მწერალ ალეკო შუღლაძის პოსტი სოციალურ ქსელში:
“დიდი ხანია ასეთ მდგომარეობაში არ ვყოფილვარ: ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს კურსი საერთოდ აცდენილია ჩემს სურვილებს.
ასეთ წვალებას მხოლოდ კომუნისტური წყობილების დროს განვიცდიდი – ისინი აკეთებდნენ იმას, რაც უნდოდათ (და ასევე წინა ხელისუფლებას დაეწყო ეს კოშმარული სინდრომი და რის ვაი-ვაგლახით გადაილახა, მაგრამ თურმე სად ხარ).
მე მინდა ევროპაც და მინდა აღმოსავლეთიც. ორივე მიყვარს. ხან ეს, ხან ის – მათი კულტურითა და გამოცდილებით მე ვივსები. ორივე პოლუსი მიყვარს, დიდი არჩევანის საშუალებას ვაძლევ მთავრობას…
ასეთი ფართო მიმართულებები გვაქვს, ამათ კი მოსკოვში მივყავარ! არ მინდა მოსკოვი! დღეს არ მინდა! არ მინდა დღეს რუსეთი! მოწამლულია იქაურობა. არ მიყვარს ლავროვი! ბლიაძ! ინდოეთში ჩავიდა და იქაც დასცინეს და დაუსტვინეს.
ვერაფერს ვაკეთებ. ამ წუთას სახელმწიფოს გარეშე ვარ. ვერაფერს ვირჩევ, დემოკრატიის გინებას დავიწყებ მალე!
ჩემი მეგობრები, ბევრი მათგანი, მეც მათ შორის, უმუშევრები ვართ… თქვენც თქვით, გამოტყდით, რომ გაგიჭირდათ. მე ვხედავ ამას.
ევროკავშირამდე შეიძლება ავტომობილმა გაგვიტანოს, წითლებზე გადი-გამოდიან, შეიძლება წამლის ფული არ გქონდეს და ინსულტმა სახე მოგიღრიცოს.
და ამ დროს ბარნაულში მეპატიჟებიან ისე, რომ არც კი მეკითხებიან. არავინ ვარ. სად ვცხოვრობ, ვერ ვხვდები. გამოჭერილი ვარ, დამწყვდეული, შებორკილი.
ნორმალურ სახელმწიფოს კურსი ასე რადიკალურად რატომ უნდა ეცვლებოდეს? ქვეყნის მოსახლეობის 60 პროცენტმა (პირობითად) რატომ უნდა დაისახოს მიზნად სიქთივკარში ცხოვრება (არც კი ვიცი, როგორ იწერება – სიკტივკარი…). უფაში რა უნდა ვაკეთოთ? თქვენ რანაირი ჩემი თანამემამულენი ხართ, როცა პერმი ედინბურგს და დუბლინს გირჩევნიათ? რატომ არ ვართ უფრო მეტნი ისინი, ვისაც ბერლინი გვირჩევნია ორიოლს. ვისაც მუშაობა გვინდა, დალაგებული ცხოვრება გვიყვარს და არა მღვრიე წყალში და სხვის ჯიბეებში ხელის ფათური და ბომჟობა და ყრილობები და 200 გრამ კარაქზე გაცვლილი თავისუფლება და დამპალი ჩებურეკები. გუდრონის დედა ვატირე!
მოკლედ, როგორც ვხვდები, ჩემი სამშობლო მალე სურგუტი იქნება და მინდა, მანამდე მოვასწრო და ისტერიულად, თუ გნებავთ, ისტორიულადაც კი დავიწივლო:
„ძირს ნახერხიანი და ნავთიანი სკოლები! ძირს 72%-იანი ქონის საპონი! ძირს დაჭრილი ფილმები! ძირს შავი პური, რომელშიც თაგუნა ვიპოვე! ძირს საბჭოთა ბატონჩიკი ნაყინი, გაყინული წყალი! ძირს ჯინსებზე და ჟუვაჩკაზე ნძრევა!“ – წერს ალეკო შუღლაძე.