ბოლო ამბები
07/02/2025

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ კელი დეგნანს გაწეული საქმიანობისთვის – გიორგი ვაშაძე

გაზიარება

“მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ კელი დეგნანს გაწეული საქმიანობისთვის”- წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

“ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული ყველა იმ საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში, რაც ჩვენს ქვეყანას აწუხებდა. მისი ელჩობის პერიოდში, აშშ-ს მხრიდან არაერთი პროექტი განხორციელდა სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, დემოკრატიის განვითარებისა და ამერიკული ინვესტიციების შემოსვლის კუთხით.

მინდა განსაკუთრებით ხაზი გავუსვა კოვიდის პერიოდში მის აქტიურ ჩართულობას. რომ არა მისი მუშაობა, კიდევ უფრო დაგვიანდებოდა საქართველოში ტესტებისა თუ ვაქცინების მოწოდება. კოვიდის პანდემიის დროს, საქართველომ ასობით მილიონის დახმარება მიიღო ჩვენი ამერიკელი და დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რაშიც დიდია ელჩი დეგნანის როლი.

ქალბატონი დეგნანი არაერთგზის შეეცადა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ წაეყვანა პროცესები, მაგრამ როდესაც მეორე მხარეს გყავს რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება “ქართული ოცნების” სახით, ამერიკის ელჩი ვერაფერს გახდება.

ჩვენ რომ პატრიოტი ხელისუფლება გვყოლოდა და არა რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, დარწმუნებული ვარ, კელი დეგნანთან ერთად ხელს მოვაწერდით აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და აშშ-დან კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას შემოვიტანდით.

პატრიოტი ხელისუფლების პირობებში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის კუთხითაც გაცილებით მეტი შესაძლებლობები გვექნებოდა. ელჩი ნამდვილად უკან არ დაიხევდა და მხარს დაუჭერდა ნებისმიერ ინიციატივას საქართველოს უსაფრთხოების გაზრდის მიმართულებით.

სამწუხარო რეალობაა ის, რომ ამერიკის ელჩი უფრო მეტად ზრუნავდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ამ წლების განმავლობაში, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა.

დიახ, სამწუხაროდ, საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებსაც უნდათ შეაფერხონ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და პირდაპირ რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში არიან ჩაბმული. ეს ძალა არის “ქართული ოცნება”, რომლისგანაც იმართება თავიდან ბოლომდე რუსული დეზინფორმაციული და ანტიდასავლური კამპანიები. პირადად ქალბატონი კელი დეგნანიც არაერთხელ იყო თავდასხმის ობიექტი ღიად “ქართული ოცნების” წევრების, მათ მიერ მართული ტროლ-ბოტებისა და სატელიტების მხრიდან.

მასზე ეს შეურაცხმყოფელი თავდასხმები ხდებოდა ერთადერთი რამის გამო, რომ ის იბრძოდა რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და გვეხმარებოდა საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში.

რომ არა კელი დეგნანი და საელჩოს აქტიური მუშაობა, აშშ-თან საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო ცუდ და მძიმე ვითარებაში იქნებოდა. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში გყავს ძალა ღარიბაშვილ-კობახიძე-ივანიშვილის დაჯგუფების სახით, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო მტრად აქციოს.

ქალბატონ ელჩს მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ მიუხედავად “ქართული ოცნების” მხრიდან მასზე პერსონალური თავდასხმებისა, ის ყველაფერს აკეთებდა საქართველოს და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაუმჯობესებისა და გაძლიერებისთვის. როგორც კი მოვიცილებთ რუსულ „ქართულ ოცნებას”, ის დიდი პერსპექტივები და შესაძლებლობები რომელსაც ეს სტრატეგიული პარტნიორობა იძლევა, რეალური გახდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის.”– წერს ვაშაძე.

სხვა ამბების წაკითხვა