თინა ხიდაშელს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აშფოთებს.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ჩინეთში, სადაც პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას ითქვა საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე.
ჩინეთთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი და საჭიროა. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც კარგია. რაც მეტი იქნება ჩვენი ექსპორტი უკეთესი, თუმცა ძვირადღირებულ ბაზრებზე რომ გავიტანოთ პროდუქტი და მეტი ძალისხმევა ამაში ჩავდოთ ყველასთვის უფრო სასარგებლო იქნება.
თუმცა სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად სხვა საკითხია და ნებისმიერ ქვეყანასთან ამგვარი გადაწვეტილების მიღების დროს პირველ რიგში საკუთარი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოების რისკები უნდა გაიწეროს.
სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს პარტნიორობას ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით, შეზღუდვების და აკრძალვების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ქსი შეხვედრაზე თანასწორთა პარტნიორობაზე საუბრობდა, გვესმის ალბათ რას ნიშნავს საქართველო – ჩინეთის თანასწორობა, როდესაც აგერ რუსეთი პრაქტიკულად კლიენტ-სახელმწიფოდ იქცია, ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანა ვალებში ისე დაახრჩო რომ ვალის სანაცვლოდ სტრატეგიულ ტერიტორიებს უთმობენ, აფრიკის ქვეყნებზე საუბარზე არც კი ღირს დროის ხარჯვა იმდენად კაბალური და უმძიმესია მათი მდგომარეობა.
ჩინური სააგენტოების მიხედვით, ყველაფერი გადაწყვეტილია, ხელი ჩამოართვეს და დღესვე გამოაცხადებენ სტრატეგიულ პარტნიორობას.
ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ჭრილში თუ შევხედავთ მოცემულობას ბუნებრივად უნდა გაგვიჩნდეს მარტივი კითხვები?
1. ჩინეთთან სამხედრო თანამშრომლობა (და სტრატეგიული პარტნიორობა ამასაც მოიცავს), მაშინ როცა ნატოს ეს ქვეყანა რუსეთთან ერთად ერთ~-ერთ მთავარ საფრთხედ ჰყავს გამოცხადებული როგორ წარმოუდგენიათ?
2. ჩინეთის სრული მხარდაჭერა და გაყოლა ყველა პროექტში, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიან და ჩვენ კი იმავდროულად ევროკავშირში მივდივართო გავიძახით როგორ ეთავსება ერთმანეთს?
3. დღეს, როდესაც ევროკავშირისგან პოზიტიური გადაწყვტილების მიღებისთვის უნდა იყოს ყველა ძალისხმევა მობილიზებული, ჩინეთში მეასეხარისხოვან ღონისძიებაზე ამხელა დელეგაციით წასვლა (არ დაგავიწყდეთ გუშინ ნატოს სამიტზე არ ვიყავით ამ რანგით წარმოდგენილი) და იქიდან იმგვარი პოლიტიკური განცხადებების კეთება, რომელიც სრულიად პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად წინააღმდეგობაშია ევროკავშირის პოზიციებთან და სტრატეგიულ დოკუმენტებთან რა მესიჯია? გვიმრავლებს თუ გვაკლებს მხარდამჭერებს ევროკავშირში? რას ემსახურება?
4. არსებობს ქვეყანაში რისკების დოკუმენტი, რომელიც საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს? და ვინმემ დათვალა, გააანალიზა და შესაბამისიდ პარლამენტსა და პრეზიდენტს გაუზიარა რისკები, რომელიც საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას მოჰყვება?
5. იმას რომ არ ესმის ვიცი, მაგრამ დავიჯერო არავის გესმით “ოცნებაში”, რომ სტრატეგიულ პარტნიორობაში მყოფი ქვეყნისთვის “Georgia firmly upholds the one-China policy” მუდმივი ძახილი, იმაზე მეტია ვიდრე განცხადება?
და ხვალ რომ ტაივანს დაესხას თავს ჩინეთი როგორ პოზიციონირებს საქართველო?
ვიცი რიტორიკული შეკითხვაა, ჩვენ უკრაინის სახელმწფოებრივი გულშემატკივრობაც კი ვერ შევძელით სათანადოდ და ეს ჩემი კითხვა სასაცილოდ ჟღერს ალბათ, მაგრამ დიპლომატიაში და საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაფერი სიტყვები და განცხადებებია.
კიდევ ერთხელ, აქ საუბარი არ არის პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე, საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს ჩინეთის სურვილის შემთხვევაში სამხედრო თანამშრომლობას, inteligence-sharing…
არ დაგვავიწყდეს ეს იგივე ჩინეთია, ორიოდე დღის წინ (25 ივლისს) შოიგუსთან ერთად ჩრდილოეთ კორეაში ამერიკული აგრესიის წინააღმდეგ 70 წლიანი ბრძოლის ცერემონიას რომ ესწრებოდა, უკრაინის ომზე და ახლახან მოსკოვში ვიზიტზე აღარაფერს მოგიყვებით, იმედია იცით.
ამასობაში არ დაგავიწყდეთ ანაკლიის ბედი წყდება სწორედ ამ კვირებში.
P.S. ეს ჩინეთში დახვედრაა. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას რომ ბურუნდის, მავრიტანიის, გაიანას პრეზიდენტებსაც ასეთი ჭეშმარიტად კომუნისტურ-პიონერული დახვედრა მოუწყვეს, მაგრამ სახეზე აღბეჭდილი კმაყოფილება შემზარავია”– წერს თინა ხიდაშელი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს