ვეკითხები ჩვენს დასავლელ მეგობრებს, მე რომ მეუბნებით, შეწყვიტე რუსეთთან ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას?! თქვენ რატომ არ აჩერებთ ვაჭრობას?! შარშან 300 მილიარდი რატომ მისცეს რუსეთს?! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„აგვისტოს ომის შემდეგ, ანუ ჩვენთან აქ რომ დაინგრა, ხალხი დაიღუპა, დავკარგეთ ტერიტორიები, არაფრის გადახედვა არ მოხდა არავისგან, პოლიტიკა გაგრძელდა ისე, როგორც იყო და თუ გაინტერესებთ, რა ღირებულების საქონელი შეიძინა მაგალითად რუსეთისგან ევროკავშირმა? 2,5 ტრილიონი დოლარის ღირებულების, 2 ტრილიონ 500 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა ომის შემდეგ, რა სანქციებზეა საუბარი?! ესე იგი, ჩვენი ტერიტორია რომ არის ოკუპირებული დღეს და ომი რომ გვქონდა, ამაზე არავინ არაფერი არ გააკეთა, არც სანქციები არ დააწესა, ჩვენ ეს უნდა მოგვეთმინა. მე ასევე მახსოვს, 2019 წელს, როცა ფრენები შეაჩერა რუსეთმა, მაშინ გამოდიოდა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ევროკავშირი, მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ აღადგინე ფრენებიო.
დღეს, მესმის, ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინას და უკრაინელებს, ძალიან მინდა და ყველას გვინდა, რომ ეს უბედურება დასრულდეს მალე, უკრაინაში რადგანაც არის ომი და ეს უბედურება, ამის გამო თურმე ჩვენ უნდა ჩავყვეთ, გავნადგურდეთ, ომი უნდა იყოს, მეორე ფრონტი უნდა იყოს, ჩვენი ქალაქები დაიბომბოს, გასწორდეს, პოლიგონად გადაიქცეს და ჩვენს ხალხს არ უნდა მიეცეს ამოსუნთქვის საშუალება?! ლოგიკა სად არის?! როცა მე ვეკითხები ჩვენს ევროპელ, დასავლელ მეგობრებს, რომ აი ამას თქვენ რომ მეუბნებით მე, შეწყვიტე ვაჭრობა, ეკონომიკა, ფრენები არ განაახლო, თქვენ რატომ არ აკეთებთ ამას?! თქვენ რატომ არ აჩერებთ ვაჭრობას?! შარშან 300 მილიარდი რატომ მისცეს რუსეთს?! კითხვა მაქვს ძალიან მარტივი, როგორც მოქალაქეს, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი.
ჩვენ რომ გვეუბნებიან, რომ არ იფრინოთ, ვაჭრობა არ გინდათ, ამით დაიწყებენ, ჯერ იტყვიან, რომ არ იფრინო. რატომ არ უნდა ვიფრინოთ? ეს არის ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურისტები არ გვინდა? მერე გვეტყვიან ალბათ, რომ ტურისტები არ შემოვუშვათ და არ მინდა გავაგრძელო. მე მგონი, ჩვენი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. აი, ეს არის მთავარი მიზანი. ამ გზაზე ჩვენს ხალხს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მცდელობა იქნება, მაგრამ მე მჯერა, რომ ღმერთის დახმარებით ჩვენ ამ გზას მშვიდად გავივლით და გავიყვანთ ქვეყანას სამშვიდობოს“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს