58 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა მსახიობი ბესო მეგრელიშვილი. ინფორმაცია გაავრცელა მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა.
“31 მარტს და 1 აპრილს სპექტაკლები ითამაშა, ხუმრობანარევად წაიწუწუნა – რაღაც ვერ ვარ კარგადო, წნევები შემომეჩვიაო”- წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი.
ბესო მეგრელიშვილმა 1985 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი (პროფ. ლილი იოსელიანის კლასი). ინსტიტუტის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
პირველივე სპექტაკლში “ბედნიერი ბილეთი” მიიქცია საზოგადოებისა და თეატრმცოდნეების ყურადღება. შალვა გაწერელიას თეატრიდან წასვლის შემდეგ, მუშაობა განაგრძო სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში, რეჟისორ ალექსანდრე ქანთარიასთან. სწორედ მასთან ტანდემში შექმნა გამორჩეული, დასამახსოვრებელი მხატვრული სახეები სპექტაკლებში: “დემეტრე მეორე”, “კარს იქეთ”, “შავი კატა”, “ტაძარი”, “ხედი ხიდიდან” და მრავალი სხვა, ხოლო სპექტაკლში “ლაბირინთი” ბაბილას როლის შესრულებისათვის საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.
ბესო მეგრელიშვილი ცალკეულ სპექტაკლებს თამაშობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, აგრეთვე მეტეხის, რუსთავის, თავისუფალ, სამეფო უბნის თეატრებში, თეატრალურ სარდაფში.
2002 წლიდან კვლავ მოზარდ მაყურებელთა თეატრს დაუბრუნდა. მონაწილეობდა სპექტაკლებში: “ბარონი მიუნჰაუზენი” – მიუნჰაუზენი, “რომეო და ჯულიეტა” – ჰერცოგი, “ტრამალთა რისხვა” – ბილი, “მგზნებარე შეყვარებული” – ბარნი ქეშმენი, “მე ვხედავ მზეს” – ლუკაია, “მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები” – მწერალი, “სიმარტოვე” – ლუკა და მრავალი სხვა. უკანასკნელად ამ რამდენიმე თვის წინ პანტალონეს როლი შეასრულა სპექტაკლში “ჭორიკანა ქალები”.
ბესო მეგრელიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა კინემატოგრაფისტებთან. გადაღებულია ფილმებში: “მეტიჩარა”, “უძინართა მზე”, “შეყვარებული კულინარის 1001 ეფექტი”, “თბილისი-თბილისი” და სხვა, ტელესერიალებში: “ჩემი ცოლის დაქალები”, “ყავა და ლუდი”, “ჩვენი ოფისი”, “ჩიფსების თაობა”, “კლინიკა” და სხვა
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს