ ის ვიცი, რომ ბოღმამ, თუნდაც სამართლიანმა, არ უნდა დამაბრმავოს.”– წერს რუსუდან შარაძე.

სხვა ამბების წაკითხვა