ბოლო ამბები
მაისი 27, 2024

მე მივხვდი, რომ როგორც პატიმარს, გადამწყვეტი როლი მაქვს შესასრულებელი საქართველოს მომავალში – მიხეილ სააკაშვილი

აგვ21,2023
გაზიარება

“მე მივხვდი, რომ როგორც პატიმარს, რომელსაც აქვს შეზღუდული კონტაქტი გარე სამყაროსთან, გადამწყვეტი როლი მაქვს შესასრულებელი საქართველოს მომავალში”– ამის შესახებ საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, რომლის სტატიაც გამოცემა ‘Newsweek”-ში გამოქვეყნდა.

“მე ვარ ქართველი პოლიტპატიმარი. ჩემი სიკვდილი კრემლთან ჩახუტებას ნიშნავს – მიხეილ სააკაშვილი

ერთ წელზე მეტია, ჩემი ცხოვრება ოთხ კედელს შორის გადის, ციხეში ვარ იმ ქვეყანაში, რომელიც ერთხელ, როგორც მისმა პრეზიდენტმა წარმატებამდე უკვე მივიყვანე. მოწამლულმა, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლმა და მზის შუქს მოკლებულმა, ამ დროის უმეტესი ნაწილი ავადმყოფობაში გავატარე. როგორ მოხდა ეს?

2021 წელს მე უკრაინაში პოსტ-პრეზიდენტობით ვტკბებოდი: ლამაზი სახლი, სამსახური პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციაში, ჩემი ოფისით, რომელიც მისი ოფისის თავზე მდებარეობდა.

მისი რეფორმების ოფისს ხელშესახები შედეგებით ვხელმძღვანელობდი: ანტიოლიგარქული კანონით, ახალი სამშენებლო კოდექსით და სხვადასხვა ანტიკორუფციული რეფორმებით. მე უშუალოდ მოვახსენებდი პრეზიდენტს და მისი ადმინისტრაციის ნიჭიერ უფროსს, ანდრეი ერმაკს.

მე ვიყავი ერთადერთი პოლიტიკოსი ისტორიაში, რომელსაც წარმატებული პოლიტიკური კარიერა ორ ქვეყანაში ჰქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი საქართველოში ჩემი წარმატების დამსახურებაა.

ჩემმა რეფორმებმა, როგორც საქართველოს ლიდერმა 2004-დან 2012 წლამდე გავატარე, ჩემი მშობლიური ქვეყანა შეუმდგარი ქვეყნიდან დემოკრატიულ სახელმიფოდ აქცია. კორუფცია თითქმის აღარ არსებობდა, რაც შესამჩნევი გარღვევა იყო იმ პერიოდის შემდეგ, როდესაც საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოდ ითვლებოდა.

2008 წელს ჩვენ გადარჩენისთვის ვიბრძოდით რუსეთის წინააღმდეგ ომში, რომელიც ჩვენს დაპყრობას აპირებდა და ქართული სახელმწიფო გადარჩა.
პირველად რეგიონის ისტორიაში, 2013 წელს მე დემოკრატიულად გადავეცი ხელისუფლება ახალ მთავრობას.

მაგრამ საქართველოს უკანმოუხედავად მიტოვება არ შემეძლო. აშკარა იყო, რომ ჩემი მემკვიდრეობა განსაცვიფრებელი სისწრაფით იშლებოდა. პრაქტიკულად ყველა ინსტიტუცია, რომელიც მე ავაშენე, ნადგურდებოდა; ჩვენი ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტები ჩაიშალა, ან საერთოდ შეჩერდა.

მიმაჩნდა, რომ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც დააფუძნა ამჟამინდელი მმართველი პარტია, სახელმწიფოს თავის საფეოდალოდ აქცევდა. რაც ყველაზე ცუდია, ის საქართველოს დასავლეთს აშორებს და რუსეთის გავლენის სფეროდ აქცევს.

მიუხედავად იმისა, რომ მე იმედი მქონდა, რომ ავაშენებდი ქვეყანას, რომელიც წაახალისებდა და გააძლიერებდა ახალ თაობას, სამწუხაროდ, დღეს ახალგაზრდები უწყვეტად ტოვებენ ქვეყანას, ხშირად სამუდამოდ.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში გადავედი, საქართველოს ხელისუფლებამ ჩამომაშორა ქართულ პოლიტიკას. მათ ჩამომართვეს მოქალაქეობა და იმედიც ჰქონდათ, რომ ჩემს წინააღმდეგ მათი ყალბი სისხლის სამართლის საქმეები უკან დაბრუნებისგან შემაჩერებდა. ვცდილობდი, დისტანციურად მებრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის, მაგალითად, ვიდეო ჩართვების საშუალებებით მივმართავდი დიდ აქციებზე შეკრებილ დემონსტრანტებს.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციას საქართველოში ზედიზედ ორი არჩევნები მოჰპარეს, ვეღარ გავუძელი შორიდან ჩემი ქვეყნის უმწეოდ დაცემის ყურებას.
საქართველოს კატასტროფული ვარდნის შეჩერების სურვილი დამეუფლა, რასაც თან ერთოდა ჩემი მშობლიური საქართველოს მიმართ აუტანელი ნოსტალგია. ღამით მე მტანჯავდა ოცნებები იმ ბინაზე, რომელშიც ბავშვობა გავატარე.

ამიტომ, როცა 2021 წელს ადგილობრივი არჩევნები მოახლოვდა, გადავწყვიტე წავსულიყავი რისკზე. მთავრობამ გარკვევით მითხრა, რომ თვითმფრინავით არ შემომიშვებდნენ. ამიტომ ფარულად ჩავჯექი სატვირთო მანქანაში, რომელსაც საქართველოში რძის პროდუქტები გადაჰქონდა.

ვიცოდი, რომ დამიჭერდნენ, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ეს არჩევნებიდან ერთი დღის შემდეგ მოხდებოდა. თუმცა, როგორც კი გავრცელდა ჩემი ჩამოსვლის ამბავი, მაშინვე დამატყვევეს და ციხეში გამომკეტეს.

პირველივე დღეს დავიწყე შიმშილობა. მალე თბილისში ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქცია გაიმართა.

ვფიქრობ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩემი დასჯა. ისინი ცდილობდნენ ჩემ გადაყვანას საქართველოში ყველაზე უარყოფითი სახელის მქონე ციხის საავადმყოფოს ფლიგელში, რომელიც სავსე იყო ორგანიზებული დანაშაულის მონაწილე, მოძალადე ელემენტებით, რომლებიც ჩემი მმართველობის დროს დააპატიმრეს.
მე შეძლებისდაგვარად გავუწიე წინააღმდეგობა, მაგრამ დაცვამ ძალით გამათრია დერეფნებში, როცა გავეშებული პატიმრები საკნებიდან ჩემს სახელს ყვიროდნენ და სიკვდილით მემუქრებოდნენ.

10 დღე ვიჯექი ამ „საავადმყოფოში“, ტელევიზორის გამორთვა არ შემეძლო, რადგან სხვა პატიმრებისგან ჩემი დაშინებისკენ მიმართული ღრიალი მესმოდა. მძიმედ ავად გავხდი. მოგვიანებით, ამერიკელმა ექიმებმა, რომლებიც ჩემთან საერთაშორისო ზეწოლის შედეგად შემოუშვეს, მითხრეს, რომ მოწამლული ვიყავი, რასაც საქართველოს ხელისუფლება უარყოფს.

საერთაშორისო ზეწოლის გამო, მთავრობამ საბოლოოდ გადამიყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში, სადაც ბოლო ერთი წელია ვიმყოფები. თუმცა, ჩემი ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაუარესდა.

საავადმყოფოში, მიუხედავად ჩემი ავადმყოფობისა, მე მქონდა დრო, რომ მეფიქრა, მეფიქრა იმაზე, რაც ვისწავლე ჩემი მძიმე მდგომარეობიდან. პატიმრობამდე ყოველთვის მოძრაობაში მყოფი ადამიანი ვიყავი. ჩემი აზრით, მე ვიყავი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და ჰიპერაქტიური პოლიტიკოსი – ალბათ მხოლოდ ზელენსკის შემდეგ.

ახლა პატარა, ჩაკეტილ სივრცეში ვზივარ. პატიმრობის პირველი 18 თვის განმავლობაში მზის შუქსაც ვერ ვხედავდი. ამ ყველაფერმა იმოქმედა ჩემს ცხოვრებისეულ შეხედულებებზე.

ბავშვობიდან სამყაროს ყოველთვის დიდი მასშტაბით ვხედავდი. ჯერ მოდიოდა მსოფლიოს მდგომარეობა, ეროვნული მისწრაფებები, ისტორიის მსვლელობა. პირადი ცხოვრება ყოველთვის ბოლო ადგილზე იდგა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ადამიანების უმეტესობა სხვანაირად ხედავს ყველაფერს.

ჩვეულებრივი ადამიანისთვის, მათი მთავარი საზრუნავი შეიძლება იყოს სამსახურის დაკარგვა, ოჯახის წევრის ჯანმრთელობა, ან იღებს თუ არა მათი შვილი სკოლაში კარგ შეფასებებს. ჩვეულებრივი ადამიანისთვის, გრანდიოზულ გეგმებს, როგორც ასეთი, არ აქვს მნიშვნელობა.

ცხოვრებაში პირველად, 50 წლის გადაბიჯების შემდეგ, ვაფასებ ჩემი ოჯახის მნიშვნელობას. როდესაც პოლიტიკა მთელი ჩემი ცხოვრება იყო, მე მიყვარდა ჩემი ოჯახი, მაგრამ ქვეცნობიერად მათ უფრო დიდი მისწრაფებების შემაფერხებლად ვთვლიდი.

ახლა, ჩემი მთავარი აზრები ხშირად არ არის ახალი ამბები, რომლებსაც ტელევიზორში ვხედავ, არამედ ის, თუ რამდენად კარგად მიმდინარეობს ჩემი თინეიჯერი ვაჟის საზაფხულო ენის კურსი. ჩემი მოწამვლის შემდეგ დედაჩემს ყოველდღიურად მოაქვს საკვები საავადმყოფოში. ჩვენს ყოველდღიურ საუბრებში ჩვენ განვავითარეთ ისეთი დედაშვილური კავშირი, როგორიც არასდროს გვქონია, მაშინაც კი, როცა პატარა ვიყავი.

მოკლებული ჩემი ძველი ცხოვრების კომფორტს, მოვედი იმ იაფფასიან ჩაიმდე, რომელსაც ვსვამ საავადმყოფოს ოთახში პლასტმასის ჭიქიდან,

სახლში მომზადებულ უბრალო საკვებს, რომელიც დედაჩემს მოაქვს, მზის შუქი, რომელსაც დილით ჩემი პატარა გისოსებიანი ფანჯრიდან ვხედავ. ეს ყველა გაკვეთილი წამყვება მაშინაც კი, როცა თავისუფლებას მივაღწევ.

ერთი წლის წინ იყო დრო, როცა ჩემი ჯანმრთელობა მკვეთრად უარესდებოდა და სიკვდილი გარდაუვალი იყო, როცა ვნანობდი საქართველოში დაბრუნებას. მეგონა, თუ ამ განსაცდელს გადავურჩებოდი, თავისუფლების გემოს თუ კიდევ გავიგებდი, სამუდამოდ დავტოვებდი ქართულ პოლიტიკას.

მაგრამ მაშინაც კი, როცა ვცადე ქართული პოლიტიკისთვის ზურგი მექცია, ქართული პოლიტიკა ისევ ჩემთან ბრუნდებოდა. მე მივხვდი, რომ როგორც პატიმარს, რომელსაც აქვს შეზღუდული კონტაქტი გარე სამყაროსთან, გადამწყვეტი როლი მაქვს შესასრულებელი საქართველოს მომავალში, როლი, რომელსაც უბრალოდ ვერ დავტოვებ.

ევროპარლამენტის პოლონელმა დეპუტატმა რადეკ სიკორსკიმ პირდაპირ განაცხადა: „თუ პრეზიდენტი სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, ასევე მოუვა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასაც“.

ვისურვებდი, რომ სხვაგვარად ყოფილიყო, მაგრამ ვშიშობ, რომ ის შეიძლება მართალი იყოს.

ჩემი სიკვდილი ნიშნავს საქართველოში არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის დაკარგვას, არამედ ეს იქნება ის დღე, როდესაც საქართველოს მთავრობამ უარყო ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი და გადაეხვია კრემლს.

დღეს ჩემი გადარჩენისთვის ბრძოლა იგივეა, რაც უკრაინის ბრძოლა, იგივეა რაც საქართველოს ბრძოლა.

ასე რომ, ახლა ჩემი ყველაზე დიდი ამბიცია აღარ არის ახალი ქალაქების აშენება, ქვეყნის ინსტიტუტების რეფორმა ან არჩევნების მოგება. ჩემი მიზანი ახლა ცოცხალი დარჩენაა.

იმიტომ, რომ სანამ გადავრჩები, თუნდაც ამ პირობებში, იმედისა და გამძლეობის გზავნილს ვუგზავნი მათ, ვინც იბრძვის ამ კედლების მიღმა, შეინარჩუნონ დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველო და წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის იმპერიულ ამბიციებს აქ, უკრაინაში და ყველგან.

ტელევიზიით ვხედავ საოცარ პრეზიდენტ ზელენსკის. მე ვხედავ კიევის მაცხოვრებლებს, ვხედავ უკრაინელ ლიდერებს, რომლებმაც გადაარჩინეს თავიანთი ქვეყანა და მიიყვანენ მას გამარჯვებამდე.

მე ვიცი, რომ ციხეში რომ არ ვიყო, იქ ვიქნებოდი, იმ ტელესტუდიებში, იმ შეხვედრების ოთახებში, გეოპოლიტიკის ფრონტზე და მნიშვნელოვანი ცვლილებების სადარაჯოზე. ის, რომ მე არ შემიძლია მოქმედება, ჩემი ყველაზე დიდი სასჯელია.”- წერს სააკაშვილი სტატიაში, რომლის ქართულენოვანი ტექსტის სააკაშვილი ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

სხვა ამბების წაკითხვა